სამინისტრო: ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება

პუბლიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება. საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა.

როგორც უწყება წერს, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით.

გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება.

„აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს“, – აცხადებს უწყება.

4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს – დარჩება საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ძირითად მესაკუთრედ და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას.

რაც შეეხება საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, მათ მშენებლობისთვის საჭირო ინვესტიციებს კერძო ოპერატორები და საერთაშორისო ინვესტორები დააფინანსებენ.

2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს.

2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.