ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პირველი კვირის მიწურულს დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ხმების მოსყიდვის ბრალდებით დაწყებულმა ახალმა სისხლის სამართლის საქმეებმა და შეურაცხმყოფელმა პოლიტიკურმა რიტორიკამ, მათ შორის კანდიდატების საზღვარგარეთიდან მართვის თაობაზე.
14 მაისს სომხეთის ხელისუფლებამ სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და რამდენიმე პირის დაკავების შესახებ განაცხადა. აღნიშნული სამი საქმიდან ორი ხმების სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდება.
ერთ-ერთი საქმის ფარგლებში ლორის პროვინციის ქალაქ სპიტაკში დააკავეს ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი და მისი პოლიტიკური ბლოკის, „სომხეთის ალიანსის“ რამდენიმე წევრი, თუმცა დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.
ხელისუფლების მტკიცებით, ალიანსის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა მაშინ გაწია საქველმოქმედო დახმარება, როცა უკვე მოქმედებდა წინასაარჩევნოდ აკრძალვა საქველმოქმედო საქმიანობაზე. იმავე ადამიანს ბრალად ედება „ამავე რეგიონის მცხოვრებისთვის საარჩევნო უფლების თავისუფლად გამოყენებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობის მუქარით“.
ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე „სომხეთის ალიანსის“ წინააღმდეგ. ალიანსმა ბრალდებები უარყო და საქმეს უწოდა „არა სამართლებრივი პროცესი, არამედ მორიგი იაფფასიანი მცდელობა, ხელი შეეშალოს ქვეყნის სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას“.
ალიანსმა ასევე განაცხადა, რომ „ამგვარი მეთოდებით ხელისუფლება შიშის ატმოსფეროს შექმნას ცდილობს“ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა „ავტორიტარულ რეჟიმად“ შეაფასა.
გარდა ამისა, სომხეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს ერევანში დააკავეს კაცი, რომელიც სხვა ადამიანს სავარაუდოდ საარჩევნო ქრთამის სახით 50 000 დრამს (135 დოლარი) გადასცემდა. ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება ეს საქმე.
კიდევ ერთ საქმეზე სომეხმა სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი და გამოძიება დაიწყეს მის მიერ სამშაბათს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რომელიც ფაშინიანის მიმართ შეურაცხყოფას შეიცავდა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით ისეთი საჯარო გამოსვლის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სიძულვილის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ან მტრობის გაღვივებას, ან პროპაგანდას.
14 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა შეაქო სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები საარჩევნო ქრთამის წინააღმდეგ „ეფექტიანი ბრძოლისათვის“.
მომდევნო დღეს კი, ბოლო თვეების ტენდენციის მსგავსად, გავრცელდა ინფორმაცია პრორუსი სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკ „ძლიერი სომხეთის ალიანსის“ კიდევ რამდენიმე წევრის ან მასთან ასოცირებული პირის დაკავების შესახებ.
რიტორიკა „ლაქიებზე და მტკიცებები ქვეყნის გარედან კონტროლზე
დაკავებების გარდა, რობერტ ქოჩარიანმა 14 მაისს ფაშინიანს „ლაქია“ (ხელქვეითი) უწოდა. მოგვიანებით ფაშინიანმა საპასუხოდ იგივე ტერმინი გამოიყენა.
ქოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ისტორიაში აქამდე არავის უსაუბრია „[ეროვნული] იდენტობისა და ეკლესიის წინააღმდეგ“.
„ეი შენ, ლაქიავ, რა გაქვს ამის საწინააღმდეგო? რა გაიძულებს ამას? სრული სერიოზულობით, რატომ აზიანებ მთელ ერს? ვის გამო?“, – იკითხა ქოჩარიანმა.
მან ასევე მიანიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანი გარედან იმართება.
„ჩემი შთაბეჭდილებით, არსებობს რაღაც პულტი და [ფაშინიანის] თავში ჩამონტაჟებულია ჩიპი, და ამ თავს ეს პულტი სადღაც გარედან მართავს – სომხეთიდან ნამდვილად არა. ახლა ეს ადამიანი, ჩემი აზრით, ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის] გოშიას დაემსგავსა“, – თქვა ქოჩარიანმა.
მანვე დასძინა, რომ მსგავსი რიტორიკა იყო პასუხი იმაზე, რომ ფაშინიანი თავის განცხადებებში „ზღვარს გადადის“.
იმავე დღეს, თუმცა ქოჩარიანის განცხადებამდე ფაშინიანმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში უნდა ჩაჯდეს 2008 წლის მარტში ანტისამთავრობო პროტესტის სისხლიანი დარბევის გამო, რაც ქოჩარიანის პრეზიდენტობის დროს მოხდა და რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავის მხრივ ქოჩარიანმა ფაშინიანი დაადანაშაულა მაშინდელი მოვლენების „წაქეზებაში“ და მასვე დააკისრა „მთავარი პასუხისმგებლობა“.
რობერტ ქოჩარიანმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი პრეზიდენტი აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, ფაშინიანმა „დისტანციური პულტის“ საშუალებით მიიღო მითითება, რომ მეოთხე – ქოჩარიანი სომხეთში დააპატიმროს.
რობერტ ქოჩარიანი 1994-1997 წლებში მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
„ქოჩარიანმა თქვა, რომ სიტყვა „ლაქია“ მიღებულია პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებაში“. ეს ასეა, რადგან როცა მასზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ სიტყვას ვიყენებთ – ლაქია“, – განაცხადა ფაშინიანმა 14 მაისის საღამოს Facebook-ის ვიდეომიმართვაში.
სხვა ვიდეოში მან ქოჩარიანი გამოიწვია, პირდაპირ ეთერში დაწეროს სიტყვა „იდენტობა“, რაც, როგორც ჩანს, ქოჩარიანის ენობრივი უნარების შესახებ გაკეთებული ირონიული რეპლიკა იყო.
„დასავლეთ აზერბაიჯანი“ სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ
სამველ კარაპეტიანმა, რომლის „ძლიერი სომხეთის ალიანსიც“, სავარაუდოდ ფაშინიანის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ მთავარი კონკურენტი იქნება 7 ივნისის არჩევნებში, 14 მაისს ასევე განაცხადა, რომ დემოგრაფიული ტენდენციების გამო სომხეთის სასაზღვრო სოფლები დაიცალა. მანვე აღნიშნა, რომ ფაშინიანის ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელი ჩასახლდებოდა.
სომხეთში აზერბაიჯანელების ჩასახლების შესახებ მტკიცება კარაპეტიანისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მუდმივ სალაპარაკო თემად იქცა. თავის მხრივ, ფაშინიანმა უარყო ეს ბრალდებები და მათ ტყუილი უწოდა.
„მსგავსი საკითხი არასდროს ყოფილა ჩვენს დღის წესრიგში აზერბაიჯანთან და არც უფრო ფართო საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს ადამიანები ახლა მილიონობით დოლარს ხარჯავენ, რათა შექმნან და სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიტანონ ეს ნარატივი. ასე მხოლოდ უცხო ქვეყნის ჯაშუშები მოქმედებენ“, – განაცხადა ფაშინიანმა 15 მაისს.
პოლიტიკოსების განცხადებების მიღმა ინტერნეტში ასევე გავრცელდა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ვიდეოები, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ფაშინიანის ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთი „დასავლეთ აზერბაიჯანი“ გახდებოდა, ან რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა რუსეთის და ბელორუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ წევრი გახდება.
ბოლო წლებში აზერბაიჯანმა წამოიწყო კამპანია, რომელიც ეფუძნება „დასავლეთ აზერბაიჯანის“ კონცეფციას – ეს არის ტერმინი, რომელიც არა აზერბაიჯანის ტერიტორიას, არამედ სომხეთის რესპუბლიკის ნაწილს ან მთლიან ტერიტორიას გულისხმობს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.