შავი გედი, თეთრი გედი…

დავით ბუხრიკიძე

თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება და კვლავაც ცდილობს იპოვოს ბალანსი კლასიკურ საბალეტო დადგმებსა და თანამედროვე ცეკვის თამამ, სოციალურ თუ ავანგარდულ ფორმებს შორის.

თბილისის საბალეტო ფესტივალი, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ყოველი წლის ივლისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, ამჯერად 5-დან 19 ივლისამდე უმასპინძლებს ტერფსიქორას თაყვანისმცემლებს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, სახელოვანი მოცეკვავე და უკვე გამოცდილი მენეჯერიც, ნინო ანანიაშვილი ახერხებს კლასიკური საბალეტო დადგმები მაქსიმალური კონცენტაციით იყოს წარმოდგენილი. მეორეს მხრივ, საკუთარი კონტაქტებით ცდილობს ფესტივალზე ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმები და თანამედროვე ცეკვის ტენდენციები წარმოაჩინოს.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ჩატარდება. გასული წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული ქორეოგრაფისპინა ბაუშის საბალეტო დასი (Tanztheater Wuppertal Pina Bausch). მისი გამორჩეული ოპუსი Masurca Fogo, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს დადგა, ქორეოგრაფის გარდაცვალების შემდეგ, ვუპერტალის ცეკვის თეატრის ახალმა ხელმძღვანელობამ აღადგინა. თანამედროვე ცეკვის მოყვარულებს ამ წარმოდგენის ნახვა 17, 18 და 19 ივლისს შეეძლებათ.

პირველივე საფესტივალო სპექტაკლებიპეტრე ჩაიკოვსკისგედების ტბადამძინარე მზეთუნახავი” (მარიუს პეტიპასა და ლევ ივანოვის კლასიკურ ქორეოგრაფიაზე დაფუძნებული, ასევე ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის ახალი ქორეოგრაფიული რედაქციებით), გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიაში დროის კონტექსტი და შემოქმედებისადმი დისტანცია. მაგალითად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1945 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმულმაგედების ტბამლამის 30 წელზე მეტი გაძლო, ვიდრე 1976 წელს რეპერტუარში არ გაჩნდა ბალეტის ახალი ვერსია, კონსტანტინე სერგეევის რედაქციით.

„გედების ტბა”

შემდეგი ეტაპი იყო 2005 წელს, ცნობილი მოცეკვავისა და შემდეგ უკვე ქორეოგრაფის, ალექსეი ფადეიჩევის ახალი დადგმა, რომელიც მან ნინო ანანიაშვილის მოწვევით განახორციელა ოპერისა და ბალეტის თეატრში. სულ ახლახან, 2026 წლის მაისში, ჯადოსნური ტბის მრავალტანჯულმა გედებმა ფრენის ახალიტრაექტორიამოხაზესამჯერად ნინო ანანიშვილისა და ალექსეი ფადეიჩევის ერთობლივი ქორეოგრაფიით.

უკანასკნელი ათწლეულების გაბედული, ავანგარდული, ავანტურული თუ ექსპერიმენტული ქორეორედაქციების ფონზე (ჯონ ნოიმაიერი, რუდოლფ ნურიევი, როლან პეტი, მათს ეკი, მეთიუ ბორნი), თბილისის ოპერისა და ბალეტისგედის ტბაფრთხილი აკადემიზმით, კლასიკური ცეკვის ფორმისადმი მეტნაკლები ერთგულებით და შეცვლილი, ასე ვთქვათ, ოპტიმისტური ფინალით გამოირჩევა.

