Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილმა mRNA კიბოს ვაქცინამ მელანომის რისკი შეამცირა

პუბლიკა

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილმა პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ მელანომის განმეორებისა და ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელების რისკი შეამცირა. გვიანი ეტაპის კლინიკური კვლევის შედეგებს კომპანიები კიბოს მკურნალობის სფეროში მნიშვნელოვან გარღვევად აფასებენ.

ვაქცინა, სახელწოდებით Intismeran, კვლევის ფარგლებში Merck-ის იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან ერთად გამოიყენეს. შუალედური შედეგების მიხედვით, კომბინირებულმა მკურნალობამ როგორც კიბოს განმეორების შემცირების მთავარი მიზანი, ისე სიმსივნის მეტასტაზირების თავიდან აცილების მეორეული მიზანი შეასრულა და მხოლოდ Keytruda-თი მკურნალობას აჯობა.

ეს mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინის პირველი წარმატებული გვიანი ეტაპის კლინიკური კვლევაა. ვაქცინა კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იქმნება და მისი მოქმედების პრინციპი სიმსივნურ უჯრედებში არსებული კონკრეტული მუტაციების ამოცნობას ეფუძნება. ვაქცინის შეყვანის შემდეგ პაციენტის ორგანიზმი ამ მუტაციების შესაბამის ასლებს წარმოქმნის, რათა იმუნურმა სისტემამ მათი ამოცნობა და განადგურება შეძლოს.

Moderna-ს პრეზიდენტის, სტივენ ჰოჯის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაციენტთა ამ ჯგუფში Keytruda-სთან შედარებით კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გამოყენებით დაფიქსირდა.

კომპანიები მკურნალობის დამტკიცების საკითხზე მარეგულირებელ ორგანოებთან უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჰოჯის თქმით, იმის გამო, რომ ვაქცინას „გარღვევითი თერაპიის“ სტატუსი აქვს, მისი ხელმისაწვდომობა შესაძლოა უკვე მომდევნო წლიდან დაიწყოს, თუ შესაბამისი ნებართვა გაიცემა.

თუმცა კვლევის სრული შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. კომპანიებს ჯერ არ აქვთ მონაცემები იმის შესახებ, ახანგრძლივებს თუ არა ახალი მკურნალობა პაციენტების სიცოცხლეს. დეტალური ინფორმაცია მომავალ სამედიცინო კონფერენციაზე უნდა გასაჯაროვდეს.

მელანომა კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში ამ დაავადებით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ახალი შედეგები მნიშვნელოვანი მოვლენაა თავად Moderna-სთვისაც, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინის შემდეგ ახალი წარმატებული პროდუქტების განვითარება უჭირდა. კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგ კომპანიის აქციები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Merck-ის აქციები კი 12%-ით გაძვირდა.

პერსონალიზებული ვაქცინის წარმოება და ფართო მასშტაბით დანერგვა შესაძლოა რთული იყოს, თუმცა Moderna აცხადებს, რომ მომდევნო წლებში მოსალოდნელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს.

ამავე მიდგომას Moderna, Merck და სხვა კომპანიები ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც იკვლევენ. ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატების შემთხვევაში, მხოლოდ მელანომის მკურნალობის მიმართულებით ამ თერაპიის წლიურმა გაყიდვებმა 2035 წლისთვის შესაძლოა დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.