ორგანიზაციები: პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა ავტოკრატიზაციის უმძიმესი ეტაპია

პუბლიკა

19 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის განხილვის დაწყებას საერთო განცხადებით ეხმაურება.

მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს.

ორგანიზაციები წერენ, რომ წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.

„მოსარჩელეთა ერთადერთ ე.წ. მტკიცებულებას წარმოადგენს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის იურიდიული ძალის არმქონე დასკვნა. სარჩელში ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესები, როგორიცაა ხელისუფლების კრიტიკა, საპარლამენტო ბოიკოტი, პარტიებს შორის თანამშრომლობა, მშვიდობიანი პროტესტი და საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვა მანიპულაციურად არის გაიგივებული კონსტიტუციური წყობილების დამხობასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დევნის ფონზე, რასაც წინ უძღოდა ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებებით პარტიებთან „დაკავშირებულ პირთა“ პოლიტიკური უფლებების ბლანკეტური შეზღუდვა. მათი თქმით, რეპრესიების მასშტაბს ადასტურებს ისიც, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები აქვთ.

„იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 784 830 მოქალაქის (ამომრჩეველთა თითქმის 38%-ის) მხარდაჭერა მოიპოვეს, უთანაბრდება ასობით ათასი ამომრჩევლისთვის საარჩევნო ხმისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის უფლების ჩამორთმევას.

ეს ქმედება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ისედაც შერყეულ საზოგადოებრივ ნდობას, ყოველგვარ აზრს დაუკარგავს მომავალ არჩევნებს, გააქრობს ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილების პერსპექტივას, ფაქტობრივად, აკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას და ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციები მიმართავენ:

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებული სარჩელი განიხილონ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სტანდარტებით ხელმძღვანელობით. აუცილებელია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სათანადოდ შეფასდეს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული მონაწილეობისა და მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის დაცვის მნიშვნელობა, ხოლო გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მკაფიო და დამაჯერებელ სამართლებრივ დასაბუთებას.
  • საქართველოს მოქალაქეებს: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ან პარტიულ სუბიექტებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა თითოეული თქვენგანის კონსტიტუციურ უფლებაზე, თავად აირჩიოთ და მშვიდობიანად შეცვალოთ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სიმპათიებისა, მრავალპარტიული დემოკრატიის გაუქმება ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ერთმევათ ხმის უფლება, განსხვავებული აზრის გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოგიწოდებთ, არ შევეგუოთ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას და ერთიანი სამოქალაქო პოზიციით დავიცვათ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, კონსტიტუციური წესრიგი და საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალი.
  • საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ყურადღებით დააკვირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და მის შესაძლო გავლენას პოლიტიკურ პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ გარემოზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  2. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  3. საქართველოს მომავლის აკადემია
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  5. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  6. უფლებები საქართველო
  7. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  8. ევროპის ფონდი
  9. საფარი
  10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  11. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  12. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  13. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  14. თბილისი პრაიდი
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  17. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  18. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  19. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.