ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა: „საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოდან მოწოდების შესაძლებლობის პოვნა“

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ადასტურებს, რომ „საწვავის ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოდან მოწოდების შესაძლებლობის პოვნა“.

ამის შესახებ ე.წ. მთავრობამ კომენტარი APSNYPRESS-სთან გააკეთა. მედიამ შეკითხვა ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ დასვა.

„საწვავის მიწოდება გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან კონტრაქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, თუმცა, გარე ფაქტორებით გამოწვეული შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის არასაკმარისია.

ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობებზე.

საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის პოვნა.

როგორც ცნობილია, ომისშემდგომ წლებში საწვავის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ასევე ხორციელდებოდა მიწოდებები საქართველოში“, – ნათქვამია დე ფაქტო მთავრობის პასუხში.

ირაკლი კობახიძემ დღეს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთში საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაცვით.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. დაშვებულია გამონაკლისი.

კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად.

ისინი კომპანიების გასაჯაროებას მოითხოვენ.