მართლმსაჯულება პოლიტიკური ინტერესების პირისპირ - რა ხდება საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში

ქეთი გოგუაძე

„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას“, — ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მთავრობის ორგზის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის მაისში, აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, გააკეთა.

განცხადების გაკეთებიდან ორი წლის შემდეგ ის თავად აღმოჩნდა ამავე მართლმსაჯულების სისტემის წინაშე.

ბოლო ორ წელში, განსაკუთრებით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წევრებად მოაზრებული ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ოცნების“ ლიდერები ახლა ამას კორუფციასთან ბრძოლით ხსნიან, თუმცა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამავე პირების შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე დასმულ შეკითხვებს წლების განმავლობაში უპასუხოდ ტოვებდნენ.

„ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების პარალელურად, 2024 წლიდან სისხლის სამართლის ახალი საქმეები დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც. დღეს ოცზე მეტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ძირითადად, საბოტაჟის მუხლებით. ნაწილი პატიმრობაშია, ნაწილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ ხუთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს.

რა განასხვავებს პოლიტიკური მართლმსაჯულებას რიგითი სისხლის სამართლის საქმისგან?

ის ფაქტი, რომ ბრალდებული პოლიტიკოსია, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„პოლიტიკური პატიმრის“ ან პოლიტიკური მოტივის შეფასებისთვის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით [უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები] დადგენილ მიდგომას ეყრდნობა.

როგორც საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი განმარტავს, ამ მიდგომით, სახელმწიფოს შეიძლება, ჰქონდეს სამართლებრივად ლეგიტიმური მიზანი – მართლმსაჯულების აღსრულება, თუმცა ამავე დროს არსებობდეს ფარული მიზანიც, მაგალითად, გაატაროს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ან დასაჯოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. ამიტომ, მისი თქმით, საქმის შესაფასებლად მხოლოდ არსებული მტკიცებულებები საკმარისი არ არის;

უნდა შეფასდეს უფრო ფართო კონტექსტი: როდის დაიწყო საქმე; რამდენად დასაბუთებულია ბრალდება და სასამართლოს გადაწყვეტილებები; აღკვეთის ღონისძიება ემსახურებოდა თუ არა მართლმსაჯულების მიზანს; რამდენად დამოუკიდებლად მოქმედებენ საგამოძიებო და სასამართლო ინსტიტუტები და რა გავლენას ახდენს პროცესზე ხელისუფლების საჯარო განცხადებები.

„სასამართლოსთვის [ევროსასამართლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა] გადამწყვეტი არის ის მტკიცებულებები, რომელიც ერთი მხრივ დაადასტურებს, ინსტიტუციურად რა გამოწვევების წინაშე შეიძლება იდგეს ესა თუ ის უწყება და ამავდროულად – კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიც. 

მაგალითად, თუკი კონკრეტულ მოსამართლეს წარსულში გამოხატული აქვს რამე ისეთი პოზიციები, რომელიც მის პოლიტიკურ აფილიაციას ხდის საჯაროს; ან ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურას არ აქვს რეალური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, რაც უკვე შეფასებული აქვს ევროპულ სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტს,“, – ამბობს თამარ ონიანი.

მისივე თქმით, პოლიტიკური მოტივის არსებობის შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა სწორედ ისაა, რატომ ხდება მართლმსაჯულების აღსრულება ახლა.

ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც პირის წინააღმდეგ ეჭვი წლების განმავლობაში არსებობდა, სისხლის სამართლის საქმე კი კონკრეტულ პერიოდში იწყება.

თამარ ონიანის თქმით, საიას არ შეუსწავლია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის მასალები და შესაბამისად, ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასება გაკეთებული არ აქვს, თუმცა მოვლენების განვითარებაზე დაკვირვება აჩენს ბევრ შეკითხვას, რა შეიძლება იყოს რეალური მიზანი ამ პროცესებისა.

„კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა“ თუ შიდაპარტიული დაპირისპირება?

