ავტორი: კონსტანტინ ღაზარიანი
სტრუქტურული მოწყვლადობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობაზე არ არის დამოკიდებული.
24 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს განუცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადს მალე შეიტანს. ამ განცხადებამ, ისევე როგორც მანამდე ფაშინიანის მიერ სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა სომხეთის ევროპულ გზასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოლოდინები კიდევ უფრო გაზარდა.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი დებატების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობებზეა კონცენტრირებული, დიდწილად ყურადღების მიღმა რჩება სხვა მნიშვნელოვანი კითხვა: რა ძირითადი შიდა, ევროკავშირთან დაკავშირებული და გეოპოლიტიკური დაბრკოლებები არსებობს სომხეთის ევროპულ გზაზე?
ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან გაზრდილმა მოლოდინებმა შესაძლოა სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივების არარეალისტური შეფასებები გამოიწვიოს.
ევროკავშირის წევრობა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის სურვილზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მზადყოფნას, თავად ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, ასევე რეგიონული და გლობალური აქტორების როლს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრების პროცესი უკვე 15 წელზე მეტია გრძელდება და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გარდა ამისა, სომხეთი ევროპულ გზას საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გადის, სადაც რეგიონული უსაფრთხოების დინამიკა კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.
შიდა დაბრკოლებები
ევროკავშირში გაწევრების გზაზე რამდენიმე ეტაპია გასავლელი და არაერთი მოთხოვნა უნდა შესრულდეს.
პირველ ეტაპზე, როდესაც სახელმწიფო – ამ შემთხვევაში სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს, ევროკომისია ამ განაცხადზე დასკვნას ამზადებს კოპენჰაგენის კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს, ასევე ქვეყნის შესაძლებლობას, მიიღოს და განახორციელოს acquis communautaire (ევროკავშირის კანონმდებლობისა და ვალდებულებათა ერთობლიობა, რომელიც ყველა მომავალმა წევრმა სახელმწიფომ უნდა ასახოს თავის ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში).
ამის შემდეგ ევროპის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და, მოგვიანებით, დაიწყოს თუ არა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია კანდიდატ ქვეყანას acquis communautaire-ის 30-ზე მეტ თავზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს თავები პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. წევრობამდე თითოეული თავი უნდა შემოწმდეს, შეთანხმდეს, განხორციელდეს და საბოლოოდ დაიხუროს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია.
მოლაპარაკებების გარდა, კანდიდატმა ქვეყანამ acquis communautaire-ს ეტაპობრივად უნდა შეუსაბამოს საკუთარი კანონმდებლობა, ინსტიტუტები და ადმინისტრაციული პრაქტიკა. ეს მოითხოვს გრძელვადიან პოლიტიკურ მზაობას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, ასევე ეფექტურ კოორდინაციას მთელ სახელმწიფო ადმინისტრაციაში. ბევრ შემთხვევაში ქვეყნებს გაწევრების პროცესის კოორდინაციისთვის სპეციალური სამინისტროები ან ცენტრალური ხელისუფლების ცალკეული სტრუქტურებიც კი შეუქმნიათ.
ამავე დროს, acquis communautaire-ის განხორციელება მხოლოდ ტექნიკური და სამართლებრივი პროცესი არ არის – ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესიცაა.
პოლიტიკური კრიტერიუმები ფართო სპექტრის საკითხებს მოიცავს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას. არაერთი საერთაშორისო შეფასების, მათ შორის Freedom House-ის, ევროკომისიისა და OECD-ის ანგარიშების მიხედვით, ბოლო წლებში სომხეთმა ამ მიმართულებებით პროგრესს მიაღწია. ეს განსაკუთრებით ეხება არჩევნებს, მედიის თავისუფლებასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ არსებობს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემასთან, მისი ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან და ანტიკორუფციულ რეფორმებთან დაკავშირებით. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ამ ეტაპზე სომხეთი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს იმ პოლიტიკურ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვისაა განსაზღვრული.
მეორე მიმართულება ეკონომიკურ კრიტერიუმებს ეხება. ამ შემთხვევაში საკითხავი მხოლოდ ის არ არის, აკმაყოფილებს თუ არა სომხეთი ევროკავშირში გაწევრებისთის აუცილებელ ეკონომიკურ კრიტერიუმებს – მნიშვნელოვანია ისიც, შეუძლია თუ არა მის ეკონომიკას ევროპულ ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.
