უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი პარლამენტმა დაახარვეზა და ინიციატორებს დაუბრუნებს

პუბლიკა

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საბიუჯეტო ოფისმა დაახარვეზა, გამოსასწორებლად პროექტი ინიციატორებს დაუბრუნდება.

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა ბიუროს წევრებს უფასო სასკოლო კვების კანონპროექტზე საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოვლენილი ხარვეზები გააცნო – მისი თქმით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ფინანსური დასაბუთების ნაწილში, როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად არ არის შეფასებული სათანადო გავლენები. კერძოდ:

„[…] არ არის საორიენტაციო ხარჯების ოდენობა, ასევე არ არის წარმოდგენილი რაოდენობრივი შეფასებები და ფინანსური გავლენისთვის საჭირო რიგი მონაცემები, შესაბამისად ბუნდოვანია, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რა რაოდენობის ხარჯების გაწევა გახდება საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამის მუხლებში თვისობრივად არ არის აღწერილი ხარჯების დათვლის პრინციპები; […] ფინანსური დასაბუთების ნაწილში დასაზუსტებელია, თუ რა ჭრილშია განხილული მუნიციპალური ორგანოები და ასევე შეფასებულია მათზე ფინანსური გავლენა…

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ოფისი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყება მიზანშეწონილი არ არის”, – თქვა ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა.

ამის შემდგომ ბიუროს თავმჯდომარემ, შალბა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად პროექტი ინიციატორებს დაუბრუნდება.

„ფინანსური გაანგარიშება არ არის წარმოდგენილი კანონპროექტზე და ამიტომ წინადადებას დავუბრუნებთ ინიციატორებს, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ“, – თქვა მან.


საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა მოძრაობა „ხმას” ეკუთვნის. პროექტის განხილვა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივის წესით მოხდება. მოძრაობამ პარლამენტში 37 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინა. სწორედ ამ მიზნით გროვდებოდა ხელმოწერებიც. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.

კანონპროექტი უფასო სასკოლო კვების პროგრამის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს, დაბალანსებული საკვებით და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასკოლო კვების მიზანი არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.