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს წლების განმავლობაში უკავშირდებოდა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება – ძვირადღირებული საათები, მამისგან საჩუქრად მიღებული ფული, ცოლისთვის ნაჩუქარი ტყე, სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება და სხვა.

„[ირაკლი ღარიბაშვილის] დეკლარაციებაში არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი“, – აცხადებდა დღეს უკვე გაუქმებული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

კუპრაშვილის ამ განცხადებიდან სამ თვეში, 2025 წლის ოქტომბერში, ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის განცხადებით, ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს, დეკლარაციაში კი ყალბ მონაცემებს ასახავდა.

ბრალის წარდგენას წინ უძღოდა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის წევრების დაკავებები, შემდეგ კი ჩხრეკა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მიქაუტაძისა და სხვების სახლებში.

ღარიბაშვილმა ბრალი სრულად აღიარა. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ის საზოგადოების წინაშე არც გამოძიების პერიოდში და არც სასამართლო განხილვის დაწყების დროს არ გამოჩენილა. დაპატიმრების შემდეგ მისი პირველი საჯარო განცხადება 17 აგვისტოს გავრცელდა.

ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა წერილის ფოტო, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

წერილში საუბარია იმაზე, რომ მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე საქმეზე, „რომელთა სავარაუდო შედეგი იქნება კორუფციის ბრალდებები“. წერილის ავტორი მას სთავაზობდა, ერთ-ერთ საქმეზე ბრალი ეღიარებინა, სანაცვლოდ კი სასჯელი არ გაეზრდებოდა.

აქედან ერთ კვირაში, ღარიბაშვილს ახალი ბრალი მართლაც წარედგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის ვერსიით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას დანაშაულებრივ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა და სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

გამოძიებასთან ითანამშრომლეს ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ. მოგვიანებით პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ბურჭულაძეს, რომელიც პირველ ინსტანციაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, 10-წლიანი ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.

ბოლო ორ წელში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ათობით მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელე და მაღალი თანამდებობის პირი – მათ რიგებში, გარდა ღარიბაშვილისა, არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სხვები.

მათ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ უმრავლესობის მიმართ თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენეს, ბრალის აღიარების ან რომელიმე საქმეზე თანამშრომლობის შემდეგ კი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს ან საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც ელიტურ კორუფციას იკვლევს.

ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებს არ იცნობს, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ მათ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე TI-საქართველო და სხვა ორგანიზაციები წლების განმავლობაში საუბრობდნენ. 

სანდრო ბარამიძე არ გამორიცხავს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდებების საფუძვლიანობას და მას ამის არგუმენტად მოჰყავს ისიც, რომ დაკავებულები საბოლოოდ ბრალდებას აღიარებენ ხოლმე; თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმეების გარშემო სამართლიანი პროცესი არ მიმდინარეობს. 

„პროცესების ნაწილი საზოგადოებისთვის დახურულია, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს ამ საქმეების დეტალები. ფაქტობრივად, ყველა გახმაურებული საქმე ამ ქვეყანაში იხურება, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა ამის საფუძველი. ეს უკვე მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უქონლობაზე. 

თუმცა, როცა ბრალდებაზე ვსაუბრობთ, მე არ გამიკვირდება, რომ ეს ადამიანები კორუფციაში იყვნენ გახვეულები, რადგან თავად რეჟიმია კორუმპირებული… ერთი მხრივ, ეს არის ჯილდო, მეორე მხრივ კი შანტაჟის ფაქტორი, როდესაც დანაშაულებრივ საქმიანობაში გარევ ადამიანს, ყოველთვის გაქვს ბერკეტი, რომ შეინარჩუნო მისი დუმილი და ე.წ. ერთგულება. რაღაც ამდაგვარს აქვს ადგილი ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთანაც“, – ამბობს ბარამიძე.

საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლების რიტორიკა და გადადგმული ნაბიჯები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი კორუფციის მკვლევარი ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ იყენებს სხვადასხვა სამართლებრივ და პოლიტიკურ მექანიზმს.

„ისინი პარალელურად ებრძვიან ორგანიზაციებს, რომლებიც კორუფციის აღკვეთაზე მუშაობენ. ამ ორგანიზაციების ისინი აცხადებენ ქვეყნის მტრებად, უცხოეთის აგენტებად.“, – ამბობს თამარ ონიანი.

ოპოზიციის საქმეები – სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა თუ ოპონენტების დევნა?

2025 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით დააკავეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო.

პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ არ ცნობდნენ პარლამენტის ლეგიტიმურობას და ამიტომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ.

საიამ ეს პროცესი სამართლებრივად შეაფასა და მიიჩნია, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება კანონმდებლობასთან თავსებადი არ იყო.

თამარ ონიანის თქმით, აქ მთავარი კითხვა იყო, რატომ იქნა გამოყენებული სისხლის სამართლის მექანიზმი მაშინ, როდესაც მსგავსი ქმედებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმიც არსებობდა.

„ვფიქრობთ, რომ აშკარად ეს იყო ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული“, – ამბობს თამარ ონიანი.

ამის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ საქმეები კიდევ უფრო დამძიმდა.

2025 წლის ნოემბერში რვა პოლიტიკურ ლიდერს საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ვერსიით, პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებთან მუშაობდნენ კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე, აქციების რადიკალიზაციაზე და „რეჟიმის ჩამოშლის“ მოწოდებებს აკეთებდნენ.

დაცვის მხარე ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე ძირითადად პოლიტიკოსების განცხადებებსა და მოწმეთა არასანდო ჩვენებებს ეფუძნება. საქმის განხილვა სასამართლოში დახურულია და საზოგადოებას მასზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვს.

საბოტაჟის მუხლით მიესაჯა პატიმრობა ენმ-ის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც საჯარო მოწოდებების გამო ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავეს; ასევე საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს საქმე ენმ-ის წევრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, რომელიც პოდკასტში გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და იურიდიული პროგრამის ხელმძღვანელი სანდრო ბარამიძე „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტავს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქმე, რომ მას საბოტაჟის კვალიფიკაცია მიეცეს.

„პირველი აუცილებელი ელემენტი არის მიზანი,  რომ საქართველო დაასუსტო. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტი არის შედეგი – უნდა დადგეს კონკრეტული მავნე შედეგი, რომელიც გამოიხატება იმ სუბიექტის ხელის შეშლაში, რომლის ხელყოფაც იყო გაცხადებული. 

მაგალითად, რაში გამოვლინდა საბოტაჟი ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში? თურმე გამოვლინდა იმაში, რომ ის საჯაროდ დაჰპირდა პოლიციელებს, რომ თუ დანაშაულებრივ ქმედებებს არ შეასრულებთ, ხელისუფლებაში როცა მოვალ, ამისთვის გადაგიხდითო. რა მავნე შედეგი დადგა ამ მოწოდებით? შსს ჩამოიშალა? თანამშრომლები უარს ამბობდნენ ბრძანებების შესრულებაზე?“, – ამბობს სანდრო ბარამიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ასევე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე საქმე.

ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დამხმარე შენობაში ცეცხლის გაჩენის მცდელობა აღიარა, თუმცა აცხადებდა, რომ მისი მიზანი პროტესტი იყო და არა ტერორისტული აქტის ჩადენა. მას 13 წელი მიესაჯა.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ ქმედებაში შესაძლოა, იკვეთებოდეს ცეცხლის წაკიდების მცდელობა, მაგრამ ტერორისტული მიზნის არსებობა უნდა დამტკიცდეს.

„არ არის არც ერთი მტკიცებულება საქმეში, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ელისაშვილი მოქმედებდა ტერორისტული მიზნით. ასეთი ტერორისტული მიზანი სასამართლომ უბრალოდ ივარაუდა, ხოლო ვარაუდს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეფუძნოს“, – ამბობს ბარამიძე.

