ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე გადადგეს, ვინაიდან მისი მანდატი იწურება

პუბლიკა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე გადადგეს, ვინაიდან მისი მანდატი მალე იწურება.

ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი 2017 წლის 31 მაისის არჩევნების შემდეგ გახდა. მეორე ვადით ვუჩიჩი 2022 წელს აირჩიეს. მისი მანდატი 2027 წელს იწურება. სერბეთის კონსტიტუციით, მას მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს.

23 მაისს სერბეთში მორიგ ჯერზე გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქცია პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს —  1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები მას შემდეგ აპროტესტებენ კორუფციას და სადგურზე დაუდევრად შესრულებულ სამუშაოებს.

„სრულიად შესაძლებელია, მალე გადავდგე“, – განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტის დაწყებამდე.

მისივე განცხადებით, არ გეგმავს, შეამციროს მანდატის ვადა, როგორც ეს თავის დროზე პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გააკეთა, ვინაიდან „შენ ან გადადგები, ან ხარ პრეზიდენტი მანდატის ბოლომდე“.

მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მან „გარკვეული შეკრებები“ უწოდა, რომელიც „ვერაფერს შეარყევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მოკლებულია შინაარსს, არის ცარიელი და არც განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია“.

23 მაისის აქციაზე მან დემონსტრანტები დაადანაშაულა „ინციდენტებში“.

პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა.

სერბეთის მთავრობის მტკიცებით, აქციაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზაცია  The Archive of Public Gatherings-ის ცნობით კი, დემონსტრაციაში მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია.