ავტორები: რობინ ფაბრო, იუსეფ ბარდუკა და არშალუის ბარსეღიანი
წინასწარი შედეგებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მესამე ვადით მოიპოვა ხელისუფლება. მან პრორუსი სომეხი მილიარდერ სამველ კარაპეტიანი დაამარცხა.
დათვლილია ხმების 94%.
„სამოქალაქო შეთანხმება“ 50%-ით ლიდერობს. კარაპეტიანის საარჩევნო ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ ამჟამად მეორე ადგილზეა 23%-ით. ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის მეთაურობით მოქმედ „სომხეთის ალიანსს“ კი ამ დროისთვის ხმათა 10% აქვს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, გადალახავს თუ არა გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტში შესასვლელად საჭირო 4%-იან ბარიერს, რადგან ამჟამად მას ხმების 3,98% აქვს, რაც ბარიერზე 0.02 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
არც ერთ სხვა პარტიას საპარლამენტო ბარიერი არ გადაულახავს.
ეს შედეგები „სამოქალაქო შეთანხმებისთვის“ კომფორტულ უმრავლესობას – 105-დან 64 მანდატს უზრუნველყოფს.
საპარლამენტო მანდატების რაოდენობა წინასწარი შედეგების მიხედვით
7 ივნისის გამართულ კენჭისყრას თან სდევდა ოპოზიციის – ძირითადად სამველ კარაპეტიანთან აფილირებული პირების მხრიდან ხმების მოსყიდვის შესახებ უწყვეტი ბრალდებები. ხელისუფლებამ როგორც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს ათობით პირი დააკავა.
7 ივნისის არჩევნები ბევრი ადამიანის მიერ აღიქმებოდა, როგორც ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთი სამველ კარაპეტიანის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს დასავლეთთან დაახლოების კურსს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებასაც კი შეეცდება. პარლამენტში შესულმა სამივე ოპოზიციურმა პარტიამ სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
ფაშინიანმა გამარჯვება ღამითვე, ხმების მხოლოდ 10%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რამაც ოპოზიციის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია.
პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირობას დებს, რომ გააგრძელებს დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას, ამასთანავე, შეინარჩუნებს ურთიერთობებს რუსეთთანაც. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხებმა „მშვიდობას მისცეს ხმა“ და იმედი გამოთქვა, რომ ამას „თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან პოზიტიური რეაქცია“ მოჰყვებოდა.

ფაშინიანის თქმით, მისი პარტიის პრიორიტეტი მომავალ ვადაში იქნება იმ სისტემის სრული დემონტაჟი, რომელიც მან შეაფასა, როგორც „კრიმინალურ-ოლიგარქიული“. მან პირობა დადო, რომ პასუხისგებაში მისცემს მთავარ ოპოზიციონერ ლიდერებს და მათ უწოდა „სამთავიანი ომის პარტია“.
გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში სამველ კარაპეტიანმა არჩევნებს „სამარცხვინო“ უწოდა იმ ქმედებების გამო, რომელიც მან „დევნად“ შეაფასა.
არჩევნები დარღვევებისა და ხმების მოსყიდვისთვის დაკავებების ფონზე
გასული კვირის განმავლობაში დააკავეს „ძლიერ სომხეთთან“ დაკავშირებული რამდენიმე პირი საარჩევნო ხასიათის სხვადასხვა დარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ წევრმა, გოჰარ მელოიანმა რუსულ სამთავრობო მედია „სპუტნიკს“ უთხრა, რომ შაბათის შემდეგ ალიანსის 200-ზე მეტი მხარდამჭერი და წევრი იყო დაკავებული.