ორგანიზაციამ ვრცელი ანალიზი მოამზადა 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზეც.

თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ჯამში 6 პოლიტიკოსი დააკავეს – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბრის საღამოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კი რამდენიმე თვის შემდეგ. პოლიტიკოსების ნაწილს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასაც ედავებოდნენ.

TI-საქართველოს შეფასებით, საქმეში პრობლემურია ერთი მხრივ ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი პოლიტიკური განცხადებები, რომლითაც „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად წარმოჩენას ცდილობდა. მოვლენების ქრონოლოგიაზე დაკვირვებით და საქმის მასალების შესწავლით, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურ დევნად შეფასდეს.

პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს პარალელურად მოჰყვა კიდევ ერთი პროცესი – პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი  შეიტანა და კონკრეტული პროდასავლური ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვა. გარდა ამისა, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სარჩელის ავტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ისიც, რომ აკრძალული პარტიის წევრებს სხვა პარტიის წევრობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ.

სარჩელი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად მოთხოვნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობის“, „ახალისა“ და „ლელოს“ აკრძალვა, მოგვიანებით ჩამონათვალს „ფედერალისტები“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ორ საქმეზე ბრალდებული გიორგი გახარიას პარტიაც დაემატა.

მმართველი პარტიის არგუმენტით, ამ პარტიების საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობებთან.

კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიუთითებენ მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვის პრეცედენტებზე.

„მითხარით, სერიოზულად როგორ მივიღოთ, როდესაც ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთოს წევრი 24 ქვეყნის მიერ ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

სანდრო ბარამიძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე საუბრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა გავლენას ახდენს ეს ამომრჩევლის არჩევანზე და რამდენად ინარჩუნებს სისტემა პოლიტიკურ პლურალიზმს. 

„შედარებები არასდროს არ არის რეალური საფუძვლიანობის შემოწმების ფაქტორი. სად რომელი პარტია აიკრძალა ან არ აიკრძალა, არავის აინტერესებს. აქ ლაპარაკია იმაზე, ამ კონკრეტულ ქვეყანაში როდესაც აპირებენ პროდასავლური ოპოზიციის უზარმაზარი ნაწილის აკრძალვას, ეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველო დარჩეს პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე“, – ამბობს ბარამიძე.

უკრაინა და მოლდოვა – რამდენად რელევანტურია საქართველოსთან შედარება?

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ განსაკუთრებული შეზღუდვები შემოიღო. 2022 წლის მარტში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რამდენიმე პარტიის საქმიანობის შეჩერება მოითხოვა. მათ შორის იყო „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ (OPFL) და სხვა პარტიები, რომლებსაც ხელისუფლება რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულად მიიჩნევდა.

პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებაში გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებული იყო რუსეთის სამხედრო აგრესია, ანტიუკრაინული პოლიტიკური და ორგანიზაციული საქმიანობა, ომის პროპაგანდა, ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობის შეცვლისკენ მოწოდებები, სეპარატიზმი, კოლაბორაციონიზმი და რუსეთის აგრესიის გამართლება ან უარყოფა. 

OPFL-ს აკრძალვასთან ერთად სისხლის სამართლის საქმე დაიწყო პარტიის ლიდერის, პრორუსი ოლიგარქის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლებამ მას სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებულ საქმეებში დასდო ბრალი. 2022 წლის აპრილში ის დააკავეს, ხოლო სექტემბერში უკრაინამ მედვედჩუკი 215 უკრაინელ სამხედრო ტყვეში გაცვალა.

OPFL-ის აკრძალვის შემდეგ პარტიის ყოფილი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში დარჩა, ნაწილმა მანდატი დატოვა, ხოლო ზოგი წევრი სხვა საპარლამენტო ჯგუფებში გაერთიანდა. 

