ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ კაპანაძის სასამართლო პროცესი დღეს, 25 ივლისს ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს და კლინიკიდან გაწერის შემდეგ იზოლატორში გადაიყვანენ.
კაპანაძე კლინიკაშია, ვინაიდან დაკავების დროს პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, პასუხად კი ის სამართალდამცველებმა განაიარღეს. სწორედ ამ პროცესში დაუზიანდა მას ხელი.
კაპანაძეს ბრალი გუშინ, 24 ივლისს, 4 მუხლით წარუდგინეს.
დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განცხადება გააკეთა პროკურორმა მედეა ცირამუამ.
კითხვაზე, რატომ ჰქონდა ნიკოლოზ კაპანაძეს ცეცხლსასროლი იარაღი, თუ ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ცირამუამ თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს.
„სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის სამედიცინო ისტორიით თუ დოკუმენტაციით, არ დადასტურებულა ოფიციალურად ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება ჰქონდა.
თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ამ მიმართულებითაც შევისწავლით, თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ოფიციალურად არ არსებობს ინფორმაცია და დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას“, – თქვა მედეა ცირამუამ.
პროკურორს ასევე ჰკითხეს შემაკავებელ ორდერზე, რის შესახებაც კაპანაძის დედამ, დოდო ოდიშარიამ „ტვ პირველთან“ თქვა – ქალის თქმით, მისმა შვილმა იარაღის შენახვის უფლება იქამდე მოიპოვა, სანამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა. მისივე თქმით, კაპანაძე „სკამებს ამტვრევდა“, რის გამოც ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
„მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი, წაიღეს და უკან დააბრუნეს. 4-5 წელია იმის მერე. ისე სამი იარაღი აქვს, რომელიც გაფორმებული აქვს ძველი, ხმარებაში ახლა ერთი ჰქონდა“, – თქვა დოდო ოდიშარიამ „ტვ პირველთან“ 23 ივლისს.
მედეა ცირამუა დღეს ამბობს, რომ დედას ეს გამოძიებასთან ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
„დედაზე დაყრდნობით ინფორმაცია შეიძლება იყოს მიმართული იმისკენ, რომ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრს აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. დედამ შეიძლება ეს ინფორმაცია გააჟღერა, მაგრამ დედამ ისიც თქვა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა იმის თაობაზე, რომ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, თუმცა აქვე გეუბნებით ოფიციალურად მან უარყო ეს ფაქტი და შესაბამისად საგამოძიებო ორგანოს არ დაუდასტურა ძალადობის ფაქტი“, – ამბობს პროკურორი.
ნიკოლოზ კაპანაძის ფსიქიკური ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.
ადვოკატის თქმით, თავად ნიკოლოზ კაპანაძეს გამოძიებისთვის ამ დრომდე არ მიუცია ჩვენება, ვინაიდან „შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა“.
22 ივლისს ვერაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, 3 კი – დაშავდა.
მომხდარზე დააკავეს ნიკოლოზ კაპანაძე.
24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი 4 მუხლით წარუდგინა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას);
- 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ);
- 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება);
- და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.
კაპანაძეს 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის განცხადებით, ინციდენტი 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე დაიწყო – თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.
პროკურატურა ამბობს, რომ შელაპარაკების პარალელურად ახალგაზრდებმა ადგილიდან წასვლა სცადეს, რა დროსაც ნიკოლოზ კაპანაძემ მათ თავისი „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე ესწორა, რის შედეგადაც 3 ახალგაზრდა დაიჭრა.
მათგან ერთ-ერთი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.
პროკურატურა ამბობს, რომ ნიკოლოზ კაპანაძემ სროლით საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას – ერთმა ქალმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.
უწყებისვე ცნობით, 2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე შანიძის ქუჩა №31-ში, სადაც ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელი სახლია, პოლიცია საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების ჩასატარებლად მივიდა.
ნიკოლოზ კაპანაძე მათ დაემუქრა და კარის გაღებისთანავე ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან: „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან მათი მოკვლა სცადა.
უწყება წერს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.