სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადიციის განახლებას ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოდ მიიჩნევს.
რუსული მედიების ცნობით, 43 წლის დმიტრი პუშკარევი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი-ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც ის კონვოის თანამშრომელს დაესხა თავს და გაქცევა სცადა. რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ის თანახმად, რომელიც რუსულ სამართალდამცავ ორგანოებს დაეყრდნო, პუშკარევი რამდენიმე დღით ადრე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას: დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადიცია, სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში;
გენერალურ პროკურატურას – გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;
იუსტიციის სამინისტროს – განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი; ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები იქნა გამოყენებული უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით.“
„დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იყო, მაგრამ მისი სიკვდილი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვას, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან, არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაცემის შემდეგ გამოვლენილი ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის შესაფასებლადაც, რამდენად საფუძვლიანი იყო სახელმწიფოს მიერ რისკის წინასწარი შეფასება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს“,- ნათქვამია განცხადებაში.
Lenta.ru-ს მიხედვით, პუშკარევისა და მისი სავარაუდო თანამზრახველის, კორნეი ფედუნოვის ექსტრადიცია საქართველოდან რუსეთში 24 სექტემბერს მოხდა.
საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რუსული გამოძიების ვერსიით, პუშკარევი მაგადანის ოლქში ნარკობიზნესს ხელმძღვანელობდა. ის ორგანიზებას უწევდა ნარკოტიკების მიწოდებას, აკონტროლებდა მათ შენახვასა და ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით რეალიზაციას. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო პატიმრობაც დამუქრებოდა. რუსული მედიები პუშკარევს „მაგადანის ესკობარს“ უწოდებენ.
რუსული მხარის ცნობით, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათზე, პუშკარევი საკნიდან ტუალეტში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის კონვოის თანამშრომელს თავს დაესხა, მოკლა და გაქცევა სცადა. გაქცევის მცდელობა აღკვეთეს, თავად პუშკარევი კი ცეცხლსასროლი იარაღით „გაანეიტრალეს“.
Lenta.ru წერს, რომ როგორც მათ სამართალდამცავ უწყებაში განუცხადეს, ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში პატიმართა ამბოხს ადგილი არ ჰქონია.