არჩევნების დღეს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ცხრა პირის დაკავების შესახებ გამოაცხადა, ხოლო საარჩევნო დარღვევების მუხლით სისხლის სამართლის 59 საქმის წარმოება დაიწყო. ასევე 7 ივნისს სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ კოტაიქის პროვინციაში აღკვეთეს „ძლიერ სომხეთთან“ დაკავშირებული სქემა, რომლითაც კარაპეტიანის ბლოკთან აფილირეული 7 პირი გეგმავდა, 45 ამომრჩეველი საერთო ჯამში 7.5 მილიონი დრამით (20,000 დოლარი) მოესყიდა.
6 ივნისს დაკავების ორდერები ასევე გაიცა ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ექვს საპარლამენტო კანდიდატზე: ჰაიკ ავაგიანზე, სასუნ ბადოიანზე, არტურ აბრაჰამიანზე, ვაჰე თავაკალიანზე, ვაჰე ეღიაზარიანსა და აშოტ საჰაკიანზე. გენერალურმა პროკურატურამ ცალკე შუამდგომლობით მიმართა ცესკოს „ძლიერი სომხეთის“ კანდიდატის, დავით ღაზინიანის (სომხეთის ელექტროქსელების ყოფილი ხელმძღვანელი) დაკავების ანალოგიური ორდერის გაცემის თაობაზე, ანალოგიური ბრალდებით.
ოპოზიციურმა „სომხეთის ალიანსმა“ ამ ყველაფერს „საინფორმაციო ტერორი“ უწოდა.
„სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენელმა ვაჰაგნ ალექსანიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 80 მილიონი დოლარის ოდენობის საარჩევნო ქრთამი გამოავლინა.
„ძლიერი სომხეთის“ წევრმა მელოიანმა კი „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. მან წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც საარჩევნო უბნებთან სამხედროები ჩანან და განაცხადა, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის მიცემა მაინც გრძელდებოდა.
რუსეთს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მოსკოვს ბრალს სდებდნენ კენჭისყრით მანიპულირების მცდელობაში ეკონომიკური ზეწოლის, დეზინფორმაციული კამპანიისა და ხმის მისაცემად რუსეთიდან სომხების ორგანიზებულად ჩაყვანის გზით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთმა აკრძალა სომხური ხილის, ბოსტნეულის, ბრენდის, მინერალური წყალი „ჯერმუკის“, თევზისა და ყვავილების იმპორტი.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ მოუწოდეს სომხეთს, მიეღო გადაწყვეტილება, დარჩებოდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) თუ შეუერთდებოდა ევროკავშირს.
არჩევნების დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ მოსკოვი „ერევანს მუდმივად შეახსენებს, რომ ევროკავშირი ეკონომიკური გაერთიანებიდან ფაქტობრივად სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად გადაიქცა“.
ოვერჩუკმა ასევე თქვა, რომ არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენდა სომხეთისა და ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა ბლოკთან კავშირების შემდგომ გაღრმავებას და ნაცვლად ამისა, რუსეთთან უფრო ღრმა ურთიერთობებს უჭერდა მხარს.
ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს.
„დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, — განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ ამ დაძაბულობას „სომხეთში მოქმედი გარკვეული ძალები“ ქმნიდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ასევე გააკეთა კომენტარი სომხურ ექსპორტზე რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე და მათ „ეკონომიკური სანქციები“ უწოდა. მისი თქმით, საჭიროა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება „ჯანსაღ, კონსტრუქციულ ატმოსფეროში“.
მირზოიანმა ასევე არ გამორიცხა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რათა აიკრძალოს იმ მოქალაქეების ხმის მიცემა, რომლებიც დიდი ხნია, საზღვარგარეთ საზღვარგარეთ. მან აღნიშნა, რომ ეს დისკუსიები გამომდინარეობს იმ შეშფოთებიდან, რომ ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ უნახავთ სომხეთი, შესაძლოა მხოლოდ ხმის მისაცემად დაბრუნდნენ და გავლენა მოახდინონ ქვეყანაში მცხოვრებთა ბედზე.
„მათ, ვინც გადატრიალებაზე ფიქრობს, თავი კედლისთვის აქვთ მირტყმული“, — განაცხადა მირზოიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.