OSCE PA-მ მიიღო დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს

პუბლიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

თავის მხრივ, ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას, სახელწოდებით „საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“ ასამბლეამ კენჭი 2 დღის წინ, 6 ივლისს, უყარა.

დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, გააუქმოს შემზღუდველი კანონები, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების არჩევნების დარღვევები, აღადგინოს დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, არ აღიაროს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც საერთაშორისო სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ შეფასდება, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.

დეკლარაციით დაგმობილია რეპრესიული კანონების მიღება და მოთხოვნილია მათი გაუქმება.

ასევე დაგმობილია თვითნებური დაკავებების, დაპატიმრებებისა და შევიწროების პრაქტიკა, რომელიც გრძელდება პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ემხრობიან.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და დარბაზი დატოვა საქართველოს დელეგაციამ – „ქართული ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ „რეზოლუციის მიღმა დგას პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყალბ აღქმებს ქმნის და მიზნად ისახავს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას“.

კენჭისყრის წინ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა განცხადება საქართველოს დელეგაციის სახელით. მან თქვა:

„იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის გარკვეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, მნიშვნელოვნად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ჰააგაში – საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში“, – თქვა სამხარაძემ.

მას უპასუხა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონსმა.

„როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იმავეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, – განაცხადა მან.