კალაძე აბასთუმანზე: მეცნიერებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე აბასთუმნის თავზე ცის დაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაში „პრობლემა არაფერია“, რადგან „მეცნიერებმა, ვინც აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს, მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა და შესაბამისად, მოხდა კორექტირება“.

„მეცნიერებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, შესაბამისად, მოხდა კორექტირება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?

გეუბნებით სიმართლეს: მეცნიერებმა, ვინც კონკრეტულად ობსერვატორიაში მუშაობს და ახორციელებს დაკვირვებას, წერილით ოფიციალურად მიმართეს მთავრობას და მიიღეს გადაწყვეტილება. რა არის პრობლემა რომ დაკორექტირდა თვითმფრინავების მოძრაობის ხაზი?! რა არის პრობლემა ამაში?!“, – თქვა კალაძემ.


„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 16 აპრილიდან, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება.

კერძოდ, საავიაციო მოძრაობა იზღუდება აბასთუმნის თავზე დაახლოებით 52 კილომეტრის დიამეტრის რადიუსზე.

შესაბამისი დადგენილება მთავრობას გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, მიზეზად დასახელებულია ატმოსფერული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებისთვის.

ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს.

„საქაერონავიგაციის” დოკუმენტაციის მიხედვით, ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს: დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი ან ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ.

„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

მედია აღნიშნავს, რომ ახალ აკრძალულ ზონაში საერთაშორისო მნიშვნელობის, სულ მცირე, ორი საჰაერო ტრასა ხვდება, რომლებსაც ყოველდღიურად ათეულობით საერთაშორისო კომპანია იყენებს:

  • ტრასა M747 – ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჰაერო მაგისტრალი საქართველოს ცაში, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელია საქართველოს გავლით. ამ ტრასაზე ხდება სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ჩინეთს შორის და თურქეთს, კავკასიასა და რუსეთს შორის.
  • მეორე მნიშვნელოვანი ტრასა, რომელიც აკრძალულ ზონაში ხვდება და შეცვლა მოუწევს, N644-ია.

მარშრუტები ასეთია – აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვა, თურქეთი. ახლო აღმოსავლეთი-ევროპა. სპარსეთის ყურე. ეს ხაზი საქართველოს საჰაერო სივრცეში ყველაზე დატვირთულია.

კიდევ ერთი მაგისტრალი, რომელიც აკრძალულ ზონაში გადის L125-ია, ის შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, თუმცა სომხეთს საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს.

ტრასებს, რომლებიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ხშირად იყენებენ საერთაშორისო საჰაერო სამგზავრო და სატვირთო კომპანიები: Lufthansa, Turkish Airlines-იEmirates-იQatar-ი, FlyDubai Cargolux-ი, Silk Way, აგრეთვე რუსული და ცენტრალური აზიის ოპერატორები.

კონფიდენციალური წყარო საჯარო უწყებიდან „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ „ეს ყველაფერი კი ნელ-ნელა ქართული აეროპორტებიდან ფრენებს „გააძვირებს“ და საბოლოოდ თითოეული მგზავრის ჯიბეზე აისახება“.

გარდა ამისა, არის უსაფრთხოების რისკებიც.

„წარმოიდგინეთ სცენარი – ქუთაისზე აღმოსავლეთიდან მიმფრენი ბორტი (ყაზახეთიდან დაფრინავენ), თბილისზე დასავლეთიდან მომფრენი ბორტი, თბილისიდან დასავლეთისკენ გამფრენი ბორტი და ჰორიზონტალური სივრცე ფაქტობრივად აღარ რჩება მათი უსაფრთხო/ეფექტური განცალკევების, იმის ფონზე, რომ ერთ სიმაღლეზე ორ ბორტს შორის უსაფრთხო ეშელონირების ნორმა 10 საზღვაო მილია.

ახალ რეალობაში, უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო გახდება მომფრენი ბორტების დაგეგმილზე უფრო ადრე დაშვება და პირიქით, გამფრენი ბორტებისთვის ოპტიმალური საფრენოსნო სიმაღლის უზრუნველყოფის შეფერხება. რაც ზრდის ფრენის ხარჯებს, ასევე განსაკუთრებით ბევრად იზრდება ადამიანის [საჰაერო მეთვალყურის] შეცდომის ფასი, ადამიანი კი ადამიანი არ იქნება, შეცდომა არ მოუვიდეს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო სახელმწიფო უწყებიდან.

ახალი შეზღუდვა დაახლოებით 30 მილით შეამცირებს საფრენ სივრცეს გრძედზე, სადაც, გარდა აზია-ევროპის ნაკადისა, თბილის-ქუთაისი-ბათუმზე მიმფრენ-მომფრენი ბორტებიც დაფრინავენ (იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონიდან მოფრინავენ).

ჟურნალისტური გამოძიებისვე თანახმად, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის, ასტროფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძის თქმით,, რომელიც დაწესებულებას 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს, ობსერვატორია უკვე წლებია აბასთუმნის ობსერვატორია საჰაერო მიმოსვლის მომხრეა.

თუმცა, ინტერვიუს მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ დირექტორმა „რადიო თავისუფლებისგან“ შეიტყო, რომ საქართველოს მთავრობამ მათი თხოვნა ორი თვის წინ დააკმაყოფილა და შეზღუდვები მალე ამოქმედდება.