შსს: ირანის მოქალაქე ჰადი როსთამიმ საქართველო 5 ივნისს ნებაყოფლობით დატოვა

პუბლიკა

შსს-ს განცხადებით, საქართველოში მცხოვრებმა ირანელმა მოქალაქე ჰადი როსთამიმ დღეს, 5 ივნისს ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა მას შემდეგ, რაც მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე.

ადვოკატი ნატი გელოვანი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ახლობლების ინფორმაციით, დღეს, 5 ივნისის 13:00 საათის მდგომარეობით, ჰადი როსთამის საქართველოს დატოვება არ სურდა.

საქართველოში მცხოვრებმა ირანელმა აქტივისტებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2 ივნისს მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა ჰადი როსთამი – ირანელი მოქალაქე, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სიკდვილით დასჯა ემუქრებოდა.

ადვოკატმა ნატი გელოვანმა, რომელიც „უფლებები საქართველოს“ წარმოადგენს, როსთამის მონახულება დღეს სცადა, თუმცა, უშედეგოდ.

„მთლიანობაში ორსაათნახევრის განმავლობაში ველოდე. ჩემი მისვლიდან ერთი საათის შემდეგ ჩამოვიდნენ და ორდერი და მოწმობა წაიღეს, რომ, როგორც თვითონ მითხრეს, გადაემოწმებინათ. კიდევ საათნახევრის მერე ჩამოვიდნენ, დაგვიანების გამო ბოდიში მოიხადეს და მითხრეს, რომ ამ სახელი და გვარით მათ დაკავებული არ ყავთ“, – ამბობს ნატი გელოვანი.

შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ჰადი როსთამის უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

„საქმის წარმოება ორივე ინსტანციის სასამართლოში უკვე დასრულებულია. ის 2025 წლიდან საქართველოში შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, ირანის მოქალაქე მიგრაციის დეპარტამენტმა დააკავა.

მას კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყანა დაეტოვებინა ნებაყოფლობით მესამე ქვეყნის მიმართლებით, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 5 ივნისს, ჰადი როსთამიმ საქართველო საკუთარი ნებით დატოვა“, – აცხადებენ შსს-ში.

ნატი გელოვანი ამბობს, რომ ახლობლების თქმით, ჰადი როსთამის „სურვილი, ნება არ იყო საქართველოს დატოვება“. ასეთ დროს მას აქვს პროცესუალური გარანტიები.

„დაკავების შემდეგ პირს აბარებენ გადაწყვეტილებას მისი გაძევების თაობაზე, რომელიც 10 დღის ვადაში საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში, შემდეგ – სააპელაციოში. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ადამიანის გაძევება დაუშვებელია.

როგორც ვიცი, მას დაკავების დროსაც კი მას დარეკილი მეგობართან და ნათქვამი ჰქონდა, რომ არ უნდა საქართველოდან წასვლა. ამიტომ, ჩვენთვის უცნობია, როგორ და რა პირობებში გადაწყვიტა ამ პირმა, ნებაყოფლობით დაეტოვებინა ქვეყანა“, – ამბობს იურისტი.


2025 წლის 28 დეკემბერს ირანული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და  მალევე გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში, რომელიც მთელს ქვეყანასი გავრცელდა და რომლის მოთხოვნაც იყო უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის დასრულება.

პროტესტს ირანის რეჟიმმა სასტიკად უპასუხა – იანვარში ირანულმა ჯარებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ირანული ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, მოკლულია 2500-ზე მეტი ადამიანი.

ირანული ქალაქების პარალელურად საელჩოების შენობებთან საპროტესტო აქციებს ირანელი მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მართავდნენ, მათ შორის თბილისშიც. ჰადი როსთამი სწორედ თბილისის აქციების მონაწილე იყო.