„მოლდოვა სუვერენიტეტს თმობს“, „მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, „ეს ნათელი დასტურია, თუ როგორ მართავს ევროკავშირი აი, ასეთ მარიონეტულ რეჟიმებს“ – თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებს და პროსახელისუფლებო მედიას უსმენთ, ასეთი ფრაზები ახალი არ იქნება. „ოცნების“ წარმომადგენლები ამ მიზეზით პერიოდულად აკრიტიკებენ მოლდოვის ხელისუფლებას და ევროკავშირს. თითქოს ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნებისგან ისეთ რამესაც კი მოითხოვს, როგორიც სუვერენიტეტის დაკარგვაა.
„შეუძლებელია საქართველოს და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება მაშინ, როდესაც მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა. 35 წელი აბა რას აშენებენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ?! როცა ახლა ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას მათთვის არ ჰქონია…
…დავრწმუნდით სუყველა, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ მიაჩნია ღირებულებად. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ასეთი დამოკიდებულება ქართველს ვერც კი დაესიზმრება, რომ იფიქროს, შეიძლება საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 25 ივნისს.
ამ სტატიაში აგიხსნით, რატომ უნდათ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება იქ მცხოვრებ ადამიანებს და არის თუ არა ეს მსხვერპლი ევროკავშირისთვის, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან უკვე არაერთხელ მოისმენდით.

რა მოხდა რუმინეთში? ვიცნობდეთ დაიანა შოშოაკას
ამ კომენტარით შალვა პაპუაშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა მოლდოვის ხელისუფლება კიდევ ერთხელ მაშინ გააკრიტიკეს, როცა რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან დაუყოვნებლივ გაერთიანებაზე კანონი „მიიღო“.
რეალურად, კანონპროექტი არ განუხილავთ და არც კენჭისყრა ყოფილა. ბუქარესტში მომუშავე მოლდოველი პოლიტიკის მკვლევარი და გამოცემა „აგორას“ კონტრიბუტორი, ლაურენციუ პლეშკა „პუბლიკასთან“ ხსნის, ამ კანონპროექტის საკითხს რუმინეთის პარლამენტში.
„პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი. ვინაიდან 45-დღიანი ვადა გავიდა, რუმინეთის კანონმდებლობაში არსებობს პუნქტი, რომელსაც „დუმილის წესით მიღება“ ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ განხილვა არ შემდგარა, კანონი მაინც მიღებულად ითვლება“, – ამბობს ლაურენციუ პლეშკა.
ამ წესის დანიშნულება ისაა, რომ კანონპროექტები არ იყოს პარლამენტში წლობით „თაროზე შემოდებული“ და მათი განხილვა დაჩქარდეს. ამის მიუხედავად, ქვედა პალატამ განსაზღვრულ დროში კანონპროექტი მაინც არ განიხილა და ზედა პალატას – სენატს გადასცა.
„საქმე ისაა, რომ რუმინეთის პარლამენტი ორპალატიანია. ასეთის საკითხების განხილვისა და დამტკიცებისთვის მთავარი ორგანო სწორედ სენატია და არა ქვედა პალატა. ეს კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ქვედა პალატამ მიიღო, მთავარი განხილვა კი სენატში იქნება და ვნახავთ, როგორი შედეგით დასრულდება ის“, – ამბობს ლაურენციუ პლეშკა.

საინტერესო პოლიტიკოსია ამ კანონპროექტის ავტორიც – დაიანა იოვანოვიჩ შოშოაკა, რომლის შესახებაც მოგიყვებით.
დაიანა შოშოაკა ულტამემარჯვენე, პრორუსი პოლიტიკოსია. ცოტა ხნის წინ ის რუსეთში სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, რომელსაც კრემლი მართავდა. ფორუმზე შოშოაკამ ვლადიმერ პუტინს მიმართა და რუმინელი ხალხის სახელით, რუსეთს ქება მიუძღვნა.
„ვფიქრობ, მე აქ ერთადერთი რუმინელი ვარ. მინდა გითხრათ, რომ რუმინელ ხალხს თქვენ არ სძულხართ, რუმინელ ხალხს სურს მშვიდობა რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა, რომ ვეხმარებოდეთ უკრაინას და ვაძლევდეთ მათ ფულსა და იარაღს, მაგრამ, სამწუხაროდ, რუმინეთი ბრიუსელიდან იმართება. მე არ შემიძლია თბილი მოკითხვა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტისგან, რადგან ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი…
მინდა რუმინელი ხალხისა და ევროპელი ხალხის გულითადი გზავნილი გადმოგცეთ, მათი, ვინც ბევრს ფიქრობს და ვისაც ტვინი აქვს, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან თანამშრომლობა, ჩვენ არ ვართ მტრები, თქვენ ხართ ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა. ჩვენ ვაღმერთებთ თქვენს ძალას და ვაღმერთებთ მთელ რუს ერს“, – მიმართა დაიანა შოშოაკამ ვლადიმერ პუტინს.
შეიძლება დაიანა შოშოაკა საქართველოში ბევრმა არ იცოდეს, რადგან მას დიდი პოლიტიკური წარსული არ აქვს, მაგრამ რუმინეთში მას უკვე კარგად იცნობენ.
ის ცნობილი კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა. შოშოაკა ანტივაქსერი აქტივისტი იყო და „ლოკდაუნის“ წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდში სოციალური მედიის დახმარებით მან საკმაოდ დიდი აუდიტორია შეიძინა.
მალევე დაიანა შოშოაკა პოლიტიკაში გამოჩნდა, მემარჯვენე ალიანსის „რუმინელთა ერთობის“ (AUR) სახელით მან სენატის არჩევნებში გაიმარჯვა და სენატორი გახდა. მაგრამ მისი კონფრონტაციული ხასიათის გამო სულ რამდენიმე თვეში, 2021 წლის თებერვალში ის ალიანსის საპარლამენტო ჯგუფიდან გარიცხეს.
მოგვიანებით, დაიანა შოშოაკა პოლიტიკურ პარტიას – S.O.S. Romania-ს ჩაუდგა სათავეში. ეს არის ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული პარტია, რომელიც ემხრობა, რომ რუმინეთმა ევროკავშირი დატოვოს და აკრიტიკებს NATO-ს.
დაიანა შოშოაკას უკავშირდება 2023 კანონპროექტის ინიციირება, რომ რუმინეთმა უკრაინისგან უნდა დაიბრუნოს მისი ისტორიული ტერიტორიები, ჩრდილოეთ ბუკოვინა და ბესარაბია. უკრაინამ შოშოაკას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„ის არ არის ცნობილი, როგორც გაერთიანების მომხრე პოლიტიკოსი“, – ასე ახასიათებს ლაურენციუ პლეშკა დაიანა შოშოაკას. და მას უცებ შემოაქვს იდეა, რომ რუმინეთმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლდოვასთან უნიფიკაცია.
არ ვიცით, რა იყო მისი მიზანი, ვიცით, შედეგი: 24 ივნისს მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, პრორუსმა იგორ დოდონმა ამის გამო რუმინეთიც გააკრიტიკა და მოლდოვის ხელისუფლებაც. 25 ივნისს მოლდოვის ხელისუფლების კრიტიკა თბილისში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააგრძელეს.
შოშოაკას კანონპროექტი კი, რომელიც რუმინეთის პარლამენტს ჯერ არ მიუღია, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ასე შეაფასა:
„რამდენადაც ვიცი, ჯერ ეს კანონპროექტი მიღებული არ არის. საერთოდ, არც ვფიქრობ, რომ უნდა განვიხილოთ, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც მოსკოვის აგენტმა დააინიიცირა, მისი მიზანია, გაერთიანების იდეის დისკრედიტაცია მოხდეს“.
ამას ამბობს „პუბლიკასთან“ ლაურენციუ პლეშკაც: „ვფიქრობ, მიზანი რეალურად გაერთიანების მხარდამჭერი იდეის დისკრედიტაციაა და მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, წარმოაჩინოს რუმინეთი ექსპანსიონისტურ, იმპერიულ აქტორად“.
ასე რომ, როგორც ლაურენციუ პლეშკა ჰყვება, დაიანა შოშოაკამ და მისმა პარტიამ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების საკითხი, რომელსაც ორივე ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსი თუ მოქალაქე ემხრობა, უფრო მეტად რუმინეთის ექსპანსიონისტურ იდეად წარმოსახა, რაც საბოლოოდ გაერთიანების იდეის წინააღმდეგ მუშაობს.
და რატომ ემხრობიან რუმინეთსა და მოლდოვაში ამ ორი ქვეყნის რეუნიფიკაციას? ამისთვის ისტორიული კონტექსტი უნდა ვიცოდეთ.
რატომ ვსაუბრობთ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებაზე?
რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეთათვის ეს სწორედ რეუნიფიკაციაა და არა ანექსია, რადგან ისტორიული მოლდოვა და მოლდავეთის სამთავრო რუმინული კულტურის ნაწილია.
კარპატების მთებიდან დნესტრის მდინარემდე გადაჭიმული მოლდავეთის სამთავრო საერთო ენას, რელიგიასა და კულტურას იზიარებდა მეზობელ ვლახეთის სამთავროსთან. XVI საუკუნისთვის ორივე სამთავრო ოსმალეთის იმპერიის ვასალური სახელმწიფო გახდა, მაგრამ შიდა ავტონომიის გარკვეული დონე შეინარჩუნეს.
რეგიონის ისტორიაში კრიტიკული მომენტია 1812 წელი. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ოსმალეთის იმპერიამ მოლდავეთის სამთავროს აღმოსავლეთ ნახევარი, მდინარეებს – პრუტსა და დნესტრს შორის არსებული ტერიტორია რუსეთის იმპერიას დაუთმო.
რუსეთის იმპერიამ ამ ახლად ანექსირებულ ტერიტორიას „ბესარაბია“ უწოდა (რომელიც მოიცავს თანამედროვე მოლდოვის რესპუბლიკის უდიდეს ნაწილს). მოლდავეთის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთის სუვერენიტეტის ქვეშ იყო და 1859 წელს საბოლოოდ გაერთიანდა ვლახეთთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე რუმინულ სახელმწიფოს, ბესარაბია კი რუსული იმპერიული მმართველობის ქვეშ დარჩა.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის დროს რუსეთის იმპერიის დაშლამ ბესარაბიაში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა. სხვა ერების, მათ შორის საქართველოს მსგავსად, ბესარაბიაშიც ადგილობრივმა პარლამენტმა, Sfatul Țării-მ ანუ ეროვნულმა საბჭომ დააფუძნა და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადა მოლდავეთის დემოკრატიული რესპუბლიკა.
ბოლშევიკებთან დაპირისპირების გამო, Sfatul Țării-მ ჯერ რუმინეთს მიმართა დასახმარებლად, 1918 წელს კი კენჭი უყარა რუმინეთის სამეფოსთან გაერთიანებას.
ასე მოექცა მოლდოვის მთელი ტერიტორია „დიდი რუმინეთის“ სახელმწიფოში. თუმცა, 1940 წლის ზაფხულში, ნაცისტურ გერმანიასთან გაფორმებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საფუძველზე, საბჭოთა კავშირმა რუმინეთს ულტიმატუმი წაუყენა და ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის დათმობა მოითხოვა. რუმინეთი იძულებული გახდა უკან დაეხია, ხოლო საბჭოთა კავშირმა მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.
საბჭოთა ეპოქაში ხელისუფლებამ რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებდა. სავალდებულოდ დაწესდა – კირილიცა, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას ცალკეული „მოლდავური“ ენისა და ეთნოსის კონცეფციას.
ლაურენციუ პლეშკა გვიყვება, რომ საბჭოთა პერიოდში, ეროვნულ მოძრაობის წამოწყებასთან ერთად დაბრუნდა უნიფიკაციის იდეაც. მოლდოვის მოქალაქეები 80-იანი წლებიდან განიხილავენ რუმინეთთან გაერთიანებას.
საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად, მოლდავეთის სსრ-მ 1991 წლის 27 აგვისტოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ოფიციალურად მიიღო მოლდოვის რესპუბლიკის სახელწოდება. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოლდოვის დამოუკიდებლობა ცნო – დეკლარაციის მიღებიდან რამდენიმე საათში.
მოლდოველმა ხალხმა რუსული მემკვიდრეობის შეცვლაც დაიწყო, ჯერ კირილიციდან ისტორიულ, ლათინურ ანბანზე დაბრუნდნენ, 2023 წელს კი მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კონსტიტუციასა და ყველა კანონში ტერმინი „მოლდოვური ენა“ შეიცვალა „რუმინული ენით“.
რა ხდება დღეს?
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება. მოლდოვასა და რუმინეთს არამხოლოდ საერთო ენა, კულტურა და ისტორია აქვთ. დღეს მილიონზე მეტ მოლდოველს ორმაგი, მოლდოვისა და რუმინეთის მოქალაქეობა აქვს.
როგორც ლაურენციუ პლეშკა ამბობს, ღრმავდება როგორც ეკონომიკური კავშირები, იმპორტი და ექსპორტი, ისე ხალხთა შორის ურთიერთობები.
„არსებობს საერთო ინფრასტრუქტურული პროექტები – ახალი ხიდები, ახალი გზები. მოლდოვამ ახლახან დააანონსა რუმინეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის პირველი კილომეტრების მშენებლობა. ასევე, რუმინეთის მიერ შენდება რკინიგზის სადგურები, რუმინული ფულით რემონტდება საბავშვო ბაღები და სკოლები.
ასე რომ, რეალურად ბევრი რამ კეთდება გაერთიანების მიმართულებით, როცა საქმე ეხება ეკონომიკას, ინფრასტრუქტურასა და ასევე საინფორმაციო სივრცესაც, რადგან რუმინეთიდან მოლდოვაში ბევრი პროექტი შედის, მათ შორის მედიაპროექტებიც. არსებობს ბევრი კავშირი და საერთო იდეა; ბევრი მოლდოველი მუშაობს რუმინეთში და ბევრი რუმინელი დებს ინვესტიციას მოლდოვაში“, – ამბობს ლაურენციუ პლეშკა „პუბლიკასთან“.
როგორც ექსპერტები ამბობენ, რეუნიფიკაციის საკითხზე დისკუსია აქტუალურია, მედიაში ჩნდება პოლიტიკოსების პოზიტიური კომენტარებიც გაერთიანების იდეის შესახებ, მათ შორის იყო თავად მაია სანდუც, რომელმაც თქვა, რომ პერსპექტივაში, თუკი რეფერენდუმი ჩატარდებოდა რეუნიფიკაციის საკითხზე, ის მხარს დაუჭერდა გაერთიანებას.
ამის მიუხედავად, მოლდოვის ევროინტეგრაციის პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის ასოცირებული უფროსი მკვლევარი, დანიელ ვოდა „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ არც მოლდოვის და არც რუმინეთის სახელმწიფოს არ დაუწყია კონკრეტული პოლიტიკური, კონსტიტუციური ან ინსტიტუციური მზადება მსგავსი სცენარისთვის.
„არ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები, არ არსებობს ოფიციალური საგზაო რუკა ან მთავრობების მიერ მართული პროცესები, რომლებიც გაერთიანებისკენ იქნებოდა მიმართული.
ნაცვლად ამისა, ორივე მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს ევროკავშირში მოლდოვის გაწევრება წარმოადგენს. პრაქტიკაში, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირში რუმინეთის ყველაზე დიდი წვლილი არის მოლდოვის ევროინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული მხარდაჭერა.
პირადად მე მიმაჩნია, რომ გაერთიანება ლეგიტიმური ალტერნატივაა, რომელიც იმსახურებს ღია და პასუხისმგებლობიან განხილვას. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი პროექტი წინ მხოლოდ სერიოზული დემოკრატიული დისკუსიის, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და, საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმების გზით შეიძლება წავიდეს“, – ამბობს დანიელ ვოდა.
რეუნიფიკაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია დააფიქსირა მოლდოვის ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ, კრისტინა ღერასიმოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრებაა და რეუნიფიკაცია ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.
„რუმინეთთან რეუნიფიკაცია მთავრობის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას. პრიორიტეტი კვლავინდებურად მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრებაა“, – თქვა ღერასიმოვმა.
რას ამბობს ხალხი?
რუმინეთსა და მოლდოვაში გაერთიანების იდეას მოსახლეობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუმინეთში რეუნიფიკაციას თითქმის 72% ემხრობა. მზარდია გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა მოლდოვაშიც, მაგრამ იქ ამ იდეას ჯერჯერობით უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს.
მოლდოვური გამოცემა „აგორა“ აანალიზებს „საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრის“ მიერ 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს დადებითად მიიჩნევს, თუმცა რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, უმრავლესობა გაერთიანების წინააღმდეგი იქნებოდა.
„ყოველ შემთხვევაში, გასული წლის ბოლოს ასეთი სიტუაცია იყო – თითქმის 46% წინააღმდეგი და 33%-ზე მეტი მომხრე“, – წერს მოლდოვური გამოცემა „აგორა“ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
რეუნიფიკაციაზე მოლდოველების უფრო დიდ მხარდაჭერას აჩვენებს 2026 წელს ATES-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
„თუ მომავალ კვირას მოლდოვას რესპუბლიკის რუმინეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, ქვეყნის მოქალაქეების 44% მხარს დაუჭერდა ამ იდეას, 39.2% – კი წინააღმდეგ მისცემდა ხმას. დიასპორაში რეუნიფიკაციის მხარდაჭერა 60.8%-ს აღწევს, 24.3%-ის წინააღმდეგ…
…ამავდროულად, კითხვაზე, თუ რას ამჯობინებდნენ რუმინეთთან გაერთიანებასა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაწევრებას შორის, ქვეყანაში და დიასპორაში მყოფმა რესპონდენტთა უმეტესობამ მეორე ვარიანტი აირჩია, შესაბამისად – 33.4% და 38.4%, ხოლო ქვეყანაში გამოკითხულ რესპონდენტთა 26.1%-მა და დიასპორის 31.9%-მა განაცხადა, რომ ორივე ვარიანტს თანაბრად უჭერს მხარს“, – წერს „აგორა“ გამოკითხვის შედეგებზე.
არის თუ არა სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელის მოთხოვნა?
როგორც მოლდოველი ექსპერტები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რუმინეთისა და მოლდოვის რეუნიფიკაცია უფრო სამომავლო პერსპექტივაა და უფრო მეტად ისტორიული, კულტურული პროცესი. ეს საერთოდ არაა ბრიუსელის მოთხოვნა, რომ როგორმე ევროკავშირში შეიყვანონ მოლდოვა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბრიუსელს პირიქით, მოლდოველი პოლიტიკოსები უგზავნიან სიგნალს, რომ მოლდოვა ევროკავშირში შეიძლება დამოუკიდებლად შევიდეს ან ერთ დღესაც რუმინეთთან გაერთიანების შემდეგ.
„ნარატივი, რომლის თანახმადაც ბრიუსელი აიძულებს მოლდოვას, გაერთიანდეს რუმინეთთან ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ, მცდარია. ევროკავშირში გაწევრების პროცესი ეფუძნება კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და ინსტიტუციურ რეფორმებს და არა კანდიდატი ქვეყნის სუვერენიტეტის ან სახელმწიფოებრიობის ცვლილებებს“, – ამბობს დანიელ ვოდა პუბლიკასთან.
ასე რომ, რეუნიფიკაციის საკითხი ახლა მხოლოდ იდეაა, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი ემხრობა, ნაწილი – არა. მაგრამ სანამ მოლდოვაში ამ სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობენ, ამ საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი, როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ან ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად იყენებს.