„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ანალიზს აქცეყნებს და ასკვნის, რომ “ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ პირველად უახლოეს პოლიტიკურ და სამართლებრივ ისტორიაში ღიად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ”.
უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 აპრილს, გამთენიისას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დაჩქარებულად, ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე გააძევეს…
საქართველოში აფგან სადიგოვის საქმეზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია და დაჩქარებული, ხელოვნურად შექმნილი პროცესები აჩვენებს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მაღალი კოორდინაციითა და ბოროტი განზრახვით მოქმედებდნენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემის და დასჯის მიზნით. დღეს კი აფგან სადიგოვი სრულიად დაუცველი და მისი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ძალიან მაღალი რისკების რეალობაში რჩება აზერბაიჯანში.
მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია შემდეგია:
2026 წლის 2 აპრილს აფგან სადიგოვისთვის და სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იცავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებებს, ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული გირაოსა და სხვა დროებითი ღონისძიებების, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა იმავე დღეს, 3 აპრილს დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ აფგან სადიგოვი გეგმავდა ჰუმანიტარული ვიზის პროცედურების დაჩქარებულად გავლას და მის ოჯახთან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მიღებული.
თუმცა, 3 აპრილის გადაწყვეტილებიდან ერთ დღეში, 4 აპრილს, გვიან ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო ჯგუფის ათობით თანამშრომელი მივიდა და ის ადგილზევე დააკავა. აფგან სადიგოვი იხსენებს, რომ დაკავების მანერა საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა აფგან სადიგოვის ადგილსამყოფელის დადგენას. ამ პროცესში, მათ შორის, ჩართული იყო საქართველოს სახალხო დამცველი. თუმცა მხოლოდ 2 საათის შემდეგ, ჩვენ დაგვიკავშირდა შსს-ს გამომძიებელი, რომელმაც გვაცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის ვინაობის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებული იყო და თავად დაკავებული ჟურნალისტიც ითხოვდა ადვოკატების საქმეში ჩართვას, თუმცა სასამართლომ საქმეზე მაინც მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი. მხოლოდ აღნიშნული ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოგვიანებით ჩვენთან დაკავშირება.
როგორც სასამართლოში გაირკვა, აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო დაწყებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ შეურაცხყოფას გულისხმობს. როგორც სასამართლოში გაირკვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა აფგან სადიგოვის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტი, რომელშიც აფგან სადიგოვი წერს: “სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ”. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტი პირველი აპრილით თარიღდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში პოსტის გამოქვეყნების თარიღად 3 აპრილი იყო მითითებული. ამასთან, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო პოსტის არაოფიციალური თარგმანი, რომელიც სათანადოდ არ იყო გაფორმებული.
სასამართლო პროცესზე შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხთან ერთად ითხოვდა აფგან სადიგოვის მიმართ დამატებითი სახდელის სახით გაძევების გამოყენებას. გაძევების დასაბუთებისას შსს, ერთი მხრივ, უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ არის სამართალდამრღვევად ცნობილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტებთან კავშირში გზის გადაკეტვის გამო, ხოლო მეორე მხრივ აპელირებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ “2026 წლის 13 მარტს აზერბაიჯანული კოლეგებისგან მათ მიიღეს წერილობითი (საიდუმლო) ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და არსებული რისკებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მიზანშეწონილია, მან დატოვოს საქართველოს ტერიტორია”.
სასამართლო განხილვის პროცესში ჩვენ ვცდილობდით მოსამართლისთვის დაგვესაბუთებინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს აკრძალული ჰქონდა აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმის არსებითად განხილვამდე. ექსტრადიციის პროცესის გაძევების პროცესით ჩანაცვლება კი არ ცვლიდა აზერბაიჯანისთვის მისი არგადაცემის მოთხოვნას. თუმცა საქმის განმხილველმა სასამართლომ ამის შესახებ პრაქტიკულად არ იმსჯელა და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე დართვის უფლებაც კი არ მოგვცა. მოსამართლემ სრულად უგულებელყო ჩვენი ფორმალურ-სამართლებრივი განმარტებაც, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ევროპულ სასამართლოს შეეძლო, ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კი, რაც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას უკავშირდება, ევროპულ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად არ შეუფასებია დროებითი ღონისძიების შეწყვეტის/გაგრძელების საკითხი.