2026 წლისთვის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინაში აკრძალულია 22 პრორუსული პარტია. აღსანიშნავია, რომ ერთი პარტიის, Наш край-ის აკრძალვა  უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. 

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ სავჩუკი, რომელმაც ვიქტორ მედვედჩუკის პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობა შეისწავლა, „პუბლიკას“ ეუბნება, რომ პრორუსული პარტიების აკრძალვა „ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო“.

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები, სულ მცირე, 2004 წლიდან ცდილობდნენ საზოგადოების დაყოფას.

„ეს პოლიტიკოსები აღმოსავლეთისა და ყირიმის ელექტორატზე მუშაობდნენ, ხალხს არწმუნებდნენ, რომ დასავლეთ რეგიონებში უსაქმურები ცხოვრობენ, რომლებსაც დონეცკელი მაღაროელების მუშათა კლასი არჩენს; რომ უკრაინის დასავლეთში ცხოვრობენ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ჰიტლერის მოკავშირეები იყვნენ; რომ დედაქალაქს დონბასის მცხოვრებლების ხმა არ ესმის; რომ დასავლეთ რეგიონებს ევროპისკენ სურთ წასვლა, მაგრამ იქ ყველგანაა ერთსქესიანთა ქორწინებები, პედოფილია და პროდუქტები ძალიან ძვირია, ამიტომ რუსეთთან ყოფნა უფრო მოსახერხებელი და საიმედოა, რომ ის დიდია, ძლიერია და გაზიც აქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკოსები შეგნებულად აშინებდნენ ხალხს საშინელი დასავლეთის შესახებ სხვადასხვა გამოგონილი ამბით, რათა გარკვეული დროის შემდეგ მათ წინააღმდეგობა არ გაეწიათ რუსეთის არმიისთვის; რათა მტერი უკრაინელ ჯარისკაცში დაენახათ და არა რუს ოკუპანტში. 

ამიტომ პრორუსული პოლიტიკური ძალების აკრძალვა გაცილებით ადრე იქნებოდა მიზანშეწონილი. ისინი ქვეყანას შიგნიდან ანგრევდნენ. აშკარად და ღიად“, – ამბობს სავჩუკი, რომელსაც მიაჩნია, რომ პრორუსული პარტიების აკრძალვა, რომლებიც სახელმწიფოს ლიკვიდაციას ამართლებენ, ლოგიკური და აუცილებელია.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, იმისთვის, რომ უკრაინამ განასხვაოს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური საქმიანობა ხელისუფლების კრიტიკისგან და ეროვნული უსაფრთხოების ზომები არ იქცეს პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის ინსტრუმენტად, საჭიროა, მოქმედებდეს კანონმდებლობა, რომელიც პოლიტიკურ ძალებს უკრძალავს მტრობის გაღვივებისკენ მოწოდებას, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ან მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამართლებას. გარდა ამისა, სავჩუკის აზრით, საჭიროა პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების დაფინანსების წყაროების შემოწმება.

„თუ ვიქტორ მედვედჩუკი საკუთარ დეკლარაციაში ღიად უთითებდა რუსულ ბანკებში, რუსულ რუბლებში არსებულ ანგარიშებს, აჩვენებდა ათამდე რუსულ კომპანიას, ღიად ამბობდა, რომ რუსეთი სამხედრო აგრესორი არ არის, ხოლო პუტინი მისი ქალიშვილის ნათლიაა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს დასკვნების გამოსატანად საკმარისზე მეტია. ეს არ იყო მთავრობის კრიტიკა — ეს იყო კრემლის სასარგებლოდ აშკარა და დაუფარავი მუშაობა.

მედვედჩუკის შემთხვევა აჩვენებს, რომ შემაკავებელმა მექანიზმებმა არ იმუშავა. იმის ნაცვლად, რომ ის ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციაში კარიერა დაასრულა, ისტორიის სანაგვეზე დარჩენილიყო, ის პოლიტიკურ კონტექსტში დააბრუნეს და 2014 წლის შემდეგ რუსულ მხარესთან მომლაპარაკებლად აქციეს. 

