ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დელეგაციის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ურთიერთობების გადასატვირთად სამართლიან მიდგომებზე დაბრუნებაა საჭირო.
„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რითაც შეიძლება, გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება.
იცით, რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლო მიდგომების გამო. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე.
ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები“, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვას, გამოიტანენ თუ არა პარტიების აკრძალვის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოდან, კობახიძე პასუხობს:
„ჩემს აღქმაში, ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან.
ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არც სარჩელის გამოტანას აპირებენ და არც სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას, კობახიძე ამბობს:
„თქვენ რაზეც საუბრობთ, ამას ქვია ქართულ ენაზე სამართლის უზენაესობა, ინგლისურ ენაზე ქვია rule of law და როგორც ერთს, ისე მეორეს ყველამ უნდა ვცეთ პატივი. როცა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ესაა მოსავალი წერტილი“, – განაცხადა მან.
ამერიკული დელეგაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს: „ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას“.