უფრო მეტიც, ჩვენი მხრიდან სასამართლოზე დაყენებულ იქნა ასევე შუამდგომლობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან სწორედ ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავებში და შესაბამისად მათ შეეძლოთ დროებითი ღონისძიების ფარგლებისა და პროცედურების შესახებ ოფიციალური განმარტებების გაკეთება სასამართლოსთვის. სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჩვენ სასამართლოს ასევე ვუთითებდით აფგან სადიგოვის მიმართ ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე და იმ პროცესზე, რომელიც მისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული ვიზის და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხებს უკავშირდებოდა. თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აპელირებდა შსს-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მისი პასპორტი დეაქტივირებული იყო და შესაბამისად სხვა ქვეყანაში გასვლა შეუძლებელი იქნებოდა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და ჩვენი ყველა შუამდგომლობის უგულებელყოფა, მეორე მხრივ კი სასამართლოს მხრიდან ღამის საათებში საკითხის დაჩქარებული განხილვა და სასამართლოს შენობაში პოლიციის მაღალი მობილიზაცია, ჩვენ გვიჩენდა ეჭვს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაყვანა აზერბაიჯანში იმავე ღამეს მოხდებოდა.
საბოლოდ, 04:00 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რისი აღსრულებაც შესაბამისმა უწყებებმა იმავე წუთებში დაიწყეს და ჟურნალისტი სახმელეთო საზღვარზე რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცეს.
აფგან სადიგოვის განმარტებით, ტრანსპორტირების პროცესში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და ბაქოში გამოკითხვის შემდეგ საიმიგრაციო სამსახურმა მას სახლში წასვლის უფლება მისცა.
ახლა აფგან სადიგოვი მის ნათესავთან ცხოვრობს ბაქოში, თუმცა ის ყოველდღიურად ელის ახალი, ფაბრიკაციული და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, შესაბამისად – პატიმრობისა და ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკებს, რისი უმძიმესი გამოცდილებაც მას წარსულში უკვე არაერთხელ ჰქონდა (რაც კრიტიკულად არის შეფასებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ) და რაც თავად ევროპული სასამართლოს მხრიდან დროებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველიც გახდა.
აღნიშნული დაუცველობის მაგალითი იყო დღეს, 6 აპრილს, აფგან სადიგოვის ქუჩიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ისე, რომ თავდაპირველად მას სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ, შემდეგ კი განუცხადეს, რომ ის ძებნაში იყო, თუმცა დროულად არ განუმარტეს შეჩერებისა და განყოფილებაში გადაყვანის მიზეზები, რამაც მას და მის ნათესავს მისი დაკავების შთაბეჭდილება შეუქმნა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ პოლიციის მიზანი მისი ძებნილთა სისტემიდან ამოღება და თითის ანაბეჭდის აღება იყო, რის შემდეგაც დაახლოებით 40 წუთში ჟურნალისტს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს.
უნდა ითქვას, რომ 1-4 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და ამ საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ ახალი დროებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ ევროპულ სასამართლოს ჩვენ 4 აპრილის ღამესვე მივწერეთ, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან გაძევების თარიღი წინასწარ იყო შერჩეული, როცა აღდგომის დღესასწაულების გამო სასამართლო არ მუშაობდა. 6 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით შეუზღუდა საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა. შემდგომში კი საქართველოს მთავრობის პოზიციის წარდგენის შემდეგ, 2025 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ეს შეზღუდვა სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე გააგრძელა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში იყენებს, მაშინ როდესაც მომჩივნის უფლებებს შეუქცევადი ზიანის მყისიერი საფრთხე ემუქრება. აფგან სადიგოვის შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, დარღვევის რეალური რისკი.
სტრასბურგის სასამართლოში აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა თითქმის დასრულებულია. ორივე მოპასუხე სახელმწიფომ, აზერბაიჯანმა და საქართველომ, მოსაზრებები სტრასბურგის სასამართლოს უკვე წარუდგინეს, რაზეც ჩვენი შეპასუხება რამდენიმე კვირის წინ ასევე გაიგზავნა.
ადამიანის ევროპული სასამართლოს წესებისა და პრაქტიკული მითითებების (Practice Directions) თანახმად, დროებითი ღონისძიება სახელმწიფოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ცალმხრივად ჩათვალოს, რომ ღონისძიება აღარ მოქმედებს გარემოებების შეცვლის გამო, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო. სტრასბურგის სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების მოხსნის შესახებ და იგი კვლავ ძალაში რჩება. გარდა ამისა, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სახელმწიფოს არ შეუძლია დროებითი ღონისძიების გვერდის ავლა სხვა შიდა პროცედურის გამოყენებით.
ერთ-ერთ საქმეში რუსეთის წინააღმდეგ (Savriddin Dzhurayev v. Russia, no. 71386/10, 25 აპრილი 2013), რომელიც მომჩივნის ექსტრადიციას ეხებოდა ტაჯიკეთში, სასამართლომ აღნიშნა, რომ თვალთახედვაში მისაღები და მნიშვნელოვანია დროებითი ღონისძიების მიზანი და სულისკვეთება. აღნიშნულ საქმეში დროებითი ღონისძიების მიზანი ტაჯიკეთის ხელისუფლებისგან მომჩივნის არასათანადო მოპყრობისგან დაცვა იყო. აფგან სადიგოვის საქმეშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლომ სწორედ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე გამოიყენა დროებითი ღონისძიება. არასათანადო მოპყრობის რისკი კი არ იცვლება აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა რომელი ლეგალური საფუძვლით მოხდებოდა – ექსტრადიციით თუ გაძევებით. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იმ სასიცოცხლო როლიდან გამომდინარე, რომელსაც დროებითი ღონისძიება ასრულებს კონვენციის სისტემაში, ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მკაცრად დაიცვას და შეასრულოს ასეთი გადაწყვეტილება. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ გვერდი აუაროს ასეთ დროებით ღონისძიებას განმცხადებლის დანიშნულების ქვეყანაში გადაყვანის მიზნით სხვა შიდა პროცედურის გამოყენებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აფგან სადიგოვის საქმეში საქართველოს მთავრობა დაარღვია ევროპული სასამართლოს სათანადო აღსრულების ვალდებულება და ისე, რომ თავად ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ იყო შეცვლილი ან გაუქმებული, სრულად უგულებელყო ის.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს არ მისცა ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის შესაძლებლობა, რისი უფლებაც მას ჰქონდა. სასამართლოში შსს-ს მიერ გამოყენებული არგუმენტი კი, რომ აფგან სადიგოვს პასპორტი დეაქტივირებული ჰქონდა და სწორედ ამის გამო მისი მხოლოდ აზერბაიჯანში გაძევება შეიძლებოდა, იყო დაუსაბუთებელი, რადგან შსს-მ ამ პროცესში დაეფუძნა აზერბაიჯანის შსს-ს მიერ გამოგზავნილ 2024 წლის ძველ წერილს, სადაც მითითებული იყო, რომ აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებული იყო მის მიმართ გამოყენებული 2024 წლის 11 მაისს მის მიმართ გამოყენებული პატიმრობის ღონისძიების გამო. თუმცა არც შსს-მ და არც სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა აზერბაიჯანის სახელმწიფოს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა და შესაბამისად, აღარ არსებობდა მისი პასპორტის დეაქტივირების საფუძველი და წინაპირობები. ამ რეალობაში განახლებული ინფორმაციის მიღება ქართულ სახელმწიფოს არც კი უცდია და მოძველებულ მონაცემსა და წერილს დაეფუძნა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” გაატარა არა ერთი საკანონმდებლო ცვლილება უცხოელთა უფლებების მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებში, რამაც უცხოელების საერთაშორისო დაცვის მექანიზმები მკვეთრად შეასუსტა. კერძოდ, ცვლილებების საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. ამასთან, ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა ახალი წესი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას, რაც სახელმწიფოს უცხოელების დაჩქარებული და სათანადო განხილვის გარეშე გაძევების ჭარბ და თვითნებურ უფლებამოსილებას აძლევს. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა საფუძველი საქართველოს ხელისუფლებისთვის აფგან სადიგოვის დაჩქარებული გაძევებისთვის, ისე რომ ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი არ დალოდებია.
