რუსეთი კიევში სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმებით იმუქრება, EU-ის ელჩი „არსად წასვლას არ აპირებს“

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი უკრაინაში კატარინა მატერნოვა რუსეთის მუქარას პასუხობს, მას „თვალთმაქცობის შედევრს“ უწოდებს და წერს, რომ დიპლომატები „არსად წასვლას არ აპირებენ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს განაცხადა, რომ აპირებს, შეტევები განახორციელოს „კიევში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების პროექტირების, წარმოების, პროგრამირებისა და გამოყენებისთვის მომზადების კონკრეტულ ადგილებზე“. რუსეთმა მოუწოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, მალე დატოვონ ქალაქი.

რუსული უწყების თანახმად, მათ „მოთმინების ფიალა აევსოთ“ იმის გამო, რომ კიევი რუსეთზე შეტევებს ახორციელებს და საპასუხო ნაბიჯებს სწორედ ამის გამო დგამენ. რუსულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინა ჟენევის და ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციებს არღვევს.

რუსული უწყების პასუხად ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ დაწერა:

„რუსეთი კვლავ ემუქრება დიპლომატებსა და უცხოელებს და მოგვიწოდებს, დავტოვოთ კიევი. მაგრამ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ!

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება თვალთმაქცობის შედევრია.

რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ბომბავდა საცხოვრებელ სახლებს, მუზეუმებს, სამშობიაროებს, სკოლებსა და ელექტროსადგურებს, ახლა მოულოდნელად „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა“ და „ჟენევის კონვენციების“ ენით ალაპარაკდა.

იმავე რეჟიმს, რომელსაც ყოველ ღამით სარაკეტო და დრონებით იერიში მიაქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ახლა სხვებს აფრთხილებს, თავი შორს დაიჭირონ.

ჩვენ ზუსტად გვესმის, რას ნიშნავს ეს. რუსეთს შიში, პანიკა და უკრაინის იზოლაცია სურს.

ეს არ გამოუვათ.

ევროკავშირი არსად მიდის. ჩვენ ვრჩებით კიევში. ჩვენ ვრჩებით უკრაინასთან.

დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მუქარა ძალის კი არა, სასოწარკვეთის ნიშანია.

რაც უფრო აგრესიული და მუქარით სავსე ხდება კრემლი, მით უფრო ნათელია, რომ პუტინის რეჟიმს ესმის: ის ვერ გატეხს ვერც უკრაინის მედეგობას და ვერც მისი პარტნიორების მხარდაჭერას.

კიევი დგას.

უკრაინა დგას.

და ჩვენც მათთან ერთად ვდგავართ“.