პრორუსი პოლიტიკოსის, მამუკა ფიფიას ინფორმაციით, რუსეთმა სასმლის გაყიდვაზე შეზღუდვა კიდევ სამ ქართულ კომპანიას დაუწესა

პუბლიკა

პრორუსი პოლიტიკოსის, მამუკა ფიფიას ინფორმაციით, რუსეთმა სასმლის გაყიდვაზე შეზღუდვა კიდევ სამ ქართულ კომპანიას დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს.

ფიფიას ინფორმაციით, ეს კომპანიებია: GWS-Wine-Company, „შატო მუხრანი“ და „ვინივერია“.

ფიფიამ BM.GE-ს უთხრა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი მალე გამოიცემა.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების შვიდი მწარმოებლის პროდუქტის იმპორტი და გაყიდვა შეაჩერა. აკრძალვა შეეხო „თელიანი ველის“, „თბილვინოს“, „ასკანელი ძმების“, „ვაინმენის“ ღვინოებს, „ქართული ლუდის კომპანიის“ [ზედაზენი] ლუდს, ქართულ Coca-Cola-ს და „ნაბეღლავს“.

რუსული მედიის ცნობით, დროებითი სანიტარიული ზომა ამოქმედდა იმ მიზეზით, რომ „პროდუქტი ორგანოლეპტიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებს, ასევე უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“. მწარმოებლებმა სტანდარტთან შეუსაბამობა უარყვეს.

10 ოქტომბრის აკრძალვის შესახებ მამუკა ფიფიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს აკრძალვების მხოლოდ პირველი ტალღა იყო.

„სამწუხარო ფაქტია და ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ იქნება 2-3 ტალღა. სანქციები 40-ზე მეტ კომპანიას ეხება და ჯერჯერობით მხოლოდ მინერალურ წყალს, ლუდსა და ალკოჰოლს შეეხო, თუმცა შემდგომში ეს პროცესი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც გავრცელდება“, – დაწერა მან და მიუთითა, რომ „ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ 40-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წინააღმდეგ მზადდება სანქციები“.

ივლისში ინტერვიუში ფიფია ამბობდა, რომ „იყვნენ კომპანიები, რომლებიც აფინანსებდნენ რადიკალურ აქციებს, ისინი შემჩნეულნი იყვნენ რუსოფობიაში და რუსეთში გადაწყვიტეს, რომ შეესწავლათ ეს კომპანიები, და გაეკეთებინათ ერთგავრი „წითელი სია“. ამ სიაში შეიყვანეს 40-ზე მეტი კომპანია – საქართველოს ყველაზე მსხვილი კომპანიები“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობას უკავშირდება და პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან.