ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

პუბლიკა

ჰააგაში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2026 წლის ყოველწლიურ სესიაზე  მხარი დაუჭირეს აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის ინიციატივით მომზადებულ რეზოლუციას „საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს შემზღუდველი კანონები, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები და აღადგინოს დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.

ამასთან, დოკუმენტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც სანდო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებით თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

რეზოლუციის განხილვისას მისმა ინიციატორმა, აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველოში „სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფი კოლაფსი მიმდინარეობს, იზრდება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე და ადგილი აქვს სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობრივ ბოროტად გამოყენებას“, რაც, მისი შეფასებით, „სწრაფი ტოტალიტარული შემობრუნების ნიშნებია“.

უილსონის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა გაყალბებულად შეაფასეს, ხოლო ქვეყანაში მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური კონკურენციის შემცირება და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ეწინააღმდეგება ქართველი საზოგადოების მისწრაფებას, გააღრმაოს პარტნიორობა აშშ-სა და ევროპასთან.

„დემოკრატიული უკუსვლა შესაძლებლობებს ქმნის რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთვის, რაც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, მათ შორის ქვეყნის როლს შუა დერეფანში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ განვითარებას“, – თქვა კონგრესმენმა.

უილსონმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ინტეგრაციის პროცესზეც და განაცხადა, რომ მოსკოვის ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას ემსახურება და დე ფაქტო ანექსიის ნიშნებს შეიცავს.

მისი განცხადებით, რეგიონული სტაბილურობისა და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდველი კანონების გაუქმება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და უარი თქვას ისეთი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

სხდომაზე საქართველოს მხრიდან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ წევრებმა ეკა სეფაშვილმა და ლევან მახაშვილმა. მათ თქვეს, რომ არ ეთანხმებიან რეზოლუციის შინაარსს.

ეკა სეფაშვილის თქმით, რეზოლუციის მიღმა პოლიტიკური ინტერესები დგას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყალბ აღქმებს ქმნის და მიზნად ისახავს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას.

ლევან მახაშვილმა კი „აკვიატება“ უწოდა შენიშვნებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მახაშვილმა თქვა, რომ უილსონის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია ეუთოსადმი ნდობას უთრის ძირს, ხოლო არჩევნებთან დაკავშირებით დაუდასტურებელ ბრალდებებს ავრცელებს.

„აიღეთ ეუთოს სივრცეში ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშები და მითხარით, რომელ ქვეყანაში იყო საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირებული პრობლემების თვალსაზრისით. შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც ამ ფორუმზე, არჩევნებიდან ორი წლის შემდეგაც კი, ასეთი აკვიატებული ყურადღება ეთმობა?

ღრმა შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატი ავლენს შემაშფოთებელ ტენდენციას – აკვიატებულ ინტერესს, რომელიც უფრო მდევნელებისა (სტალკერების) და შეთქმულების თეორიების მიმდევრების ქცევას ჰგავს. ბატონი ჯო უილსონის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვის შემდეგ მიჭირს, სხვა დასკვნა გავაკეთო“.

ლევან მახაშვილმა ჯო უილსონზე ისიც თქვა, რომ სიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

„ბატონო თავმჯდომარე, სამწუხაროდ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ კონცეპტუალურ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებიც მთელს დოკუმენტს მოიცავს. რეზოლუციის პროექტის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება.

ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება, რეზოლუციის ამჟამინდელი პროექტი მთლიანად ჩავაგდოთ“, – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ოცნების“ წევრების მოწოდებები არ გაითვალისწინა და კრიტიკულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.