ზოგადად, ჩაიკოვსკის ბალეტს ტრაგიკული ფინალი აქვს: პრინცი ზიგფრიდი და ოდეტა იღუპებიან, ხოლო მათი სიყვარული ბოროტი ჯადოქრის, როტბარტის წყევლა ანადგურებს. ანანიაშვილისა და ფადეიჩევის ვერსიით კი ზიგფრიდი ამარცხებს როტბარტს, წყევლა მოხსნილია და ოდეტა, ისევე როგორც გედებად გადაქცეული გოგონები, ჯადოსგან თავისუფლდებიან

ოდეტა/ოდილიას პარტიას ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მოცეკვავე, მარიამ ლომჯარია ასრულებს, რომელსაც 20026 წლიდან უკვე სოლისტის სტატუსი აქვს და ეს სტატუსი მან საოცნები პარტიის შესრულებისას დაადასტურაძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებით, გამოკვეთილი ინდივიდულიზმით, უფრო ლირიკული ხაზებით და ოდეტასადმი უფრო ზუსტი იდენტიფიკაციით. შესაბამისად, ოდეტა დათეთრი გედის სცენებიპირველ აქტში უფრო ეფექტური და დამაჯერებელია, ვიდრე შავ გედად, ანუ ოდილიად ტრანსფორმიერებულ ეპიზოდებში.

“გედების ტბა”

ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ შეიძლება გავიხსენოთ ოდეტასა და ოდილიას იდენტობისა თუ კონტრასტის პრობლემა. კლასიკურ თუ თანამედროვე დადგმებში, ძირითადად ამ ორ პარტიას ერთი და იგივე მოცეკვავე ასრულებს. თუმცა, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, 1935 წელს, ცნობილმა რუსმა ქორეოგრაფმა და პედაგოგმა, აგრიპინა ვაგანოვამ, პეტერბურგის მარიას სახელობის თეატრში ეს როლები ორ ახალგაზრდა მოცეკვავეს გაუნაწილა: ოდეტას გალინა ულანოვა ცეკვავდა, ხოლო ოდილიასოლგა იორდანი. საბჭოთა თეატრებში გარკვეული მოსაზრებით, ეს ვერსია აღარ დამკვირდა, არადა ჩაიკოვსკის მკვეთრად კონტრასტული პერსონაჟების მუსიკალური დახასიათება ამ როლების სხვადასხვა მოცეკვავეზე განაწილების საშუალებას იძლევა.

ზიგფრიდის პარტიას ბრაზილიური წარმოშობის მოცეკვავე და ამჟამად ავსტრალიის საბალეტო დასის სოლისტი, დევი რამოსი ასრულებს. ის უფრო სახასიათო, რბილი, მოქნილი და განსხვავებული პლასტიკის მოცეკვავეა, ვიდრე კეთილშობილ ან რომატიკოსუფლისწულების პარტიების სტანდარტულ შემსრულებელს შეეფერება. ამავე დროს, მისიდაკიდული“, შენელებული და ოდნავ ზანტი მოძრაობები და ნახტომშპაგატებიც ძალიან ესთეტური და ეფექტურია.

“მძინარე მზეთუნახავი”

როტბარტის პარტიას იტალიელი ლორენცო ლოდი ცეკვავს, რომელმაც ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია 2020 წელს დაამთავრა, ხოლო 2025 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. სხვათა შორის, ის ზიგფრიდის პარტიასაც ცეკვავს. ასე რომ, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლებელია ბოროტი ჯადოქარი როტბარტი (რომელიც უფრო საშუალო სტატისტიკური ბოროტების გამომსახველი პლასტიკით გამოირჩევა, ვიდრე ამავე ბოროტებით ნაკვები ქარიზმითა და ენერგიით) პუბლიკამ კეთილშობილი პრინცის სახითაც იხილოს სცენაზე.

კლასიკური საბალეტო პროგრამის ასე ვთქვათ, სამუზეუმო, თუმცა ოდნავ მოდერნისტულ ოპუსად შეიძლება მივიჩნიოთ ჩაიკოვსკის კიდევ ერთი ცნობილი ბალეტიმძინარე მზეთუნახავი“ (პირველი დადგმა 1890 წელს). თბილისის საოპერო თეატრში სპექტაკლი ფადეიჩევანანიაშვილის ქორეოგრაფიული ვერსიით 2018 წელს აღდგა და ამ ბალეტის პირველი დამდგმელის, მარიუს პეტიპას დაბადებიდან 200 წლისთავს მიეძღვნა.

