პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი მოითხოვს, გადადგეს რუსთავის N6 ციხის უფროსი შოთა ტრაპაიძე ასევე დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის კადრები სრულად და ხმით გამოქვეყნდეს.
ოჯახმა დღეს, 3 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გამართა რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც გიორგი დავითაძეა მოთავსებული.
„გადაყენებულ იქნას მომპალი ციხის ხელმძღვანელი შოთა ტრაპაიძე.
ყველა დამნაშავე პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის წამებაში, მოაცილონ სისტემას, სანამ გამოძიება არ დასრულდება და მიიღონ შესაბამისი ზომები.
თუ არა გაასაჯაროებენ იმ ხმოვან ჩანაწერებს და სრულ კადრებს, თუ რა შეურაცხყოფას აყენებენ ჩემს შვილს, როგორ გამოყავთ მდგომარეობიდან და როგორ უწყობენ პროვოცირებას, რომ ის ხშირად ჩაიყვანონ დეესლაკაციის ოთახში და იქ აწამონ“, – თქვა გიორგი დავითაძის მამამ, ავთანდილ დავითაძემ.
გუშინ, 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი დავითაძემ რუსთავის N6 ციხის ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „ტვ პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მან თქვა, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“ მას შემდეგ, რაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. დავითაძემ ასევე თქვა, რომ ბადრაგები ამ დროს აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები ხმის გარეშე. ვიდეო 4.5-წუთიანია.
პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა დავითაძის განცხადებას და მის მიერ გაუპატიურების აღწერისას ნათქვამს, ხოლო პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ მადლობაც გადაუხადა „მე-6 პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს, ვინაიდან გიორგი დავითაძის შესახლების ვიდეოში არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს – ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი”.
მსჯავრდადებულის დედამ თქვა, პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მომხდარს სრულად არ ასახავს და მასალა, რომელიც პროკურორმა აჩვენა, 20 წუთამდეა.
„2-3 წამიანი კადრი აჩვენეს, იქაც, ვისაც უნდა დაინახოს, რა ხდება იქ, მშვენივრად დაინახავს. ეს 10 ჯალათი შემოეხვია წაქცეულ, საწოლზე გადაყუდებულ გიორგის, გადაუგრიხეს ყველაფერი. ჩანს ხელების მოძრაობებიც, რაც ჩაიდინეს, დანარჩენმა ჯალათებმა კედელი აღუმართეს, რომ ეს კარგად ხილვადი არ ყოფილიყო. მაგის გარდა 5 ფაილია, რუსთავის პროკურატურა ვალდებული იყო ეს ჩემთვის ეჩვენებინა. ზოგ ქოცს არ უნდა ამის დაჯერება და თურმე ჩვენ ასეთი რამ მოვიგონეთ ჩვენს თავზე გაასაჯაროონ კადრები ხმოვანი სახით“, – თქვა დღევანდელ აქციაზე გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ.
გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა 2025 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველიც იყო ინფორმირებული. ომბუდსმენის აპარატის მიერ გუშინ, 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ბრალდების, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდების შესახებ აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა პროკურატურას და რომ უწყებამ მათი მიმართვის საფუძველზე გამოძიებაც დაიწყო.
თავად მოქმედმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ კადრებში „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რამე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა“.
ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დაწერა, რომ „პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც გიორგი დავითაძე ყვება, ვიდრე გამორიცხავს“.