ეს სრული სირცხვილი იყო, რადგან რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ინტერესებს პრორუსული შეხედულებების მქონე ადამიანი წარმოადგენდა. ხოლო კიდევ ხუთი წლის შემდეგ, სამი ტელეარხის შეძენის შემდეგ, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ავრცელებდნენ მანიპულაციებს, ის უკრაინის პარლამენტში მოხვდა. უკრაინის სპეცსამსახურებს მისით გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ დაინტერესება“, – ამბობს სავჩუკი.

პარტიების აკრძალვის პრეცედენტი დაფიქსირდა მოლდოვაშიც. 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსი ოლიგარქის, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ილან შორის მიერ დაფუძნებული პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ფულის გათეთრებისა და თაღლითობის საქმეზე მსჯავრდებულია თავად ილან შორიც, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია.

„შორის“ საქმეში სახელმწიფოს არგუმენტები რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: პარტიის დაფინანსების წესების დარღვევას, არაგამჭვირვალე ფინანსურ სქემებს, პარტიის წარმომადგენლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას და ისეთ მოქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც ხელისუფლების შეფასებით, კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის ან ძალადობისკენ იყო მიმართული.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საარჩევნო ორგანოებს პარტიისთვის მანამდეც ჰქონდათ დაკისრებული სხვადასხვა სანქცია, მათ შორის გაფრთხილება, კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება და სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა. სასამართლოს მიერ განხილული მასალების მიხედვით, დარღვევები ამის შემდეგაც გაგრძელდა.

პარტიის გაუქმების შემდეგ მოლდოვის ხელისუფლებამ კანონმდებლობა შეცვალა და არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა შემოიღო. სახელმწიფოს ამ ნაბიჯს ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიუთითეს, რომ პარტიის აკრძალვა და კონკრეტული ადამიანის საარჩევნო უფლების შეზღუდვა სამართლებრივად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

2025 წელს მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ ოთხი პარტია – „Renaștere“[აღორძინება], „Șansă“[შანსი], „Forța de Alternativă și de Salvare a Moldovei“ [მოლდოვის ალტერნატივისა და გადარჩენის ძალა] და „Victory“ [გამარჯვება] – „შორის“ პარტიის სამართლებრივ მემკვიდრეებად ეცნო და მათი დაშლის გადაწყვეტილება გამოეტანა. სამინისტროს განცხადებით, მტკიცებულებებს შორის იყო ამ პარტიების ლიდერების შეხვედრა მოსკოვში ილან შორთან, საერთო პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენება და ფინანსური კავშირები. 

2026 წლის ივლისში ცენტრალურმა სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს მოთხოვნებზე გადაწყვეტილება მიიღო: ოთხი პარტიის „შორის“ მემკვიდრეებად ცნობისა და დაშლის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო რამდენიმე პარტიის საქმიანობა დროებით შეზღუდა. გადაწყვეტილებები აღსრულებადია, თუმცა მათი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.

„მემკვიდრე პარტიების“ საკითხზე იმსჯელა ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში. კომისიამ აღნიშნა, რომ ასეთი პარტიის იდენტიფიცირებისთვის შეიძლება არსებობდეს ობიექტური კრიტერიუმები, თუმცა შეფასება უნდა იყოს კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებული და პროპორციული. დროებითი შეზღუდვები, კომისიის მიხედვით, მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ და გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც არსებობს დემოკრატიული ღირებულებებისთვის რეალური და გარდაუვალი ზიანის საფრთხე.

მიუხედავად პარტიების მიმართ დაწესებული შეზღუდვებისა, მოლდოვასა და უკრაინაში პოლიტიკური პლურალიზმი არ გაუქმებულა. 2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები OSCE/ODIHR-მა კონკურენტულად შეაფასა და განაცხადა, რომ ამომრჩეველს ალტერნატივებს შორის არჩევანი ჰქონდა. 

