ავტორი: აითან ფარჰადოვა
14 მაისს ბაქოში გაიმართა „გლობალური სამხრეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმის“ პირველი გენერალური ასამბლეა, რომლის მიზნადაც „გლობალურ ჩრდილოეთსა“ და „გლობალურ სამხრეთს“ შორის „ხიდის როლის შესრულება“ დასახელდა.
შეხვედრაზე ასამბლეამ გენერალურ მდივნად აზერბაიჯანელი ფუად ქარიმლი აირჩია, რომელიც ამ თანამდებობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.
ქარიმლი მკვლევარია პროსახელისუფლებო ანალიტიკურ ცენტრებში: „თოფჩუბაშოვის ცენტრსა“ და „ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრში“.
ქარიმლისთან ერთად აირჩიეს მისი ოთხი მოადგილე აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონების წარმომადგენლობისთვის.
„გლობალური სამხრეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმის“ დაფუძნების იდეა თავდაპირველად COP29-ზე გაჩნდა, რომელსაც ბაქომ 2024 წლის ნოემბერში უმასპინძლა. დღეისათვის პლატფორმა 116 ქვეყნის 650-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
აღნიშნული გენერალური ასამბლეა იყო მორიგი ნაბიჯი, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და მასთან ასოცირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს პლატფორმა „ნეოკოლონიალიზმის სელექციური დაგმობისთვის“, რომელიც ძირითადად საფრანგეთზე აკეთებს აქცენტს.
სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვარაუდობენ, რომ „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის“ კრიტიკა დიდწილად განპირობებულია საფრანგეთის მიერ სომხეთის მხარდაჭერით. ამავდროულად, აზერბაიჯანმა ასევე გააძლიერა მცდელობები „გლობალური სამხრეთის“ გულის მოსაგებად, მათ შორის საკუთარი თავის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებულ რეგიონულ ძალად წარმოჩენით [ტერმინი „გლობალური სამხრეთი“ მოიცავს როგორც განვითარებად, ნაკლებად განვითარებულ ან განვითარებადი ბაზრის მქონე ეკონომიკის ქვეყნებს].
გენერალური ასამბლეის გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლონიალიზმი და ნეოკოლონიალიზმი „გლობალურ დონეზე იყო და ახლა მხოლოდ ახალ ფორმებს იღებს“.
მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი ასევე არის „გლობალური სამხრეთის“ ნაწილი „გეოგრაფიულად, ისტორიულად, კულტურულად და ბედისწერით“, და, შესაბამისად, „სრულად და ყოვლისმომცველად ესმის ყველა ის სირთულე“, რომლის წინაშეც ეს რეგიონი დგას.
ჰაჯიევმა შემდგომში აღნიშნა, რომ 2019–2022 წლებში „მიუმხრობლობის მოძრაობის“ თავმჯდომარეობისას, აზერბაიჯანმა „ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ უმთავრეს თემად“ გამოაცხადა.
„ვწუხვართ, რომ გაეროს დეკოლონიზაციის სპეციალურმა კომიტეტმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო თავისი მანდატის სრულად განხორციელება, რადგან ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება დეკოლონიზაციის პროცესს“, – განაცხადა ჰაჯიევმა.
მან სიტყვით გამოსვლა დაასრულა „საერთაშორისო ინსტიტუტების ამჟამინდელ სტრუქტურაზე“, განსაკუთრებით კი გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩივილით და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია „არ ასახავს თანამედროვე სამყაროს რეალობას“.
„ამ ინსტიტუტში გლობალური სამხრეთის ქვეყნების ხმა საკმარისად არ ისმის. გარდა ამისა, არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა. მიგვაჩნია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესში გლობალური სამხრეთის ქვეყნების ხმა და თანაბარი წარმომადგენლობა დაცული უნდა იყოს“.
თუმცა, როგორც ამჟამად დაპატიმრებულმა აზერბაიჯანელმა მკვლევარმა, ბაჰრუზ სამადოვმა დეტალურად აღწერა OC Media-სთვის 2023 წელს დაწერილ მოსაზრებაში, ბაქოს სელექციური ანტიკოლონიალიზმის ისტორია აქვს, განსაკუთრებით 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
ბაქოს სელექციური ანტიკოლონიალიზმის მთავარი სამიზნე საფრანგეთია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია როგორც მისი „აშკარად კრიტიკული პოზიციით“ ბაქოში მზარდი ავტორიტარიზმის მიმართ, ისე მისი ძლიერი მხარდაჭერით სომხეთისადმი.
2023 წლის ივლისში დაარსდა „ბაქოს ინიციატივის ჯგუფი“, რომლის მიზანია „საჭირო ნაბიჯების გადადგმა აფრიკის კონტინენტსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დე ფაქტო მონობის აღმოსაფხვრელად“.
მას შემდეგ ჯგუფმა გამართა არაერთი ღონისძიება ფრანგული კოლონიალიზმისა და მისი თანამედროვე გავლენის გასაკრიტიკებლად, მათ შორის გაეროშიც.
ამავდროულად, აზერბაიჯანი სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას ახორციელებს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთ საქმეს აწარმოებს.
სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი დამოუკიდებელი წევრის თქმით, რომელმაც OC Media-ს კონფიდენციალურობის პირობით ესაუბრა, აზერბაიჯანის მთავრობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავს კონფერენციებზე არასდროს მიუწვევია და მოწვევის მიღების შემთხვევაშიც კი, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იქნებოდა.
„მთავრობას [ეშინია], რომ ასეთ ღონისძიებებზე დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა შესაძლოა კორუფციაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე ისაუბრონ. დღეს მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების განადგურება სურს და არა ამ სფეროს განვითარება“, – განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა.
მან დასძინა, რომ მსგავსი კონფერენციები ძირითადად გამოიყენება ფორმალური მიზნების მისაღწევად – ასეთია, მაგალითად, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
„კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი არის ის, რომ ამ კონფერენციებში მონაწილე ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი წარმოდგენილია გაეროში. მათ შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანის პოზიციას გაეროშიც. მახსოვს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სწორედ ამ ქვეყნების მხარდაჭერის გამო აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი რეზოლუცია ჩავარდა“, – განაცხადა მან.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია წაიკითხეთ აქ.