ადვოკატის თქმით, დავითაძისთვის სოლიდარობის გამოხატვის შემდეგ ბათუმში ციხის თანამშრომლებმა პატიმარს სცემეს, პენიტენციური ფაქტს უარყოფს

პუბლიკა

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, ლაშა ჩაჩანიძეს ბათუმის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ხელკეტებით სცემეს იმის გამო, რომ გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა.

ანა აკოფოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დღეს, 5 ოქტომბერს, მსჯავრდებულს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შეხვდა, სადაც ცემის შემდეგ კანონდარღვევით გადაიყვანეს. აკოფოვას თქმით, ლაშა ჩაჩანიძე მას მოუყვა, რომ 2 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს ის საკნიდან გაიყვანეს და ათამდე პირმა სცემა.

ამასთანავე ჩაჩანიძემ მოუყვა, რომ ასევე იძალადეს კიდევ რამდენიმე მსჯავრდებულზე. ადვოკატის თქმით, ლაშა ჩაჩანიძეს აქვს „სერიოზული დაზიანებები მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე, მუცელზე“. ანა აკოფოვამ, მისივე თქმით, რეაგირებისთვის მიმართა სახალხო დამცველს, პროკურატურას და აპენიტენციურ სამსახურს, რომლისგანაც ელოდება განმარტებას.

„ლაშამ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა დაუყოვნებლივ. მას შეცვლილი ჰქონდა ლოკაცია – მოთავსებული იყო ბათუმის მე-6 დაწესებულებაში და გადმოყვანილი აღმოჩნდა ბათუმის მე-3 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. რომ შევედი ვიზუალურადაც ემჩნეოდა დაზიანებები, საკმაოდ შეუძლოდ გრძნობდა თავს და მომიყვა, რომ პატიმრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დავითაძეს და ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ეს სოლიდარობა ჩაეხშო.

იქ არავითარ ბუნტს და მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. ეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და განცალკევებულად არიან მოთავსებულები მსჯავრდებულები. მათ მხოლოდ გადაძახილებით შეეძლოთ გამოეხატათ სოლიდარობა. ამის ჩასახშობად ციხის ადმინისტრაციამ გაიყვანა ლაშა ჩაჩანიძე და დაახლოებით ათი პირი ერთდროულად სცემდა მას. ჯერ თავად ადმინისტრაცია ძალადობდა და შემდეგ უკვე მოიხმეს სპეციალური რაზმის დანაყოფი, რომელმაც ასევე იძალადა მასზე და კიდევ რამდენიმე მსჯავრდებულზე.

ეს ადამიანები ახლა კანონის დარღვევით გადმოყვანილები არიან მე-3 დაწესებულებაში. გადმოიყვანეს იმიტომ, რომ ნაცემი მსჯავრდებულები მოეშორებინათ იმ ტერიტორიისთვის. მე მივმართე სახალხო დამცველს, გავგზავნე შესაბამისი წერილი პროკურატურასთან და ველოდები მათგან რეაგირებას. ასევე გაგზავნილი მაქვს წერილი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საიდანაც ველოდები პასუხს.

ლაშას მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე, მუცელზე აქვს სერიოზული დაზიანებები და ეს დაზიანებები მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც განცალკევებულადაა მოთავსებული, შეუძლებელია, სხვანაირად მიეღო, გარდა იმისა, რომ იძალადეს უშუალოდ დაწესებულების თანამშრომლებმა“, – ამბობს ანა აკოფოვა „პუბლიკასთან“.

„პუბლიკა“ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში ადვოკატის ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა.

ანა აკოფოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისა და ამ საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ერთი პირის უფლებები აქამდეც შელახული იყო. მისი თქმით, მაშინ, როცა ლაშა ჩაჩანიძე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშია მოთავსებული, ოზურგეთის რაიონული სასამართლო 9 თვეზე მეტია, განაჩენსაც არ აბარებს, რომ ის გაასაჩივრონ.

„ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მეათე თვეა ვეხვეწებით განაჩენის ჩაბარებას, 2025 წლის 30 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძემ, რომელსაც დღემდე არ ჩაუბარებია ჩვენთვის განაჩენი. შესაბამისად, აქ ილახება მსჯავრდებულების უფლებები, რადგან გასაჩივრებას ვერ ვახერხებთ. აპელაციაზე ვერ შეგვაქვს, სანამ დასაბუთება არ იქნება. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად – სახალხო დამცველთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, PR სამსახურებსაც დავუკავშირდი და ამაზე არ ყოფილა გამოხმაურება, არანაირი რეაგირება არ აქვს. თანაშემწე ამბობს, ჯერ არ სცალია ამ განაჩენის დასაწერადო და არ წერს დასაბუთებას“, – ამბობს ანა აკოფოვა „პუბლიკასთან“.