მოლდოვისა და საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმება არ აქვს. 2022 წელს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP+) დაკარგვის შემდეგ (ევროკავშირის შეღავათიანი სავაჭრო სქემა, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის შემცირებულ ტარიფებს ითვალისწინებს), სომხეთი ახლა ეყრდნობა ახლახან შემოღებულ ავტონომიურ სავაჭრო ღონისძიებებს (ATMs), რომლებიც უფრო დროებით სავაჭრო გამარტივების ინსტრუმენტებად უნდა განვიხილოთ, ვიდრე ეკონომიკური ინტეგრაციის გრძელვადიან მექანიზმებად.
კიდევ ერთი გამოწვევა ევროპულ ბაზარზე სომხური პროდუქციის კონკურენტუნარიანობას უკავშირდება. ეს მოიცავს ევროპულ სტანდარტებთან და სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობას, სერტიფიცირების ლაბორატორიების ხელმისაწვდომობას, ფასების კონკურენტუნარიანობასა და სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეულ ლოგისტიკურ შეზღუდვებს.
ამასთან, ზოგიერთი რეფორმა შესაძლოა პოლიტიკურად მგრძნობიარე აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სომხურ საზოგადოებაში არსებული შეხედულებები ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნის საზოგადოებაში დამკვიდრებული დამოკიდებულებებისგან განსხვავდება.
ეს განსაკუთრებით შეიძლება ეხებოდეს უმცირესობათა უფლებების დაცვას, ფუნდამენტურ უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას. ასეთი კანონმდებლობის განხორციელებამ შესაძლოა ფუნდამენტური უფლებების დაცვა გააძლიეროს, თუმცა, ამავე დროს, შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობაც გამოიწვიოს. ამ საკითხებზე შესაძლოა პოლიტიკური დავა წარმოიშვას და ისინი როგორც ადგილობრივმა, ისე გარე პოლიტიკურმა აქტორებმა გამოიყენონ საზოგადოებრივი აზრის ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მობილიზებისთვის.
შესაბამისად, კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთანჰარმონიზაციის ტემპი შესაძლოა დამოკიდებული იყოს საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტორების მზაობაზე, მიიღონ გარკვეული რეფორმები.
ევროკავშირთან დაკავშირებული დაბრკოლებები
გაფართოების პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ განმცხადებელი სახელმწიფოს ნებას, არამედ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მზაობასა და უნარს, გაფართოვდნენ.
ეს მზადყოფნა და შესაძლებლობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს ევროკავშირზე, ასევე შიდა დებატები ინსტიტუციურ რეფორმებსა და ევროპული ინტეგრაციის მომავალ მიმართულებაზე. მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების აღზევებაც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რადგან ის ახდენს გავლენას ამ დებატებსა და, შესაბამისად, ევროკავშირის მომავალ კურსზე. ეს პროცესები ერთობლივად განაზღვრავს ევროკავშირის გაფართოების მომავალს.
კიდევ ერთი საკითხია არა ის, სურს თუ არა ევროკავშირს ზოგადად გაფართოება, არამედ ის, რა პრიორიტეტები აქვს მას. სომხეთსა და სამხრეთ კავკასიამდე ევროკავშირთან პოლიტიკურად და გეოგრაფიულად უფრო ახლოს მდებარე სხვა რეგიონები და ქვეყნები არიან, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და უკრაინა.
მონტენეგროს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრების ხანგრძლივი პროცესი აჩვენებს, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება კვლავ პოლიტიკურად სადავო საკითხია.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესის ნელი ტემპი მხოლოდ წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული პოზიციებით ვერ აიხსნება, ის მაინც მიუთითებს გაფართოების შესახებ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობაზე.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ახალი წევრების მიღებამდე ჯერ საკუთარი ინსტიტუციური და პოლიტიკური პრობლემები უნდა მოაგვაროს. სხვები, განსაკუთრებით ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტური პარტია, როგორც შემდგომი გაფართოების, ისე ინტეგრაციის გაღრმავების წინააღმდეგია. ზოგიერთი მათგანი ევროკავშირიდან გასვლასაც კი უჭერს მხარს. ყოველი ეს პოზიცია წარმოადგენს ევროკავშირის მომავალი განვითარების განსხვავებულ ხედვას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ უდგებოდა ევროკავშირი გაფართოებას ტრადიციულად: გაფართოების წინა ტალღები მოწმობს, რომ ევროკავშირი ხშირად ანიჭებდა უპირატესობას რეგიონულ და არა ინდივიდუალურ მიდგომას.
