უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა

პუბლიკა

პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ისევ დაახარვეზა – გამოსასწორებლად კვლავ ინიციატორებს დაუბრუნებენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვეს.

„განახლებულ ვერსიაშიც არის მთელი რიგი შეუსაბამოები ნორმატიული აქტების შესახებ კანონთან, შესაბამისად, გვაქვს რეკომენდაცია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე დაუბრუნდეს ინიციატორს ხარვეზების გამოსასწორებლად. დასკვნა ვრცლად წარმოდგენილია თანდართულ მასალებში“, – განაცხადა საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენელმა.

ეს საბიუჯეტო ოფისის რიგით მეორე დასკვნაა, რის საფუძველზეც კანონპროექტის განხილვების დაწყებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

პირველად 21 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საბიუჯეტო ოფისს შენიშვნები ჰქონდა კანონპროექტის განმარტებით ბარათში ფინანსური დასაბუთების ნაწილში. მათი თქმით, როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისობრივად იყო შესაფასებელი პროექტის სათანადო გავლენები.

პროექტის ავტორებმა შენიშნვები გამოასწორეს და პარლამენტს წარუდგინეს. თუმცა, საბიუჯეტო ოფისმა ის კვლავ დააზარვეზა.


საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა მოძრაობა „ხმას” ეკუთვნის. პროექტის განხილვა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივის წესით მოხდება. მოძრაობამ პარლამენტში 37 000-ზე მეტი ხელმოწერა წარადგინა. სწორედ ამ მიზნით გროვდებოდა ხელმოწერებიც. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.

კანონპროექტი უფასო სასკოლო კვების პროგრამის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს, დაბალანსებული საკვებით და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასკოლო კვების მიზანი არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.