ავტორი: OC Media
საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე თავდასხმაში ბრალდებული რუსების წინააღმდეგ გამოძიება იწყება.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ხელისუფლების განცხადებით, 20 სექტემბერს რუსეთის ორი მოქალაქე ე.წ თავს დაესხა ე.წ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სახელიც გასაჯაროებული არ არის.
ეჭვმიტანილებმა ე.წ მოსამართლეს, სავარაუდოდ, ქვები ესროლეს.
ინციდენტის შემდეგ გამოძიება არ დაწყებულა. თუმცა ადგილობრივი Telegram არხის, „აიაშარას“ მიერ თავდასხმის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცემოდა.
საოკუპაციო რეჟიმს დაზარალებული ე.წ მოსამართლის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა დაადასტურა, რომ ის 1981 წელს არის დაბადებული და თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება მიიღო. მას დაუდგინდა თავის დახურული ტრავმა, მარცხენა თვალის დაჟეჟილობა და ზედა ქუთუთოს ჭრილობა-დაჟეჟილობა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების თანახმად, 21:00 საათზე, სოხუმის ტურბაზის რაიონში, კოდორის გზატკეცილზე, პირები მოსამართლეს „ბლაგვ საგნებს (სავარაუდოდ, ქვებს)“ ესროდნენ.
„შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ოპერატიულმა თანამშრომლებმა დააკავეს აფხაზეთში დროებით მცხოვრები ორი მოქალაქე: 2000 წელს დაბადებული სერგეი ვასილის ძე ბესონოვი, რომელიც არხანგელსკის ოლქის სოფელ გოროდიშჩენსკაიაში ცხოვრობს, და 1998 წელს დაბადებული იური ივანეს ძე ჩუდინი, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიშია რეგისტრირებული“, – ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.
ორივე ეჭვმიტანილმა, ჩუდინმა და ბესონოვმა, ნარკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს – მათ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
პოლიციის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
სოციალურ ქსელებში ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი აღშფოთებით გამოეხმაურა. ერთ-ერთმა Telegram-ის მომხმარებელმა სარკასტულად დაწერა: „ქალს ქვებს ესვრიან – და ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა? იქნებ თუ ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ, მედალიც გადასცენ“.
კიდევ ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ქალს რატომ უნდა დასხმოდა თავს ორი ადამიანი? ჭკუიდან ხომ არ შეიშალნენ? 15 დღე საკმარისი არ არის – რამდენიმე წლით მაინც უნდა ჩაესვათ ციხეში“.
საზოგადოების ასეთი გამოხმაურების შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილებოდა. გადაწყვეტილების მიზეზად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მოსამართლის მიერ მიღებული დაზიანებების სიმძიმე დასახელდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ გენერალური პროკურატურის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბესონოვს და ჩუდინს ბრალი ედებათ ხულიგნობასა და მკვლელობის მუქარაში. გამოძიება გრძელდება. ბესონოვსა და ჩუდინს მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ტექსტის აღქმის გასამარტივებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ პოზიციებზე საუბრისას OC Media არ იყენებს ისეთ განმარტებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიცას მათი სტატუსის შესახებ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.