„საფარი“ ჩაერთო ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების საქმეში

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ ჩაერთო მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრის, ლუკა ჭოხონელიძის მიერ ქალის შესაძლო გაუპატიურების შესახებ დაწყებულ საქმეში და დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

„ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საფარი“ მიუთითებს, რომ ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

ამავე დროს, ორგანიზაცია „საზოგადოებასა და მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები“.

„მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალობას.

„საფარი“ მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ლუკა ჭოხონელიძის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება 21 აპრილს პროტესტის აქტიურმა მონაწილე ალბი კორძაიამ გააჟღერა. მან „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია იმ გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, „ნაბიჯის“ წევრმა გააუპატიურა.

“ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი“.

მანვე ლუკა ჭოხონელიძე დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.

„2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ“, – დაწერა ალბი კორძაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 აპრილს განაცხადა, რომ კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

თავად ლუკა ჭოხონელიძემ ბრალდებები უარყო.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ, არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში, ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა – სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ, ნებისმიერზე“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“.

21 აპრილს მან თქვა ისიც, რომ „მოუწევს, ალბი კორძაიას სასამართლოში უჩივლოს“ და „ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა მოითხოვოს“.

გამოძიების ფარგლებში 22 აპრილს ლუკა ჭოხონელიძემ პოლიციაში ჩვენება.

იმავე დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ალბი კორძაიამ და კიდევ ერთმა აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმაც.