ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის აქციების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით დევნა არცერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა.
მათ შორის, არ დაწყებულა არც იმ ორ ეპიზოდზე, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები დაფარული არ ჰქონდათ.
ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტია. 2024 წლის 10 მაისს სოციალურ ქსელში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ი.წ-ს მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა.
კადრებში ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პოლიციელი სახით ჩანდა და მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო.
სახალხო დამცველმა კადრების გავრცელების შემდეგ სპეციალურ სამსახურს მიმართა რეაგირებისთვის და შემდეგ მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე საგამონაკლისო წვდომა მოითხოვა, რაც დააკმაყოფილეს.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების კვალიფიკაციით დაიწყო.
საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ომბუდსმენმა კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ წინადადებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ ი.წ-ს მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება არ ყოფილა, არამედ ადგილი ჰქონდა თვითნებურ ძალადობას, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემადგენლობას ქმნის.
2025 წლის ანგარიშში სახალხო დამცველი წერს, რომ საანგარიშო პერიოდში ორჯერ გამოითხოვეს ინფორმაცია საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებულ საქმეზე გამოძიება იმავე კვალიფიკაციით გრძელდება და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ხაზგასმით წერს, რომ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე თითქმის 2-წლიანი გამოძიების მიუხედავად, უწყებას კონკრეტული პირები არ გამოუვლენია და ამ დრომდე არცერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
2024 წლის აპრილ-მაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაზარალებულად 49 პირია ცნობილი.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირთა დადგენისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი პრობლემად რჩება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს დაწყებული საქმეების გამოძიების ნაწილშიც.
შსს-ს თანამშრომლების მხრიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაზარალებულად ცნობილია 105 პირი.
სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ დაწყებულა.
რას წერს სახალხო დამცველი 2024 წელს გამართული აქციების დროს აქციის მონაწილეთა მიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
ანგარიშში ომბუდსმენი წერს, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია იკვეთება.
მაგალითად, ზამთრის აქციების დაშლის პირველ დღეებში – 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 79.5%, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვლის შეხვედრებისას 25 პირიდან 22 (88%) აცხადებდა, რომ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.
როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი წერს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ასევე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური და ცალკეულ შემთხვევებში – მასშტაბური.
2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი.
მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 360 პირი (57.7%).
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%), ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 267 პირი (60%).
სახალხო დამცველმა 2024 წლის აპრილისა და მაისის საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ორ საქმეზე დაშვება მოიპოვა.
საქმეების გაცნობის შემდეგ ომბუდსმენმა კვალიფიკაციის შეცვლის წინადადებით მიმართა უწყებებს, რადგან მიიჩნია, რომ მომხდარი სისტემური არასათანადო მოპყრობის „უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით“კვალიფიცირება არ ასახავს მომიტინგეთა მიმართ გამოყენებული ძალადობის ხასიათს, ინტენსივობასა და მასშტაბურობას.
„გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმები, მეთოდები მათი გამოვლენის ხერხები, მსხვერპლში იწვევდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა თუ მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე პირის მიმართ, აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზნით ჩადენილი ძალადობა თავისი ინტენსივობის, ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებოდა.
მაგალითისთვის, ერთ-ერთ შემთხვევაში, მსხვერპლის მიმართ ხანგრძლივი სასტიკი ძალადობის გარდა, მისივე გადმოცემით, ადგილი ჰქონდა გდდ-ს წევრების მხრიდან მოხრჩობის გზით მკვლელობის მცდელობის იმიტაციას. აუტანელ ტკივილს თან ახლდა უმწეობის შეგრძნება, დამცირების განცდა და მძიმე სულიერი ტანჯვა. მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით, აპარატისთვის შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა.“