სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შესაძლოა, უფრო ფართო წრე დაექვემდებაროს. შესაბამის ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 195¹ მუხლზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევას უკავშირდება. თუ მოქმედი კანონის თანახმად, ის მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესსა და უშუალოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდება, კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ პირთა წრე, ვინც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესყიდვების პროცესის წარმართვაზე. მათ შორის, ბაზრის კვლევისას და გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დროსაც.
„სახელმწიფო შესყიდვების თვისობრიობის გათვალისწინებით, შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არამხოლოდ შესყიდვების პროცედურების სხვადასხვა ეტაპზე, არამედ – მის დაწყებამდეც შესაძლებელია, რომ განხორციელდე” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელი ანუ დანაშაულში მონაწილე შესაძლოა იყოს არა მხოლოდ შესყიდვებში მონაწილე პირი, არამედ მასთან დაკავშირებული ან სხვა მესამე პირიც.
„ამ მუხლით გათვალისწინებულ იქნას არა მხოლოდ უშუალოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები, არამედ – სახელმწიფო შესყიდვების წარმართვის ყველა ეტაპი და არამხოლოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტები, არამედ – ყველა ის პირი, რომელსაც შესყიდვების განხორციელებასა და მის შედეგებზე უშუალო და არსებითი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, მათ შორის ისეთი მესამე პირებიც, რომლებიც შესაძლოა არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე სუბიექტებს, თუმცა, ფაქტობრივად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე” – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პირველ ჯერზე ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. თუკი იგივე დანაშაული არაერთხელაა ჩადენილი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იურიდიული პირების შემთხვევაში კი, სრულდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
კანონპროექტის თანახმად, 195¹ მუხლის შენიშვნაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, დანაშაულის სუბიექტში არ იგულისხმება მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, რადგან სამოხელეო დანაშაული შესაბამისი მუხლით წესრიგდება.
„საკანონმდებლო ინიციატივა არის ნაწილი საქართველოს მთავრობის იმ ანტიკორუფციული პოლიტიკის, რომელიც საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ და რაციონალურად ხარჯვას, ასევე შესყიდვების პროცესში, კონტრაქტის უფლების მინიჭების, მხოლოდ და მხოლოდ, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებას გულისხმობს” – აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე.