ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორი „პუბლიკას“ უდასტურებს, რომ დაკავებულია გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და ერთ-ერთი მსჯავრდებულის შეყვარებული ნ.ი. სისხლის სამართლის კოდექსის 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისმობს.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, ნ. ი. კლინიკაშია გადაყვანილი.
პროკურორი ასევე ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კიდევ ერთი არასრულწოვნის – ა. ბ.-ს დაკავების პროცედურა. ის ერთ-ერთი მსჯავრდებულის შეყვარებულია. მას სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ნ. ი.-ს ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ ნ. ი.-ს საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ სახლში შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ერთ-ერთ პოლიციელს არასრულწოვნის დედა მიმართავს და ეუბნება: „შენ არ იცი, რომ არაფერ შუაშია?!“.
„პუბლიკა“ დამატებითი ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
ამ ფაქტს „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე:
„ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს: „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“ – გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს [ნ.ი.] მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის [ნ. ი.-ს] ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, – განაცხადა კუპატაძემ.
პროკურატურის განცხადებით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
„2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, – აცხადებს პროკურატურა.