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფია წარმოდგენილი, მათ შორის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“.

სომხეთი: დაკავებული პრორუსი პოლიტიკოსები 

2025-2026 წლებში სომხეთში პრორუსად მიჩნეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება.

2025 წლის ივნისში დააკავეს ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმართ და განაცხადა, რომ საჭიროების ხელისუფლების საქმეში „თავისებურად ჩაერეოდა“.

მის წინააღმდეგ თავდაპირველად საქმე აღიძრა ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდების ბრალდებით, მოგვიანებით კი ფინანსური და ეკონომიკური ხასიათის ბრალდებებიც წაუყენეს. 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში კარაპეტიანი ოპოზიციური გაერთიანების, „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო საარჩევნო სიაში არ შეიყვანეს. წინასაარჩევნო პერიოდში მისი გუნდის წევრებს კორუფციული დანაშაულების მუხლებით ათეულობით ბრალდება წარუდგინეს. კარაპეტიანმა მისი საქმე პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირა.

მეორე მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, პრორუს მილიარდერს, გაგიკ წარუკიანს. მის წინააღმდეგ დევნა არჩევნებიდან ორ დღეში დაიწყო, 6 ივლისს კი დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, წარუკიანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის თაღლითობის ორგანიზება და ფულის გათეთრება. სამართალდამცავებმა დახურეს მისი ათობით კომპანია და რამდენიმე კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღეს, მათ შორისაა ცემენტის ქარხანა Ararat Cement და კონიაკის საწარმო Noy.

მესამე საქმეა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რობერტ ქოჩარიანის და მისი შვილის, სერდაკ ქოჩარიანის დაკავება. სამართალდამცავებმა ქოჩარიანების წინააღმდეგ მოქმედება 24 აგვისტოს დაიწყეს. ამ პროცესს წინ უძღოდა რობერტ ქოჩარიანის შვილის, ლევან ქოჩარიანის მწვავე დებატი პარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სამართალდამცავებმა დახურეს რობერტ ქოჩარიანთან და მის უფროს შვილთან, სედრაკ ქოჩარიანთან დაკავშირებული რამდენიმე ბიზნესი. ქოჩარიანი და მისი შვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. 

ამ პოლიტიკოსების „განადგურების“ პირობა ნიკოლ ფაშინიანმა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დადო. 

„გავანადგურებ რობს, რობი ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს, გავანადგურებ კალუგელ კაცს, გავანადგურებ სერჟსაც და გაგოსაც“ – თქვა მან 18 მაისს მოქალაქეებთან დაპირისპირებისას. 

სომხეთში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო კონტექსტში განიხილეს. OSCE/ODIHR-მა 7 ივნისის არჩევნების წინასწარი შეფასების დოკუმენტში აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი ფიგურების დაკავებისა და დევნის კონცენტრაციამ შერჩევითი მართლმსაჯულების აღქმა შექმნა და კამპანიის პირობების თანასწორობაზე კითხვები გააჩინა.

„დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის“ ხელმძღვანელი ტიგრან გრიგორიანი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ სომხეთში მიმდინარე მოვლენები შეიძლება, პოლიტიზებული მართლმსაჯულების მაგალითად შეფასდეს.

მისი თქმით, საკითხავი ის კი არ არის, ეს პოლიტიკოსები ნამდვილად დამნაშავეები არიან თუ არა, პრობლემა ისაა, რომ მართლმსაჯულება მათ ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევს, როცა ისინი პოლიტიკურად აქტიურდებიან.

