ე.წ საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესიდან, რომელიც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დღესაც გააძევა ადვოკატი.
ამჯერად სხდომის დატოვება დიმიტრი საძაგლიშვილს მოუწია, რომელიც ნიკა გვარამიას იცავს.
2 დღის წინანდელი პროცესიდან თამარ მახარობლიძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია გააძევა.
ორივე მათგანის ნაცვლად ბრალდებულებს საზოგადოებრივი ადვოკატები დაენიშნებათ.
დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის ცდილობდა, სხდომაზე დაესაბუთებინა, რომ უსაფუძვლო იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობა კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას დარბაზი დაატოვებინა.
„პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა კითხვის განრიდების შესახებ. ამის შემდეგ მან მოისმინა ნიკა გვარამიას პოზიცია და მეც, როგორც მის ადვოკატს, მინდოდა პოზიციის დაფიქსირება, თუმცა მოსამართლემ ამის საშუალება არ მომცა და ისე განარიდა შეკითხვა. ერთი მხრივ სასამართლოს ვალდებულებაა, მეორე მხრივ კი ადვოკატის პირდაპირ გათვალისწინებული უფლება, თვითონაც დააფიქსიროს პოზიცია კითხვის განრიდებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი მხრიდან არც შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონია ადგილი, არც სასამართლო სხდომის ჩატარებისთვის ხელშეშლას. არ ვიცი, უბრალოდ, აუხსნელია ისე მიიღო გადაწყვეტილება გაძევებაზე და დაჯარიმებაზე. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და დაველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა თქვა, რომ პროცესზე წესრიგი დაირღვა.
„მაშინ, როცა ნებისმიერი მხარე, არ აქვს მნიშვნელობა, არ ემორჩილება მოსამართლის გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე მიუთითებს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ნუ ეკამათება სასამართლოს თავმჯდომარეს და ეს გრძელდება ამ ფორმით და ამ მოცემულობით, ეს არის პროცესზე წესრიგის დარღვევა და დანამშვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ამ პროცესზე ნამდვილად მოხდა“, – თქვა პროკურორმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ყველა მათგანის ადვოკატს ეტაპობრივად საზოგადოებრივი ადვოკატით ჩაანაცვლებს, რათა „ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხზეს რომელიმე სხდომა“.
„შუამდგომლობის დაყენება არ შეიძლება, და ზოგადად საერთოდ არაფერი არ შეიძლება, ხმის ამოღება არ შეიძლება, გაღიმება არ შეიძლება. შენიშვნა მოგვცეს იმის გამო, რომ – შიგნით რაც ხდება, ეს მოწმეები რასაც ყვებიან, უბრალოდ შეუძლებელია, ადამიანმა სიცილი შეიკავოს. ამაზე მოსამართლეს აქვს რეაქცია და იძლევა შენიშნვებს და ყრის ხალხს დარბაზიდან. ჩემი აზრით, საკმარისი არ არის ის, რომ სხდომა არის დახურული და თქვენ არ გიშვებენ შიგნით. ის, რომ ჩვენ გამოვდივართ და ჩვენ ვყვებით ამბავს, ეგეც პრობლემაა, როგორც ჩანს.
მაგისკენ მიდის, რომ ყველას დაგვინიშნონ სახაზინო ადვოკატები.
შემდეგზე თუ არა იმის შემდეგ სხდომამზე ნელ-ნელა ყველას გამოგვყრის იქიდან და დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები და ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა. არც არავინ მოყვება რამეს“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ე.წ საბოტაჟის საქმეზე საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა დამსწრეთათვის, მათ შორის მედიისთვის დახურულია.
საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულსიხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.