მას შემდეგ, რაც „პუბლიკამ” „სქროლვა-სქრინვის” სამმართველოს თანამშრომლებზე მასალა მოამზადა, ორ დღეში – 1 აგვისტოს მინისტრი სულხან თამაზაშვილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს facebook-გვერდზეც გავრცელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებიც.
„სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხყოფის და ძალადობის წამახალისებელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
მოდით ვნახოთ, ვის გადაუხადა მინისტრმა მადლობა „გაწეული საქმიანობისთვის”
მაგიდის თავში შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მისი მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე სხედან.

დარახველიძის ხელმარცხნივ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები არიან. თამაზაშვილის ხელმარჯვნივ კი შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.
მივყვეთ თანმიმდევრულად:
სოფო ჭარელი – ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. სამმართველო სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კურატორობს.
თამთა ქიმბარიშვილი – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი.
თეა გალახვარიძე – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ოთარ გვიმრაძე – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.
სანდრო კეპაშვილი – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.
ელენა თოდუა – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.
მარიამ მამარდაშვილი – სამმართველოს თანამშრომელი;
მარიკა პაპიტაშვილი – სამმართველოს თანამშრომელი.
იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები:

ლანა ცანავა – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.
თენგიზ შაქარაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
მარიამ კერესელიძე – იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
სალომე ქირია – იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
ნათია გიგლემიანი – იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
ანი კაკიაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
ელენე ლუკავა – იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
ანდრო გურული – იურიდიული დეპარტამენტის იურისტი.
მასალა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, „პუბლიკამ” 30 ივლისს გამოაქვეყნა. სამმართველოში დასაქმებულთა ნაწილის ვინაობის გასარკვევად „პუბლიკამ“ მათ მიერვე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს მოუყარა თავი – ამ გზით, ქიმბარიშვილის გარდა, სამმართველოში დასაქმებულ კიდევ 4 პირზე მივიღეთ ინფორმაცია. ესენი იყვნენ: სანდრო კეპაშვილი, ელენა თოდუა, ოთარ გვიმრაძე და თათია კაცაძე [უკვე ყოფილი თანამშრომელი].
სანდრო კეპაშვილის შემთხვევაში მის facebook-პოსტებს შორის ვნახეთ ისეთებიც, რის გამოც ახლა ის სხვებს უდგენს სამართალდარღვევის ოქმებს.
სამმართველოს სხვა თანამშრომლების შესახებ კი ჩვენთვის ცნობილი შსს-ს მიერ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ორი თვის განმავლობაში გამოავლინეს და სასამართლოში წარადგინეს 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი. სამმართველო ფუნქციონირებას 1 ივნისიდან შეუდგა.
„პუბლიკამ” ამ მასალაში შეხვედრაზე მყოფ ხელმძღვანელ პირებზე ინფორმაციას მოუყარა თავი:

სოფო ჭარელი – ის წლების განმავლობაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) მუშაობდა. ასევე იძებნება, როგორც საიას საპარლამენტო მდივანი.
linkedin-ზე განთავსებული ინფორმაციით, მან საიაში ჯამში 5 წელი იმუშავა – 2013-2018 წლებში.
შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ასევე მუშაობდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
მისი სატელევიზიო კომენტარები მრავლად იძებნება ინტერნეტში. ის საუბრობდა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობასა და მისი განვითარებაზე, სტუმრად იყო გადაცემაში მიწვეული პორტალ opendata.ge-ზე სასაუბროდ, რაც საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი პორტალი იყო.
2018 წელს სოფო ჭარელი აკრიტიკებდა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც.
ერთ-ერთ გადაცემაში კი ჭარელი პერსონალურ მონაცემებსა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას.
2024 წელს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 78 575 ლარი. 2025 წლის დეკლარაცია კი ვებგვერდზე ჯერჯერობით განთავსებული არაა.
„პუბლიკა” მას შეკითხვების დასასმელად მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, გასულ წლებში სამოქალაქო თუ საჯარო სექტორში დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობის შემდეგ, რას ფიქრობდა ახლად შექმნილ სამმართველოზე; რა როლი აქვს დღეს სამმართველოს ყოველდღიურ მუშაობაში და ა.შ. მან ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