ამის ერთ-ერთი მაგალითია აღმოსავლეთის გაფართოება, რომლის დროსაც ბალტიის სამივე სახელმწიფო გაფართოების ერთსა და იმავე ეტაპზე გახდა ევროკავშირის წევრი.
ანალოგიურად, დასავლეთ ბალკანეთი დიდწილად კვლავ გაფართოების ერთ რეგიონად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნები განსხვავებული ტემპით მიიწევენ წინ.
ამასთან, სლოვენიისა და ხორვატიის მაგალითი აჩვენებს იმ გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა მეზობელი ქვეყნების განვითარების მნიშვნელოვნად განსხვავებული ტემპის შემთხვევაში წარმოიშვას. სლოვენია ხორვატიაზე გაცილებით ადრე გახდა ევროკავშირის წევრი და მოგვიანებით შეძლო ევროკავშირში თავისი პოზიციის გამოყენება ხორვატიისგან დათმობების მისაღებად ამ უკანასკნელის გაწევრების პროცესში. მსგავსი დინამიკა დღესაც შეიმჩნევა დასავლეთ ბალკანეთში.
ეს რეგიონული ლოგიკა შესაძლოა სამხრეთ კავკასიის შემთხვევაშიც იყოს მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ამ ეტაპზე ევროპულ გზას არ ადგას, საქართველო და სომხეთი, სავარაუდოდ, ერთი და იმავე რეგიონული კონტექსტის ფარგლებში განიხილებიან.
გარდა ამისა, საქართველო სომხეთის ევროპასთან დამაკავშირებელი მთავარი გზაა და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით. გეოგრაფიულ მნიშვნელობასთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში განვითარებული მოვლენებიც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე.
გეოპოლიტიკური დაბრკოლებები
საერთაშორისო ურთიერთობების პერსპექტივიდან, სომხეთის ევროპული გზა და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირში გაერთიანება შესაძლოა რეგიონული საფრთხეების საპასუხოდ დაბალანსების სტრატეგიად აღიქმებოდეს.
რამდენად წარმატებული იქნება სომხეთის დაბალანსების მცდელობები, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებული იქნება გლობალური და რეგიონული აქტორების, განსაკუთრებით რუსეთის, მოქმედების შესაძლებლობასა და მზადყოფნაზე.
რუსეთისთვის სომხეთი კვლავ მისი ტრადიციული გავლენის სფეროს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რეგიონში რუსეთის გავლენა შესუსტდა, მოსკოვი სამხრეთ კავკასიას კვლავ სტრატეგიული ინტერესის სფეროდ განიხილავს.
ამ ფონზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა პრობლემური გახდეს, რადგან რუსეთს კვლავ გააჩნია გავლენის რამდენიმე ბერკეტი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეკონომიკური გავლენა და ენერგეტიკული დამოკიდებულება. გარდა ამისა, რუსეთი სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, ხოლო სომხეთი კვლავ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრია.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი სომხეთის დაბალანსების მცდელობებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გაწევრების პროცესს ყოველგვარი რეაგირების გარეშე შეეგუოს.
რუსეთმა შესაძლოა სომხეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური და ენერგეტიკული ზომები გაამკაცროს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეები და სოციალური მღელვარება გამოიწვიოს.
მეორე საკითხი თავად გაწევვრების პროცესის ხანგრძლივობას ეხება. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთი შესაძლოა თანდათან დაშორდეს რუსეთის მიერ ხელმძღვანელობით შექმნილ სტრუქტურებს, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, თუმცა ვერ მიიღოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების უპირატესობები.
ასეთმა ხანგრძლივმა გარდამავალმა პერიოდმა შესაძლოა გაზარდოს სომხეთის მოწყვლადობა გარე ზეწოლის მიმართ.
რუსეთის გარდა, გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე რეგიონული აქტორი და მიმდინარე პროცესი.
რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს – სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ან შეაფერხოს მიმდინარე მოლაპარაკებები.
აზერბაიჯანის პერსპექტივიდან, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც ძალთა რეგიონული ბალანსიდან ეტაპობრივი გადახვევა. გარდა ამისა, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციამ შესაძლოა სომხეთს მიანიჭოს დამატებითი პოლიტიკური, ეკონომიკური და, გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების უპირატესობები. ასეთმა აღქმამ შესაძლოა შეამციროს აზერბაიჯანის სტიმული, დააჩქაროს სამშვიდობო პროცესის გარკვეული ასპექტები, ან უბიძგოს მას უფრო ფრთხილი მიდგომისკენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბაქო ელოდება, რომ სომხეთის სტრატეგიული პოზიცია დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით.
