ლაშა ბუღაძის “დამკვირვებლის” ეგზემპლარების დაზიანებას “ბიბლუსი” და “სულაკაურის გამომცემლობა” ეხმაურებიან.
“ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა.
აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.
ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას.
დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან”. – ვკითხულობთ წიგნების მაღაზიათა ქსელის განცხადებაში.
ხოლო „სულაკაურის გამომცემლობამ” ცენზურის საფრთხეზე მიუთითა:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანებას „ბიბლუსის” მაღაზიაში. მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.
ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება”.
როგორ უკვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა, წიგნის მყიდველის, ლიკა ლაზიშვილის პოსტის თანახმად, “რამოდენიმე დღის წინ, იგი წააწყდა საშინელ ფაქტს”:
“კონსულტანტმა მაჩვენა სად იდო, ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტიქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე რომ პირველ გვერდზე ფალოსებია მიხატული კალმით. დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე, უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს – ფალოსები აქვს მიხატული!
სამწუხაროდ, კონსულტანტმა გადაღების უფლება არ მომცა და არც მე შევეწინააღმდეგე. ორთავე გაოგნებული ვიყავით.
მაინტერესებს, ვინც ეს ჩაიდინა, საერთოდ კითხვა თუ იცის?! ან თუ აქვს წაკითხული ის რასაც ამ ფორმით ებრძვის?!” – დაწერა მოქალაქემ.
ვანდალიზმის ამ ფაქტს თავად მწერალი ლაშა ბუღაძეც გამოეხმაურა:
“როცა ჩემი “დამკვირვებელი” პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები. ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ამის მაგალითი პუტინის რუსეთია. “ქართულმა ოცნებამ” მთელი ეს წლები უამრავი რესურსი დახარჯა სიძულვილის კამპანიაში და არაა გამორიცხული, რომელიმე ვანდალს საკუთარი ინიციატივით დაეზიანებინა წიგნები, მაგრამ არც მითითება უნდა გამოვრიცხოთ.
წიგნის შებღალვა, დაზიანება და შეურაცხყოფა პოლიტიკური ცენზურის ნაწილია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. “ბიბლუსში” თავად არიან უაღრესად შეწუხებულები და ცდილობენ, გაარკვიონ, რა მოხდა. ვიცი, განცხადებაც ექნებათ.
კამერების მეშვეობით ალბათ რთული არ იქნება იმის დადგენა, ეს ვინ ჩაიდინა და სად – უშუალოდ მაღაზიაში თუ საწყობში. ამბავი გლდანის ფილიალში მომხდარა, მაგრამ საინტერესოა, სხვაგანაც ხომ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამ ამბავს ვერც გავიგებდით, ლიკა ლაზიშვილს რომ არ დაეწერა და მადლობა მას.
ჩემი მეგობრები, ცოტა არ იყოს, მხიარულად წერენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეიძენენ “იავარქმნილ” წიგნებს, ეს “მხიარულობა” კი, მადლიერების მიუხედავად, ოდნავ ინფანტილური მგონია, რადგან ეს წიგნები წესით პოლიციამ უნდა ნახოს და ზარალიც აღიწეროს, ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან. მერე გაიხსენონ ეს სიტყვებიც და გაფრთხილებაც” – დაწერა ლაშა ბუღაძემ.
„დამკვირვებელი” ლაშა ბუღაძის დისტოპიური რომანია – საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მმართველობამ ამ ქვეყნისგან მხოლოდ აჩრდილი, ზონებად დანაწევრებული და იდიოტებით დასახლებული ტერიტორია დატოვა. უცვლელობის, მიწისქვეშ მალვისა და სიყალბის ოცდაოთხმა წელიწადმა ქართველებს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – მომავლის შეგრძნება დაუკარგა. თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში, თითქოს მოულოდნელად, არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ. მათ საკუთარი თვალით უნდა იხილონ სამშობლო, რომლის მცხოვრებლებიც აღარ აღიქმებიან თანამემამულეებად; დედაქალაქი, რომლისგანაც ძველებური თითქმის აღარაფერია შემორჩენილი; ენაც კი, რომელიც ყველას ერთი ჰქონდა, სხვაგვარად ჟღერს.