საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას.
პროკურატურამ ბარამიძეს ბრალი „სამშობლოს ღალატის, ანუ საბოტაჟის“ მუხლით წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საია მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი, რომელთა სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, გიორგი ბარამიძის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის და, მეორე მხრივ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება ფუნქციონირებდეს პოლიტიკური გავლენებისა და ინტერესებისგან თავისუფლად.
საბოტაჟის შემადგენლობის დასაბუთების პრობლემა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მიხედვით, საბოტაჟი გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.
საია მიიჩნევს, რომ ამ ნორმის გამოყენებისთვის საკმარისი არ არის იმის მტკიცება, რომ კონკრეტული განცხადება შესაძლოა ყოფილიყო საზოგადოებისთვის მტკივნეული, პოლიტიკურად საკამათო, რეპუტაციულად საზიანო ან სახელმწიფოს პოზიციასთან შეუსაბამო.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია, ბრალდების მხარემ წარმოადგინოს კონკრეტული და შემოწმებადი ფაქტები, რომლებიც დაადასტურებს:
- რომელ სახელმწიფო ორგანოს, უწყებას ან დაწესებულებას შეეშალა ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში;
- კონკრეტულად რომელი ფუნქცია, საქმიანობა, მექანიზმი ან პროცესი შეფერხდა;
- რა ფაქტობრივი შედეგი დადგა;
- რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს ბარამიძის განცხადებასა და აღნიშნულ შედეგს შორის;
- რა მტკიცებულებით დასტურდება, რომ ეს ხელშეშლა განხორციელდა სწორედ საქართველოს დასუსტების მიზნით.
„პროკურატურა მიუთითებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნდობის აღდგენის მექანიზმების ფუნქციონირებაზე. თუმცა, უწყების ზოგადი დასახელება ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტული შედეგის დადასტურების ვალდებულებას.
ბრალდების მხარემ უნდა განმარტოს, მაგალითად, რომელი ღონისძიება, დიალოგის ფორმატი, პროგრამა, მოლაპარაკება ან თანამშრომლობის მექანიზმი შეფერხდა; ვინ ვერ შეძლო კონკრეტული მოქმედების განხორციელება; რა დროით ან რა ფორმით შეიზღუდა ეს საქმიანობა; და რატომ არის ეს შედეგი უშუალოდ ერთი საჯარო განცხადების შედეგი.
სახელმწიფოს რეპუტაციის ან საერთაშორისო იმიჯის შესაძლო დაზიანება შეიძლება წარმოადგენდეს პოლიტიკურ ან დიპლომატიურ პრობლემას, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი არ ადგენს სახელმწიფოს „რეპუტაციის დაზიანების“ ცალკე დანაშაულებრივ შემადგენლობას. შესაბამისად, რეპუტაციული ზიანის შესახებ ზოგადი მითითება ვერ გახდება სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლის მტკიცებულების შემცვლელი“, – წერს საია.
„საქართველოს დასუსტების მიზნით“ მოქმედების მტკიცების ვალდებულება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეფასებაში წერს, რომ საბოტაჟის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია პირის სპეციალური მიზანი. კერძოდ, მოქმედება „საქართველოს დასუსტების მიზნით“. ეს მოთხოვნა ფუნდამენტურად განასხვავებს პოლიტიკურად, მორალურად ან ისტორიულად საკამათო განცხადებას იმ ქმედებისგან, რომელიც შეიძლება საბოტაჟად შეფასდეს.
საიას განცხადებით, შესაძლოა, კონკრეტულ განცხადებას მოჰყვეს უარყოფითი პოლიტიკური, სოციალური ან რეპუტაციული გამოხმაურება. თუმცა, ასეთი შედეგი თავისთავად არ მიუთითებს, რომ განცხადების ავტორი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით მოქმედებდა.
