ფაშინიანმა პუტინთან ტელეფონით ისაუბრა — პირველად 7 ივნისის არჩევნების შემდეგ

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ისაუბრა. ეს ორი ლიდერის პირველი კომუნიკაციაა სომხეთში 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ ხელახალი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების წინ რუსეთმა თავი შეიკავა ოპოზიციის ღია მხარდაჭერისგან, თუმცა ნათელი გახადა, რომ კრემლს ფაშინიანის დამარცხება სურდა. რუსეთის ოფიციალურ პირებს ნიკოლ ფაშინიანისთვის გამარჯვება თითქმის 2 თვის შემდეგაც არ მიულოცავთ.

რუსეთის ოფიციალური განცხადების თანახმად, 27 ივლისს სატელეფონო საუბარი სომხეთის ინიციატივით შედგა.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოკლე იყო. მასში უბრალოდ აღინიშნა პუტინის განმეორებითი პოზიცია იმის შესახებ, რომ სომხეთმა უნდა გამართოს რეფერენდუმი, თუ რა სურს მას: ევროკავშირში გაწევრება თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) წევრობის შენარჩუნება.

სომხურმა მხარემ მოლაპარაკებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა „ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემებზე“.

პუტინის მოთხოვნებთან დაკავშირებით ფაშინიანმა „ხაზი გაუსვა, რომ რეფერენდუმის გამართვა პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს წევრობის განაცხადით და საკითხი საგნობრივ მნიშვნელობას შეიძენს“.

ამას გარდა, ფაშინიანმა წამოჭრა რუსეთში სომხური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვების საკითხიც. შეზღუდვები არჩევნებამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ზომები „ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ჩარჩოსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს“.

რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტი, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების, რძის პროდუქტების, ყვავილების, ხილის, ბოსტნეულის, მინერალური წყლის, თევზისა და სხვა საქონლის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ აწესებს ახალ შეზღუდვებს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთს „სომხური იმპორტისთვის საერთოდ არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია“ და ამას „ჩვეულებრივი, ნორმალური სამუშაო პროცესი“ უწოდა.

რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ბაზარზე სომხურ პროდუქციას აზერბაიჯანული საქონლით ჩაანაცვლებდნენ.

28 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, თუმცა არც რუსეთის და არც აზერბაიჯანის მხარის განცხადებებში სომხეთი ან მასთან დაკავშირებული საკითხები ნახსენები არ ყოფილა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.