საბჭოეთის კიდევ ერთი ხრიკი ადამიანების დასამონებლად ის გახლდათ, რომ პროპაგანდა გამუდმებით აწვეთებდა მოქალაქეებს, რომ, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, რა მცდელობებიც არ უნდა ჰქონოდათ, მათ ბედს და არამხოლოდ მათ, არამედ მთელი სამყაროს ბედს, სადღაც ერთ ოთახში მჯდომი, მანტიაშემოსხმული უჩინარი ბიძიები წყვეტდნენ. და ეს უჩინარი ბიძიები სადღაც ნამდვილად არსებობდნენ. პროპაგანდა ხალხს უნერგავდა, რომ რიგითი ადამიანის მცდელობა არაფერს ნიშნავდა და ყველაფერი გლობალურ პოლიტიკურ კულუარებში წყდებოდა. იქ, სადღაც X ადგილას, X ადამიანები ისხდნენ და სამყაროს თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ.
დღეს ამ უხილავ ძალას დიფ სტეიტს ვეძახით. საბჭოთა წლებში სახელი არ ჰქონია, მაგრამ ფუნქცია იგივე იყო – ადამიანს უნდა დაეჯერებინა, რომ მოვლენების ნამდვილი ავტორი სადღაც კულისებში მყოფი ძალა იყო და არა თვითონ… და ყველაფერი, რაც ხდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის სურვილითა და ხელდასხმით ხდებოდა. ამ ინსტრუმენტს პოლიტიკოსები დღესაც მოხერხებულად იყენებენ, რათა პასუხისმგებლობა აირიდონ და თავიანთი ყველა წარუმატებლობა დიფ სტეიტს გადააბრალონ… ეს იქით იყოს, ჩვენ ჩვენს ლოკალურ პრობლემას დავუბრუნდეთ.
ამიტომ იყო ხალხში მაშინ ამდენი სკეპტიციზმი და უიმედობა, რადგან ბავშვობიდანვე წვეთ–წვეთად ჟღენთდნენ იმ აზრით, რომ მათი მომავალი სხვის ხელში იყო და ყირაზეც რომ დამდგარიყვნენ, მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ამიტომაც დღემდე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში უამრავი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე. და ეს მაშინ, როცა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არჩევნებზე წასვლას თითოეული მოქალაქე სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიიჩნევს. და იქ იმ იმედით ცხადდება, რომ მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას; რომ მისი სურვილის შესაბამისად შეცვლის რეალობას, გაიუმჯობესებს მომავალს, გახდის ცხოვრებას უფრო სასურველსა და ბედნიერს; რომ მისი ხმა შესმენილი იქნება.
ამ კონკრეტული ბოროტების, დიფ სტეიტის მითის შედეგებს ჩვენ დღეს უფრო მტკივნეულად ვიმკით, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან მაშინდელი არჩევნები სულაც არ ყოფილა აქტუალური რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან პირველი ის არის, რომ მაშინ ამომრჩევლის წინაშე არჩევანის მრავალფეროვნება არ ყოფილა. ასარჩევი იყო ერთადერთი პარტია, ან ერთადერთი დეპუტატი (ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი, მაშინაც დეპუტატები ერქვათ). ამიტომ წავიდოდა თუ არა მოქალაქე არჩევნებზე და მისცემდა თუ არა მოცემულ კანდიდატს ხმას, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ის პარტია თუ კანდიდატი იმარჯვებდა. და ეს პარტია იყო – ძლევამოსილი საბჭოთა კომუნისტური პარტია.
მიუხედავად ამისა, საბჭოეთს მაინც სჭირდებოდა ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, სხვათა თვალის ასახვევად. ერთი რუსი მეგობარი მყავდა ყაზახეთიდან, ისრაელში ერთად ვმუშაობდით. ის მიყვებოდა, რომ ჩვენთან, არჩევნებზე რომ მივეტყუებინეთ, საარჩევნო უბანზე ბაზრობას აწყობდნენ და კონცერტებიც იმართებოდაო. საქართველოში მსგავსი რამ მე არ მახსენდება. უფრო ის მახსოვს, რომ ჩვენი კუთხიდან არჩევნებზე ერთი ადამიანი მიდიოდა და მთელი მეზობლების ხმას ის აძლევდა. ასეთი ფარსი იყო მაშინ არჩევნებიც და ხმის მიცემაც. პრინციპში მაშინდელი არჩევნები მაინც ვერაფერს გადაწყვეტდა არჩევანის არარსებობის გამო.
დღეს, როცა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და ისევ დიფ სტეიტის ფარულ შესაძლებლობებზე გვესაუბრება, რაღაცნაირი დეჟავუ მაქვს და ვხვდები, რომ ეს უხერხემლო პოლიტიკოსების ტრიუკია, რომლებმაც თავიანთი უნიათო პოლიტიკით ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენეს და ახლა ამ ყველაფრისთვის პასუხისმგებლობას რაღაც უხილავ, არარსებულ დიფ სთეითს აკისრებენ.
საბჭოთა დროს ამ უჩინარი დიფ სტეიტის არსებობა უფრო იმიტომ იყო საჭირო, რომ ადამიანების ნებისმიერი სურვილი, შეეცვალათ ცხოვრება უკეთესობისკენ, ჩანასახშივე ჩახშობილიყო… საბჭოთა ადამიანს არ უნდა ჰქონოდა სურვილები და ოცნებები, რადგან საბჭოთა ადამიანს ისედაც ყველაფერი ჰქონდა. ღმერთო ჩემო, ან სურვილი როგორ უნდა გასჩენოდათ ადამიანებს, რომლებსაც ვოლიერის ცხოველებად ზრდიდნენ და მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელ პროგრამებს უტვირთავდნენ.
ეს ინერციით გადმოყოლილი სკეპტიციზმი დღეს მეტად გვაზარალებს, ვიდრე ოდესმე. დღეს ხომ შეგვიძლია არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და მოვიყვანოთ ახალი, ჩვენთვის სასურველი. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან გაყალბებების მასშტაბისა, ამ საქმეში მაინც ჩვენი ოპტიმიზმია გადამწყვეტი; იმის ცოდნა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ჩვენს ხელშია და თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსების მცდელობები ერთ მუშტად შეკრული ხალხის წინაშე უძლურია. ჩვენ კი ისევ საბჭოეთიდან გადმოყოლილი ნიჰილიზმი გვღუპავს…
პირადად ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ამ მახეების აღმოჩენა და დანახვა კი არ არის, არამედ ის, რომ მისი მარცვლები ჯერ კიდევ მრავლადაა მიმოფანტული ადამიანებში და ის ისევ აგრძელებს ცხოვრებას. და სანამ ის აგრძელებს ცხოვრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენში საბჭოეთი ჯერ არ დაგვიმარცხებია.