პოლონეთმა უკრაინის მოსაზღვრე ლუბლინის სავოევოდოში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები განათავსა. ამასთან, რეგიონში იგეგმება უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფის შექმნა, რომელიც მომავალში შესაძლოა, ბრიგადად ჩამოყალიბდეს.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ლუბლინის რეგიონში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პოლონეთმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება, შვიდანიკის აეროპორტის მიმდებარედ Patriot-ის სისტემები განეთავსებინა, რაც მიზნად ისახავს რეგიონისა და საჰაერო მიმოსვლის დაცვას, რომელიც არსებული საფრთხეების გამო პერიოდულად ჩერდება.
პოლონეთი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მიმდებარედ დამატებით საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს განათავსებს.
კოსინიაკ-კამიშმა ყურადღება დრონების დანაყოფების განვითარებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ქალაქ ლუკოვში იგეგმება უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფის განთავსება, რომლის გრძელვადიანი მიზანიც ბრიგადის ჩამოყალიბებაა.
დანაყოფი აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ საჰაერო დრონებით, არამედ სახმელეთო, ზედაპირული და წყალქვეშა უპილოტო სისტემებით.
გარდა ამისა, ქალაქ ბილგორაიში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარეობს, მექანიზებული ბატალიონი და საჰაერო თავდაცვის დანაყოფები განთავსდება.
შვიდანიკში ასევე იგეგმება სახმელეთო ჯარების ვერტმფრენების ბაზის შექმნა, ხოლო კრასნიკის მახლობლად – „აბრამსის“ ტანკებისთვის განთავსების ადგილის მოწყობა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ლუბლინისა და პოდკარპატების სავოევოდოებში სამხედრო ინვესტიციებისთვის „აბსოლუტური პრიორიტეტის“ მინიჭებას მოითხოვს. მისი თქმით, ორივე რეგიონი პოლონეთისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, უკრაინის თავზე საჰაერო ოპერაციების რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით 15-ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, პოლონეთში ხშირი განგაშის სიგნალები დაკავშირებულია პოლონეთ-უკრაინის საზღვრის მიმდებარედ არსებულ საფრთხეებსა და პროვოკაციებთან.
პოლონეთის თავდაცვის გაძლიერება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების უფრო ფართო პროცესის ნაწილია. ალიანსის წევრი ქვეყნები დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს განათავსებენ, აფართოებენ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და შეიარაღების წარმოებას.