მუსიკოსმა მიშო სულუხიამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, ლისთან გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მიშო სულუხია წერს, რომ მის ტაქსის გზა გადაუკეტეს, მანქანიდან გადასვეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პირები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ.
მუსიკოსი ამბობს, რომ მოაქციეს ალყაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, არ მისცეს საშუალება, ეპასუხა ტელეფონზე შემავალი ზარისთვის.
სულუხიას თქმით, დათვალიერებისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა და იყო ფხიზელი.
„დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.
ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი.
ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით, შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო, დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ.
რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.
მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“, – წერს მუსიკოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მიშო სულუხია ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში ქვეითად „საეჭვოდ გადაადგილდებოდა“ და სამართალდამცველებმა ის გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა „პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“.
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი“, – აცხადებს შსს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.