სომხეთის ცესკომ ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმა

პუბლიკა

ავტორი: ქსანდი (ალექსანდრა) კუენინგი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა სომხეთის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმა. ქოჩარიანი ოპოზიციური „სომხეთის ალიანსის“ ლიდერია – ბლოკმა ბოლო არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალს დასდებენ 2004 წელს დადებულ ერთ-ერთ გარიგებასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრების მუხლებით. 

ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა 17 ივნისის საღამოს, ცესკოს სხდომის დასრულებისთანავე განაცხადა.

ორბელიანის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობა წარადგინა იმ საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება 2004 წელს – ქოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდში – მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტრანზაქციას. თუმცა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის ქოჩარიანის ოჯახის არცერთ წევრს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

„საქმე ეხება ჩოგბურთის კომპლექს „მასტერ კლასს“. ეს ქონება იჯარით იყო გაცემული და მოიჯარემ მშენებლობა საკუთარი სახსრებით დაიწყო. 2008 წელს, ფინანსური სირთულეების ფონზე, კომპანიამ ინვესტორების ძებნა დაიწყო და წინადადებით მიმართა [ქოჩარიანის ვაჟს] სედრაკ ქოჩარიანს, რომელიც შემდგომში ამ პროექტში ჩაერთო კიდეც“, – განაცხადა ორბელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საქმე „პოლიტიკურ პროცესებთან არის ურთიერთკავშირში“ და დასძინა, რომ აქ „სხვა მოტივს ვერ ხედავს“.

გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობა 16 ივნისს წარადგინა. იმავე დღეს ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა ამ ნაბიჯს Facebook-პოსტით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ორი დღის წინ აეროპორტში მომხდარი უკანონობის გაგრძელებაა“, რითაც მან ქოჩარიანისთვის დაწესებული მოგზაურობის აკრძალვა იგულისხმა, რის შესახებაც 14 ივნისს გახდა ცნობილი.

ამ დღეს სომხეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ქოჩარიანი აეროპორტში საპასპორტო შემოწმებას გადის. გამგზავრებამდე ქოჩარიანის ოფისმა განაცხადა, რომ ის პირადი საქმის გამო მხოლოდ სამი დღით გეგმავდა გამგზავრებას.

მიქოიანის 16 ივნისის განცხადებით, „ორი დღის წინ საგამოძიებო და ანტიკორუფციულმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ არ მიმდინარეობდა არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა და შესაბამისად, ექსპრეზიდენტის მიერ ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა ცალსახა დანაშაული იყო, დღეს კი ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პროკურატურამ რაღაც საქმე „შეკერა“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა“.

მიქოიანმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ცესკოსთვის მიმართვის აუცილებლობა და ხელისუფლებას ბრალი დასდო კანონიერების უგულებელყოფაში.

„მათ შეეძლოთ, საქმე პირდაპირ მთავრობის გადაწყვეტილებით დაეწყოთ ან ფაშინიანის მიერ მიტინგზე წარმოთქმულ ისტერიულ გამოსვლას დაყრდნობოდნენ. ფაქტობრივად, ფაშინიანი სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ აქცევს დანაშაულის თანამონაწილეებად“, – დაწერა ბაგრატ მიქოიანმა.

ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთის ალიანსი“ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დაახლოებით 9.9% მიიღო და ახალ პარლამენტში 12 მანდატი მიიღო. როგორც ალიანსის საარჩევნო სიის ლიდერი, ქოჩარიანი სარგებლობდა სამართლებრივი დაცვით (იმუნიტეტით), რაც მოითხოვდა ცესკოს თანხმობას მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ქოჩარიანის შესახებ გადაწყვეტილების გარდა, ცესკომ პროკურატურას ასევე მისცა ნებართვა, ბრალი წარუდგინოს „სომხეთის ალიანსის“ საპარლამენტო კანდიდატების, რუსლან ბარსეღიანსა და ასატურ ქოჩარიანს, ასევე „ძლიერი სომხეთის“ კანდიდატ აშოტ იეღიაზარიანს.

საპარლამენტო იმუნიტეტი ასევე ჩამოერთვა „ძლიერი სომხეთის“ წევრ დავით ღაზინიანს და შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა საქმეზე, რომელიც საარჩევნო მოსყიდვის მიზნით ქრთამის დარიგების მომზადებას ეხება. ამ საქმეზე გამოძიება სომხეთში ივნისის დასაწყისში დაიწყო.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.