პატარიძე ხოშტარიაზე: თუ ბრიფინგებით საუბარი გაგრძელდება, იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადავდგა - ამ შემთხვევაში ვიცავ მსჯავრდებულის ინტერესებს

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს.

პატარიძე ამტკიცებს, რომ ექიმთან შეხვედრა ვერ შედგა და ამის მიზეზი თავად ექიმის „მოუცლელობა“ გახდა.

პენიტენციური სამსახურის უფროსი „აბსურდის თეატრს“ უწოდებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის „რეალური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად“ ბრიფინგებით საუბარს და აღნიშნავს, რომ საქმის ნაცვლად საჯარო განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება „სხვა ნაბიჯები“ გადადგას, თუმცა ამ ეტაპზე „მსჯავრდებულის ინტერესებს იცავს“.

„ექიმი გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ვციტირებ მის სიტყვებს, რომ ამ შემთხვევაში მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას და ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, პაციენტი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეაო, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია მისი გასინჯვაო […]

რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან. მას ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერი პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ, და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ ეცალა. […]

სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი იმიტომ, რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებულია… მზად ვარ, ნებისმიერ დროს, რომ შევხვდე მას. […]

მინდა, რომ ექიმს შევხვდე, გავცვალოთ ასე ვთქვათ პოზიციები იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო, ანალიზი, როგორც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე კიდევ სხვადასხვა დეტალები. ეს გვინდა, რომ უბრალოდ ექიმთან გავიაროთ იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის, მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას მიერ ნდობით აღჭურვილი პირი. […]

მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, ნუ, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადავდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ”, – თქვა პატარიძემ. 


პარტია „დროა“ აცხადებს, რომ ციხის პირობებში შეუძლებელია კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება, საბოლოო დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. შესაბამისად, აუცილებელია ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.

მათი შეფასებით, თითოეული დღე, რომელიც ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის გარეშე გადის, „არის შეგნებული დარტყმა მის ჯანმრთელობაზე და სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ“.


17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.  

პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“.

მათივე მტკიცებით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ და „მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ“.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას პარტია „დროამ“ უპასუხა.  მათი თქმით, უწყების განცხადება ბევრ ტყუილსა და უზუსტობას შეიცავს.

19 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მზად არის, შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თუმცა ამისთვის აუცილებელია თავად პატიმრის თანხმობა.

25 ივნისს ელენე ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმმა მაკა იოსელიანმა მოინახულა. როგორც მან განმარტა, „დროას“ ლიდერს აქვს „ძლიერი ტკივილი, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად, ხმარობს ხელჯოხს, უჭირს თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს, თვითმომსახურეობის ფარგლებში.“

ექიმის თქმით, პაციენტის გასინჯვა „ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად პაციენტის მცდელობისა, ძლიერი ტკივილის გამო.“

ის მიიჩნევს, რომ „კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.“


კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას 24 მარტს ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა  570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.