საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით ძვირდება

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან ელექტოენერგია გაძვირდება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის – როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის.

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით ძვირდება.

თუ აქამდე დედაქალაქში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20.041 თეთრამდე გაეზრდებათ.

101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე გაიზრდება.

სემეკის გადაწყვეტილებით, 5 თეთრით იზრდება სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებშიც. 

რეგიონებში იმ მომხმარებლებს, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731-დან 19.731 თეთრამდე ეზრდებათ.

101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.707 თეთრიდან 23.707, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე გაიზრდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარ გააკეთა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, ტარიფის ზრდის მიზეზია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე.

„მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაიზარდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, ძაბვის საფეხურების მიხედვით – 4-დან 6 თეთრამდე.

ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე.

გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს. ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა – უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები, აქედან გამომდინარე მოსახლეობა იქნებოდა უფრო მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი.

სწორედ ამიტომაც, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება”, – თქვა დავით ნარმანიამ.


2025 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ  ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დააანონსა.

29 დეკემბერს სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილების 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით და დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებდა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მაშინ დავით ნარმანიამ თქვა, რომ არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ესენია: კომპანიების თხოვნა, დაუზუსტებელი ბალანსები და კონსულტაციები მთავრობასთან.

29 დეკემბრის სემეკის სხდომის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ბუნებრივ აირზე უცვლელი ტარიფი 1 წლის განმავლობაში დარჩება – 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.