კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, 2029 წლისთვის პირველი გემები მიიღოს ანაკლიის პორტმა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდეს და პორტმა პირველი გემები მიიღოს.

მისი თქმით პროექტზე სამუშაოები დაჩქარდა და ამ ეტაპზე შეფერხებები აღარ არის.

„ჩვენი მიზანია, პირველი ფაზა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, ჩვენი ამოცანაა 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა.

სწორი მიმართულებით მივდივართ. დაჩქარდა მაქსიმალურად სამუშაოები, გვქონდა გარკვეული შეფერხება, რადგან გადაიხედა კონტრაქტი და მისი ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარით. […] ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის პორტი მიიღებს პირველ გემებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 1 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება.

6 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს.

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს – დარჩება საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითად მესაკუთრედ და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.

რაც შეეხება საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, მათ მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციებს კერძო ოპერატორები და საერთაშორისო ინვესტორები დააფინანსებენ.