ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს – დარჩება საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითად მესაკუთრედ და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.
რაც შეეხება საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, მათ მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციებს კერძო ოპერატორები და საერთაშორისო ინვესტორები დააფინანსებენ.
ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა განსაკუთრებით მიესალმება ინვესტიციებს „შუა დერეფნის“ მონაწილე ქვეყნებიდან — ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან.
„საქართველოს მთავრობამ გასული ერთი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარიანობის ზრდის პერსპექტივებთან. საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას.
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი განაპირობა, როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთისა და ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა.
პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და, ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი.
სწორედ აღნიშნული ამოცანის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო დააფინანსებს პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მოწყობასაც.
„საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან — ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, – განაცხადა მან.
ქვრივიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის წილები არ გაიყიდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება – „ეს იქნება ქართული პორტი“ – აღნიშნა მან.
მან ასევე ჩამოთვალა კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც კომპანიებთან კონტრაქტები გაფორმდება:
„ჩვენ ვიწყებთ ღია და გამჭვირვალე პროცესს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში ჩვენ გვყავდეს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი, იმ კომპანიის სახით, სახელმწიფოს წარმომდგენლობით იქნება თუ კერძო კომპანიებით, რომელსაც აქვს საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირების გამოცდილება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოზიდოს დამატებითი ტვირთნაკადი, ან უკვე აქვს საკუთარი ტვირთნაკადი, ასევე კომპანია, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მოაწყოს საპორტო, ამ შემთხვევაში, სატერმინალო ინფრასტრუქტურა ღირსეული ოპერირებისთვის“.
მარიამ ქვრივიშვილისვე განცხადებით, ანაკლიის პორტი პირველ გემს 2029 წელს მიიღებს.
2024 წლის მაისში გამართულ კონკურსში გამარჯვებულად ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC გამოცხადდა. საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელი დღემდე არ მოწერილა.
2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს.
2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.