ფესტივალის ფარგლებში განახლებულმა ვერსიამ გაცილებით სანახაობრივი და თვალისათვის საამო ელფერი შეიძინა. ეს პირველ რიგში ანატოლი ნეჟნის მხატვრობისა და სცენოგრაფიის დამსახურებაა, რომელმაც შარლ პეროს ცნობილი ზღაპარი  (ბალეტის ლიბრეტო სწორედ მას ეყრდნობა) ფერადი თეატრალური სიზმრითა და დახვეწილი კოსტიუმებით შემოსა. ანატოლი ნეჟნი ცნობილი თეატრალური მხატვრების დინასტიის წარმომადგენელია. ბალეტის მოყვარულთათვის ცნობილია მისი დეკორაციები ფონდ მარის ლიეპას პროექტისთვისრუსული სეზონები XXI საუკუნე“, რომლის ფარგლებშიც გააცოცხლა ცნობილი ბალეტები – „ფასკუნჯიდაშეჰერაზადა“.

მოჯადოებული და მიძინებული პრინცესა ავრორასა (ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტი ემა ჰოუსი) და შეყვარებული პრინცის, დეზირეს (ასევე ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტი აიტონ არიეტა) სიყვარულის ამბავი ისეთი დრამატული არ არის, როგორც ვთქვათ, „გედების ტბაში“, თუმცა ამ კეთილი ფინალით აღჭურვილ ზღაპარშიც არის ერთგვარი ბოროტი ჯადოქარი, კარაბოსი, რომელიც მოწამლული ყვავლებით დააძინებს ავრორას. კარაბოსელენე ღაღანიძის შესანიშნავი და სახასიათო პლასტიკა, ქარიზმატული გაელვებები სცენაზე და ეფექტური შავი კოსტუმი, მთავარ პარტიების შემსრულებლების ფონზეც ძალიან შთამბეჭდავია.

“მძინარე მზეთუნახავი”

გედების ტბისგანგანსხვავებით, ჩაიკოვსკის ეს ბალეტი გადატვირთულია პანტომიმის დიდი დოზით და მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით, რაც დღევანდელი მაყურებლისთვის აღქმის ველს ართულებს. თუმცა მთლიანობაში, სპექტაკლი სანახაობრივად ძალიან ლამაზია. მაგალითად, ფერია იასამნის ეპიზოდები (კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამ პატარა პარტიაში ანასატასია მილიაჩენკო)… შეიძლება გავიხსენთ ბრილიანტის (ტომონე კაგავა), საფირონის (ნანა თაბაგარი), ოქროს (ანა მოდებაძე), ვერცხლის (ლანა გოგისვანიძე) ელვარებაც. ზღაპრის პერსონჟებს კი ისედაც ზღაპრული სიუჟეტის ბალეტში დამატებითი ელფერი შემოაქვთ. განსაკუთრებით პრინცესა ფლორინას (ნინი ხახუტაშვილი) და ლურჯ ფრინველს (ჯოშუა ნუნამეიქერი).

ორივე სპექტაკლს – „გედების ტბასდამძინარე მზეთუნახავს“, დირიჟორობდა მაესტრო ლევან ჯაგაევი, რომელმაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს მხნეობა, ენერგია და საფეტივალო განწყობა უდავოდ შთაბერა. თუმცა, თუ სასულე და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებლებს უკეთ მიხედავს, ორკესტრი კიდევ უფრო კარგად გაგვიძღვება ჩაიკოვსკის, კრეინისა და მინკუსის მუსიკის ლაბირინთებში.