ლანა ცანავა – შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის ვებგვერდის მიხედვით ირკვევა, რომ ცანავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მინიმუმ 2014 წლიდან მუშაობს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ცნობების მიხედვით, მას სამინისტროში ეკავა შემდეგი თანამდებობები – შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი.
როგორც იურიდიული დეპარტამენტის დირექტორს მას 2024 წელს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 96 573 ლარი; 2023 წელს – 85 033 ლარი, 2022 წელს – 75 876 ლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ხელზე აღებული თანხაა.
ლანა ცანავა სტუდენტებს სამართალსაც ასწავლის. ქონებრივი დეკლარაციის დოკუმენტებით ვიგებთ, რომ ლექტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტშიც. facebook-ზე ეს ორი უნივერსიტეტი მას დასაქმების ადგილად დღემდე მითითებული აქვს.
„საბაუნის” facebook-გვერდზე იძებნება ლანა ცანავას ვიდეოები და ასევე მისი თანაავტორობით მომზადებული სახელმძღვანელოები: „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში”, „კონსტიტუციონალიზმი”, „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში”, „მთავრობის პასუხისმგებლობის პრინციპები და კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკა”.
ის პოლიტიკოსს გიორგი ცანავას შვილია. გიორგი ცანავა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საარჩევნო ბლოკიდან – „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.

თენგიზ შაქარაშვილი – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
მუშაობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსად. შსს-ში კი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2020 წლიდან იძებნება.
ამ თანამდებობაზე მას ანაზღაურების სახით მიღებული აქვს: 2024 წელს – 68 854 ლარი, 2023 წელს – 59 479 ლარი, 2022 წელს – 50 757, 2021 წელს – 46 062 ლარი, 2020 წელს – 44 777; დეკლარაციაში მითითებულია, რომ ეს ხელზე აღებული თანხაა.
თენგიზ შაქარაშვილის მეუღლე თამარ ლომიძეა. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ისიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს – საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კრიმინალისტიკური რეგისტრაციის განყოფილების უფროსი ინსპექტორია. მანამდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა. შსს-ში 2023 წლის თებერვლიდან გადავიდა.
2023 წელს შსს-ში ანაზღაურების სახით მიღებული აქვს – 17 598 ლარი, 2024 წელს კი 22 717 ლარი.

მარიამ კერესელიძე – შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.
ის საზოგადოებას სხვადასხვა გახმაურებული ადმინისტრაციული პროცესებიდან ახსოვს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
მარიამ კერესელიძე ხშირად აძლევს მედიას კომენტარს ე.წ. სქროლვა-სქრინვის” საქმეებზე. ის ასევე ფიგურირებდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში.
2024 წელს კერესელიძემ ანაზღაურების სახით 59 580 ლარი აიღო, 2023 წელს კი – 55 786 ლარი.

მისი მეუღლე დავით ლეჟავაა. ის თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელია. კერესელიძის შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი მეუღლე შსს-შიც მუშაობს – არის შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსი ოფიცერი, საიდანაც ანაზღაურების სახით 2024 წელს მიღებული აქვს – 45 666 ლარი. ამავე წელს მას ანაზღაურება (11 114 ლარი) ასევე მიღებული აქვს როგორც მწვრთნელს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან.
2025 წელს კერესელიძესა და ამ სტატიაში დასახელებულ სხვა პირებს მაშინდელი მინისტრის, გელა გელაძის მადლობის სიგელიც გადაეცათ.
თეა გალახვარიძე – ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ქონებრივი დეკლარაციის ვებგვერდზე მასზე ინფორმაცია არ იძებნება, გაუქმებული აქვს facebook-იც.
ინტერნეტში მის შესახებ მწირი ინფორმაცია იძებნება. 2024 წელს მოხსენიებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. უფრო ადრეულ წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი.