„თუკი მაგალითად გაგიკ წარუკიანის შემთხვევას ავიღებთ, მას მმართველ პარტიასთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა 2021 წლიდან და რამე სამართლებრივი პრობლემა არ შექმნია, თუმცა როგორც კი ის პოლიტიკურად აქტიური გახდა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და პრემიერ-მინისტრიც მკაცრად გააკრიტიკა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ამოტივტივდა. წარუკიანმა წნეხი წარსულშიც გამოიარა, როცა წინა ხელისუფლებამაც გამოიყენა სამართლებრივი მექანიზმი მისი პოლიტიკური აქტიურობის ჩასახშობად. ვფიქრობ, იგივე ითქმის ქოჩარიანსა და კარაპეტიანზეც“, – ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი არ მალავენ პროცესის პოლიტიკურ ხასიათს, ფაშინიანი აქტიურ აგიტაციასაც კი უწევდა და აანონსებდა ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს. გრიგორიანის თქმით, ხელისუფლებას ამ პროცესებს უადვილებს ის, რომ ეს პოლიტიკოსები რუსეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

„სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ფრთხილობს, რომ ხმამაღლა ისაუბროს ამ საქმეებზე, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ დიდ უკუკავშირს სომხურ საზოგადოებაში, სამოქალაქო საზოგადოებაში ან თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებს შორის. მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ხაზი გაუსვას ამ პრობლემას, რადგან, ჩვენი აზრით, საქმე არ უნდა ეხებოდეს ცალკეულ პირებს, არამედ საქმე უნდა ეხებოდეს მმართველობის დემოკრატიული ნორმების და პრაქტიკის შენარჩუნებას, რაც არ არის შენარჩუნებული და ეს სომხეთში დემოკრატიული უკუსვლის ფართო ტენდენციის ნაწილია“, – ამბობს ის.

ანალიტიკოსის აზრით, სომხეთში არ არსებობს ნეიტრალური სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკოსების შესაძლო დანაშაულებს მიუკერძოებლად განსჯის.

„ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში, სამართლებრივი სისტემა, სამწუხაროდ, მმართველი პარტიის გავლენის ინსტრუმენტად და ბერკეტად იქცა. ამჟამად მთავრობა აკონტროლებს საკონსტიტუციო სასამართლოსაც და დაბალი ინსტანციის სასამართლოებსაც. გვყავს მოსამართლეები, რომლებიც ცნობილი არიან პოლიტიკურ საქმეებში მათი მონაწილეობით. ბოლო პერიოდის განვითარება იყო მმართველი პარტიის წევრის, ვლადიმერ ვართანიანის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა. იგივე ითქმის გენერალური პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ უწყებებზეც.

იდეალურ სცენარში, სამუშაო უნდა გაკეთდეს მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ტენდენცია საპირისპიროა – მთავრობა და მმართველი პარტია ზრდის კონტროლს სასამართლო სისტემაზე“, – ამბობს ტიგრან გრიგორიანი.

რამდენად რელევანტურია სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესების საქართველოსთან შედარება, ამ საკითხზე როგორც თამარ ონიანი, ისე სანდრო ბარამიძე „პუბლიკას“ ეუბნებიან, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ სხვა ქვეყნებში ერთმანეთის მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, კონკრეტული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლიანობას ვერ განსაზღვრავს.

„კანონები და საქმეები არ არსებობს კონკრეტული კლიმატისგან დაშორებით. ერთი მცენარე შეიძლება, სადღაც კარგად ხარობდეს და სხვა კლიმატში სრულიად სხვა შედეგი ჰქონდეს. ამ შედარებებსაც ასეთი მოცემულობა აქვს. არ შეიძლება, ორი ქვეყნის რეალობა ავტომატურად შესადარებელი კატეგორია იყოს. ბევრი რამეა დამოკიდებული ინსტიტუტებზე, რომლებიც ჩართული არიან და მით უმეტეს, როცა ინდივიდუალურ საქმეებს ვეხებით, წარმოუდგენელია, რომ ასეთი ტიპის ხმამაღალი შედარება ვინმემ სამართლებრივ არგუმენტად გამოიყენოს. ეს შეიძლება, იყოს უფრო მეტად პოლიტიკური გამოხატვის ნაწილი“, – ამბობს თამარ ონიანი.