კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა აქციებთან დაკავშირებული ჯარიმების ამნისტიის კანონპროექტს

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივას აქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმების შესახებ.

ფრაქციის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გამოწერილი ჯარიმების გაუქმებაა. ეს მუხლი შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კანონპროექტი კომიტეტის წინაშე სოფიო ხორგუანმა წარადგინა.

„[ასკ-ის 174-ე პრიმა მუხლი] არის მუხლი, რომელშიც ძალადობრივი ქმედებები არ იგულისხმება, მე ვითხოვ ამ მუხლის ამნისტიას“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

წარდგენის შემდეგ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მას ჰკითხეს, „მიაჩნია თუ არა, რომ ნოემბერ-დეკემბრისა და 4 ოქტომბრის აქციები იყო ძალადობრივი და გმობს თუ არა ძალადობას“. განხილვის ძირითადი ნაწილი ამ საკითხის გარშემო დებატებს დაეთმო.

„ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, ამნისტიას შეიძლება ჰქონდეს ორი გამოსავალი – ადამიანი „დაადგეს გამოსწორების გზას“ ან დარღვევის განმეორების რისკი შეიქმნას. იონათამიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები შეგნებულად არღვევენ კანონს და ახალისებენ ძალადობას. მან სოფო ხორგუანს ჰკითხა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას შესაძლო რისკზე.

„თქვენი ინიციატივა არის პირდაპირი წახალისება დანაშაულის“ , – თქვა რატი იონათამიშვილმა.

„ოცნების“ დეპუტატის საპასუხოდ სოფო ხორგუანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ამნისტიას თან ახლავს პასუხისმგებლობაც და ამ პასუხისმგებლობას დეპუტატები ინაწილებენ. მისივე თქმით, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ვალდებულება არ აქვთ, „მონანიების წერილი“ დაწერონ.

კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევაა პიროტექნიკის გამოყენება, ნიღბით სახის დაფარვა, რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ა.შ.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები სამართალდარღვევას მიზანმიმართულად ჩადიან, რაზეც მათი მრავალი ჯარიმა მეტყველებს.

„თქვენ გინდათ, მიზანმიმართულად არაერთხელ სამართალდამრღვევს ჯარიმა ჩამოაწეროთ. თქვენ თვითონ გიწერიათ, ჯარიმის და ნებისმიერი ადმინისტრაციული სახდელის მიზანი არის პრევენცია. ეს მიზანი ვერ შეასრულა კანონმა და ამიტომ დაგვჭირდა, კიდევ ერთხელ გაგვემკაცრებინა პასუხისმგებლობებიც. ახლა გამობრძანდით და ჯერ ხომ გქონდათ ძალადობრივი აქციის მომწყობებს ფონდები შექმნილი, რითაც ჰპირდებოდით ადამიანებს, დაარღვიეთ კანონი… თქვენ ამ კანონპროექტით იმ ფონდებსაც უბრუნებთ თანხას. ე.ი. თქვენ გაქვთ მიზანი, რომ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, რომლებიც ჯარიმების გადასახდელად იყო მიმართული, უკან დაუბრუნოთ… ვერანაირად ვერ დავუშვებთ, წახალისებული იყოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ და მის ბედს კენჭისყრა გადაწყვეტს. თუ ინიციატივა უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მისი განხილვა შეწყდება.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

გახარიას პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომელთაც 2026 წლის 1 მარტამდე ასკ-ის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრათ ჯარიმა და რომელთა მიმართაც სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა ან რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, თუმცა ის პირს უკან დაუბრუნდება.

კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ეს ამნისტია იქნება როგორც სოციალურ-ეკონომიკური შეღავათი დაჯარიმებულთა ოჯახებისთვის, ასევე „მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორად გახლეჩილი საზოგადოების ინტეგრაციისთვის“.

კანონპროექტის წარმდგენმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ საუბარია, დაახლოებით, 7810 ჯარიმაზე.

რა გავლენა ექნება ჯარიმების ამნისტიას ბიუჯეტზე – განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზუსტი ფინანსური მაჩვენებლის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, რადგან შსს და ფინანსთა სამინისტრო არ აწარმოებს მონაცემთა კლასიფიკაციას 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების და ბიუჯეტში შესული თანხის მიხედვით.

„ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კლება ნომინალურია. ვინაიდან ჯარიმების მოცულობა ხშირად აღემატება მოქალაქეთა საშუალო თვიურ შემოსავალს, აღნიშნული დავალიანებები დიდწილად განეკუთვნება „რთულად ამოსაღებ“ კატეგორიას. შესაბამისად, ბიუჯეტი რეალურად კარგავს არა გარანტირებულ შემოსავალს, არამედ თეორიულ მისაღებ დავალიანებას“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევას არეგულირებს.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებიდან მუხლის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, გამკაცრდა ადმინისტრაციული სახდელებიც.

ბოლო პერიოდის პრაქტიკა აჩვენებს, რომ რუსთაველის უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მიმართ ყველაზე ხშირად ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამ მუხლის მე-10 ნაწილით იწყება, რომელიც საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას, ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას და აქციაზე სახის დაფარვას მოიცავს.

კოდექსში 2025 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით, ამ ნაწილის დარღვევა უალტერნატივოდ 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით დარღვევა კი – სისხლის სამართლის წესით ერთ წლამდე პატიმრობას.

სახდელის სახით მხოლოდ პატიმრობის შემოღებამდე ეს დარღვევები 5000-ლარიან ჯარიმასაც ითვალისწინებდა.