კიდევ ერთი რეგიონული აქტორია ირანი, რომლის უსაფრთხოების ინტერესებიც ასევე გასათვალისწინებელია.
ირანის პერსპექტივიდან, სომხეთის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად შესაძლო ქცევამ შესაძლოა ქვეყანა თანდათან დააახლოვოს დასავლელ აქტორებთან და სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენა გაზარდოს. ეს შესაძლოა ირანის რეგიონული პოზიციისა და უსაფრთხოების ინტერესებისთვის გამოწვევად აღიქმებოდეს.
თუმცა ირანი არ ჩანს სომხეთსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობის კატეგორიულად წინააღმდეგი. პირიქით, ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობა სრული წევრობის გარეშე შესაძლოა ირანის ინტერესებსაც ემსახურებოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში სომხეთი კვლავ შეძლებდა ირანსა და ევროკავშირს შორის ხიდის როლის შესრულებას.
თუმცა სრული წევრობა შესაძლოა სხვაგვარად შეფასდეს და ირანის პერსპექტივიდან წითელ ხაზად იქცეს. ამ შეფასებას ირანის მიერ რეგიონული ფორმატების, მათ შორის 3+3 პლატფორმის მუდმივი მხარდაჭერაც ამყარებს.
ამავე დროს, სომხეთი ირანისთვის მნიშვნელოვან რეგიონულ პარტნიორად რჩება როგორც სატრანზიტო ქვეყანა და სახელმწიფო, რომელთანაც ირანს სტრატეგიული ინტერესები აკავშირებს.
ამ კონტექსტში რუსეთმა შესაძლოა ირანის არსებული უსაფრთხოების შეშფოთებები გამოიყენოს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასართულებლად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორი თურქეთია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან, ამ ეტაპზე რთულია იმის შეფასება, თუ როგორ იმოქმედებს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების პროცესი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე.
ყველა ეს დაბრკოლება აჩვენებს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა მხოლოდ კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების საკითხი არ არის და არც მხოლოდ ევროკავშირის სურვილსა და მზადყოფნაზეა დამოკიდებული – მას მრავალშრიანი ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის შიდა რეფორმები, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ფართო გეოპოლიტიკური გარემო.
გარდა ამისა, გაწევრების პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ განმცხადებელ სახელმწიფოზე, არამედ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სურვილსა და მზადყოფნაზეც. სომხეთმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგიერთ რეგიონულ აქტორს, განსაკუთრებით რუსეთი სომხეთის ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით შეშფოთებულია.
ამიტომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მოკლევადიანი პოლიტიკური პროექტი. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს.
შესაძლოა, ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა სწორედ ის გახანგრძლივებული გარდამავალი პერიოდი იყოს, რომელიც ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის შეტანიდან სრულ წევრობამდე არსებულ დროს მოიცავს.
ამ პერიოდში სომხეთი შესაძლოა თანდათან დაშორდეს რუსეთის მიერ ხელმძღვანელობით შექმნილ სტრუქტურებს ისე, რომ ჯერაც ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების უპირატესობები.
ამ ფონზე სომხეთის მდგრადობის გაძლიერებამ ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი დივერსიფიკაციის გზით შესაძლოა შეამციროს გარე მოწყვლადობა და გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელოს ევროპული გზა.
რაც უფრო დაბალი იქნება სომხეთის სტრუქტურული დამოკიდებულებები, მით მეტი შესაძლებლობა ექნება ქვეყანას საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის ისე, რომ გარე ზეწოლის მიმართ ნაკლებად მოწყვლადი იყოს.
ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთმა ევროკავშირის წევრობის გრძელვადიან მიზანზე უარი უნდა თქვას. თუმცა, ევროკავშირში გაერთიანების გზაზე სომხეთმა თანდათან უნდა შეამციროს სტრუქტურული მოწყვლადობა და საკუთარი პოლიტიკური რიტორიკა და მოლოდინები არსებულ შიდა, ევროპულ და გეოპოლიტიკურ რეალობას შეუსაბამოს.
საბოლოოდ, სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივები დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკურ მზაობაზე, არამედ ქვეყნის უნარზე, გაწევრიანების მთელ პროცესში გაუმკლავდეს ამ დაბრკოლებებს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.