„მიზანი უნდა დასტურდებოდეს დამოუკიდებელი მტკიცებულებებით და არ შეიძლება იგი ავტომატურად იქნეს გამოყვანილი მხოლოდ განცხადების შინაარსიდან ან მის მიმართ უარყოფითი შეფასებიდან.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება წრე, რომ განცხადება მიიჩნევა სახელმწიფოსთვის საზიანოდ, ხოლო მისი სავარაუდო საზიანოობა შემდეგ გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ ავტორს სახელმწიფოს დასუსტება სურდა. ასეთი მიდგომა ვერ აკმაყოფილებს სპეციალური განზრახვის მტკიცების სტანდარტს.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ბარამიძის შემდგომი განმარტებების, განცხადების სრული შინაარსისა და ისტორიული კონტექსტის შეფასებაც. განცხადების შესაძლო უზუსტობა, სადავო ხასიათი ან მორალური მიუღებლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დადგა საბოტაჟის შემადგენლობა ან რომ პირი მოქმედებდა საქართველოს დასუსტების მიზნით“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
„სამშობლოს ღალატის“ კვალიფიკაციის გამოყენება
სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ მუხლი „სამშობლოს ღალატად“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი კონკრეტული დანაშაულების, მათ შორის საბოტაჟის, ჩადენას.
საია აცხადებს, რომ ეს მუხლი დამოუკიდებლად არ ქმნის ახალ დანაშაულს და ვერ შეავსებს ძირითადი დანაშაულის შემადგენლობაში არსებულ მტკიცებულებით ან სამართლებრივ ხარვეზს. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს 318-ე მუხლით გათვალისწინებული საბოტაჟის ყველა ობიექტური და სუბიექტური ელემენტის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეფასდეს 307¹ მუხლის დამატებითი კვალიფიკაციის საკითხი.
„სამშობლოს ღალატის“ ტერმინს განსაკუთრებული მორალური, პოლიტიკური და რეპუტაციული დატვირთვა აქვს. მისი გამოყენება საჯარო და სისხლისსამართლებრივ კონტექსტში განსაკუთრებით საჭიროებს, რომ კვალიფიკაცია იყოს მკაცრად ზუსტი, ინდივიდუალურად დასაბუთებული და დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე. სამართლებრივი სახელწოდება ვერ უნდა იქცეს კონკრეტული დანაშაულის მტკიცების შემცვლელად ან პირის საზოგადოებრივი სტიგმატიზაციის ინსტრუმენტად“, – აცხადებს ორგანიზაცია.
პროკურატურის როლი სამართლებრივი კვალიფიკაციის სიზუსტის განსაზღვრაში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პროკურატურის ფუნქცია არ არის სახელმწიფოსთვის შესაძლო არასასურველი პირების სისხლისსამართლებრივი დევნა.
მათი შეფასებით, როდესაც კონკრეტული პირის მიმართ ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება როგორიცაა დაკავება ან პირის ბრალდება, სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტების არსებობის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს.
„თუ საჯარო განცხადება წარმოადგენს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებას, კონკრეტულად რა გარემოებები ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ამ განცხადებით მოხდა კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა და რომ ეს განხორციელდა საქართველოს დასუსტების მიზნით?
თუ ამ კითხვებზე პასუხი ეფუძნება მხოლოდ განცხადების შესაძლო რეპუტაციულ ან პოლიტიკურ შედეგებს, ჩნდება არა მხოლოდ კვალიფიკაციის სისწორის, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაბუთებულობის პრობლემაც.
ამასთან, პროკურატურამ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ბრალდების სასარგებლოდ არსებული, არამედ სამართლებრივი კვალიფიკაციის საწინააღმდეგო გარემოებებიც. თუ გამოძიების პროცესში იკვეთება, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები ვერ თავსდება გამოყენებული მუხლის შემადგენლობაში, სამართლებრივი კვალიფიკაციის გადახედვა აუცილებელი ხდება.
არასწორი ან აშკარად შეუსაბამო სამართლებრივი კვალიფიკაციის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელების გართულება, დაუსაბუთებელი თავისუფლების შეზღუდვის რისკი, შესაბამისი საპროცესო მოთხოვნების სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებლობა და, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის ან უფლებამოსილების არამართლზომიერი გამოყენების საკითხის დაყენება.
ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხისმგებლობის ფორმის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებული იქნება როგორც პროკურატურის რეალურ საპროცესო მოქმედებებზე, ისე სასამართლოს შეფასებაზე“, – აღნიშნავს საია.
დაკავებისა და პატიმრობის დასაბუთება
საია ხაზს უსვამს, რომ დაკავება და განსაკუთრებით პატიმრობა არ შეიძლება ავტომატურად გამომდინარეობდეს ბრალდების სიმძიმიდან ან მისთვის მინიჭებული პოლიტიკური მნიშვნელობიდან.
