ავტორი: აითან ფარჰადოვა
აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია Toplum TV-ის 4 ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის“ (IDI) 5 წევრს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტები და აქტივისტები აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფარგლებში დააკავეს. 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ქვეყანაში 30-ზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული.
27 ივლისს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო ქვეყანაში ფულის კონტრაბანდულად შემოტანის ბრალდებით.
ამ განაჩენით დასრულდა ფართოდ გაშუქებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა მას შემდეგ, რაც 2024 წელს Toplum TV-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
Toplum TV-ის თანადამფუძნებელ ალასგარ მამადლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ტელეკომპანიის ჟურნალისტებს: მუშფიგ ჯაბარს, ფარიდ ისმაილოვსა და ელმირ აბასოვს – 13, 12 და 11 წლით პატიმრობა.
ელმირ აბასოვი მანამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 27 ივლისს, სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე ის პირდაპირ დარბაზში დააკავეს.
აბასოვის მეგობარმა შაფაგ მაილოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ განაჩენისთვის „მზად იყვნენ“, თუმცა აბასოვის დაუყოვნებლივ დაკავება „სრული შოკი“ აღმოჩნდა.
დაკავებამდე აბასოვმა მოამზადა განცხადება, რომელიც მისი დაკავების შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში ის წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში Toplum TV-ის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
„აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დადგმული კიდევ ერთი სპექტაკლი. კარგად ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, ჩემს მეგობრებს შევუერთდებოდი და მათთან ერთად დამაკავებდნენ. არც შიშს ვგრძნობ და არც სინანულს“, – წერს აბასოვი.
იმავე სასამართლომ ორგაიზაცია IDI-ის ხელმძღვანელ აკიფ გურბანოვს და პოლიტიკოს რუსლან იზზათლის 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზაციის თანამშრომლებს: რამილ ბაბაევს, ალი ზეინალსა და ილკინ ამრაჰოვს – 13, 14 და 13 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოსამართლემ ასევე გამოსცა აკიფ გურბანოვის აგარაკის, მისი და მისი მეუღლის მანქანების, ასევე ალასგარ მამადლის, რუსლან იზზათლისა და ალი ზეინალოვის ავტომობილების კონფისკაციის ბრძანება. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ეს ზომა „სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის მიერ მოპასუხეების წინააღმდეგ შეტანილი 79 000 აზერბაიჯანული მანათის (46 000 აშშ დოლარის) ოდენობის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებით“ გაამართლა.
მსჯავრდებულთა ნაწილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება და სახელმწიფო სისტემა გააკრიტიკა. მათი თქმით, ეს სისტემა დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას ემსახურება.
აკიფ გურბანოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლების დანაწილება ფორმალურად არსებობს, რეალურად ქვეყანაში „ერთპიროვნული მმართველობაა“.
„პარლამენტი [პრეზიდენტ ილჰამ] ალიევის ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადა გურბანოვმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.