ცალკე და განსაკუთრებით მწვავე კრიტიკას იმსახურებს ასკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება ამ საქმეში, რომლის ფარგლებშიც სოციალურ ქსელში გამოხატული ზოგადი, აბსტრაქტული და ღირებულებითი შინაარსის კრიტიკა პოლიციელთა მიმართ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე კრიტიკული გამოხატვა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების ბირთვს წარმოადგენს და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის პოლიცია, ვალდებულნი არიან გამოიჩინონ კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვა არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას ან სიძულვილის ენას. შესაბამისად, როგორც თავად ასკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის ტექსტის ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება, ისე მისი გაფართოებული და რეპრესიული განმარტება აშკარად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სტანდარტებს და მას მძლავრი გამყინავი ეფექტი (chilling effect) შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეებზე.
როგორც ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები აჩვენებს, აფგან სადიგოვის საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მოქმედებების ჯაჭვი აჩენს ეჭვს, რომ ისინი სინქრონიზებულად, მაღალი კოორდინაციით მოქმედებენ ჟურნალისტის დევნისა და დასჯის ინტერესით. დღეს, 6 აპრილს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის კონტექსტში აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების პროცესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროცესების პოლიტიკურ კონოტაციას.
ეს საქმე სცილდება ინდივიდუალური დარღვევის ფარგლებს და ეხება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების სისტემურ პრობლემას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების უგულებელყოფა არა მხოლოდ კონკრეტული პირის უფლებების დარღვევას ნიშნავს, არამედ ძირს უთხრის კონვენციის სისტემის ეფექტიანობას.
ამასთან, ამ საქმეში აშკარად იკვეთება სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენების ტენდენცია, როდესაც სახელმწიფომ ექსტრადიციის აკრძალვა ფაქტობრივად ჩაანაცვლა გაძევების პროცედურით, რითაც ფორმალურად შეინარჩუნა კანონიერების ილუზია, თუმცა არსობრივად დაარღვია საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. მსგავსი პრაქტიკა მიუთითებს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება არა ადამიანის უფლებების დასაცავად, არამედ წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად.
განსაკუთრებით პრობლემური იყო სასამართლოს როლი ამ პროცესში. საქმის განხილვამ აჩვენა, რომ სასამართლომ ვერ შეასრულა დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია, არ უზრუნველყო მხარეთა თანასწორობა და არ იმსჯელა საქმისთვის არსებით სამართლებრივ საკითხებზე. ასეთ პირობებში სასამართლო ფუნქციონირებს არა როგორც უფლებების დაცვის გარანტია, არამედ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმალურად გამამართლებელი რგოლი. პროცესის დაჩქარებული ხასიათი, ღამის საათებში განხილვა და დაცვის მხარის არგუმენტების სრული იგნორირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო მოქმედებდა განსაკუთრებული მიზანშეწონილობის ლოგიკით, რაც შეუთავსებელია სამართლის ნორმალურ, წესებზე დაფუძნებულ ფუნქციონირებასთან.
აღნიშნული საქმე ასევე ჯდება ტრანსნაციონალური რეპრესიის უფრო ფართო ტენდენციაში, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ კრიტიკული ხმების დევნას საკუთარი საზღვრების მიღმაც. ამ კონტექსტში, საქართველოს მოქმედებები აჩენს რისკს, რომ ქვეყანა შესაძლოა იქცეს მსგავსი პრაქტიკის თანამონაწილედ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მის საერთაშორისო რეპუტაციას.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს აზერბაიჯანის სახელმწიფოს უზრუნველყოს აფგან სადიგოვის უსაფრთხოებისა და თავისუფლების განუხრელი დაცვა.
ამასთან, ორგანიზაცია აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მათ შორის საქართველოს მხრიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევის შესახებ აქტიურ კომუნიკაციას სტრასბურგის სასამართლოსთან და მინისტრთა კომიტეტთან, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ახორციელებს ზედამხედველობას”. ვკითხულობთ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.