ორგანიზაციის შეფასებით, თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი დანაშაულის ჩადენის შესახებ და ამასთან, კონკრეტული, რეალური და ინდივიდუალურად შეფასებული საპროცესო საფრთხე.
საია მიიჩნევს, რომ სასამართლომ და პროკურატურამ კონკრეტულად უნდა განმარტონ:
- რა ფაქტები მიუთითებდა მიმალვის ან მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რეალურ საფრთხეზე;
- რომელი მოწმის, დოკუმენტის ან სხვა მტკიცებულების მიმართ არსებობდა ზემოქმედების, განადგურების ან შეცვლის რისკი;
- რატომ ვერ მოხდებოდა შესაძლო საპროცესო რისკების განეიტრალება ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით;
„საქმის საფუძვლად არსებული მთავარი მტკიცებულება საჯარო განცხადებაა, რომლის შინაარსი და გავრცელების ფაქტი, როგორც წესი, უკვე ფიქსირებულია და ბრალდებულის მიერ ვერ განადგურდება ან შეიცვლება. მხოლოდ ის გარემოება, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა ან საქმეში შესაძლოა მოწმეები არსებობდნენ, ვერ დაასაბუთებს პატიმრობის აუცილებლობას. მტკიცებულებებზე ზემოქმედების საფრთხე უნდა იყოს კონკრეტულად დასახელებული და რეალური ფაქტებით გამყარებული.
საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველია საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება ისტორიულად მძიმე და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო დისკუსია ომის, ისტორიული მოვლენების, სახელმწიფო პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე მაღალი ხარისხის დაცვით სარგებლობს.
ცრუ, მცდარი ან სადავო განცხადება თავისთავად არ შეიძლება იქცეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საზოგადოების ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი, მტკივნეული ან სახელმწიფოსთვის არასასურველია. სისხლისსამართლებრივი რეაგირება უნდა ემყარებოდეს კონკრეტული დანაშაულის ყველა აუცილებელი ელემენტის არსებობას და არა მხოლოდ განცხადების პოლიტიკურ, მორალურ ან რეპუტაციულ შეფასებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საია აღნიშნავს, რომ როდესაც მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ გამოიყენება „სამშობლოს ღალატის“ მსგავსი განსაკუთრებულად მძიმე და სტიგმატიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბრალდება, ხოლო საქმის საფუძველს საჯარო პოლიტიკური განცხადება წარმოადგენს, სახელმწიფოს ეკისრება უფრო მაღალი ვალდებულება, წარმოადგინოს მკაფიო, დამოუკიდებელი და პოლიტიკისგან თავისუფალი სამართლებრივი დასაბუთება.
პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძეს ბრალი „სამშობლოს ღალატის, ანუ საბოტაჟის“ მუხლით წარუდგინა – სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით, რაც სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟს გულისხმობს.
გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში 11 სექტემბერს დააკავეს.
მისი დაკავების საბაბი არის მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადება აფხაზეთის ომის შესახებ, რაზეც პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიმართვა უწყებისადმი.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა გიორგი ბარამიძის დაკავებისა და ბრალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე თქვა:
„მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში“.
გულუაშვილის განცხადებით, „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით უტყუარად გამოირიცხა, შეიარაღებული კონფლიქტისას საქართველოს შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლების თუ ომის მონაწილეთა მხრიდან ტყვეთა დახვრეტის ფაქტები“.
მისი თქმით, „გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას“.
პროკურატურის შეფასებით, „გიორგი ბარამიძის განცხადებით, შეილახა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი, აგრეთვე შეიქმნა სამართლებრივი და პოლიტიკური რისკები საერთაშორისო ინსტანციებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის და იურიდიული პროცედურების გაძლიერებისა და გამოყენებისათვის“.
„მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი ბარამიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
გიორგი ბარამიძემ 18 ივლისს აფხაზეთის ომის შესახებ თქვა:
„აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ. აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.
[წამყვანი – იქით მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?]
იქ დისციპლინა იყო, იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“, – განაცხადა ბარამიძემ.
მოგვიანებით მან თავისი განცხადება განმარტა:
„როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ ომის დაწყების პირველ კვირებში სთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია, როცა ომის დროს მტერს არ დაინდობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის არც ქართული სახელმწიფოს ბრალი, არც ქართული ჯარის ბრალი და ამას ვერავინ ვერსად ვერ წაგვიყენებს დანაშაულად“, – თქვა მან.