პრორუსი პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა „ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგებაა“.
რუსული მედია Mir-Info-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფიფიას სთხოვეს, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნის მნიშვნელობა შეეფასებინა.
„სპეციალური წარმომადგენლები ადრეც იყვნენ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: ზურაბაშვილი არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა, არამედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ინარჩუნებს. ეს მას საშუალებას აძლევს, მაღალი დონის შეხვედრები გამართოს მიხაილ გალუზინთან, ასევე სერგეი ლავროვთან.
სწორედ ამიტომ ვანიჭებ ამ დანიშვნას ასეთ მნიშვნელობას. ეს ახალ დონეზე გადასვლაა, პრაქტიკულად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა მოსკოვშიც შედგება ვიზიტები და თბილისშიც. კარგია, რომ ეს ნაბიჯი თბილისმა გადადგა“, – ამბობს ფიფია და ირწმუნება, რომ „ქართულმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი ძალიან დადებითად მიიღო.“
მამუკა ფიფიას განცხადებით, ნაბიჯი, რომელიც თბილისმა ახლა გადადგა, რეალური წინსვლაა და დაახლოების შესაძლებლობას ქმნის. მან იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
ფიფიამ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია რუსეთის ინტერესის სფეროა და საჭიროა სიბრძნის გამოჩენა და რუსეთის ყველა ინტერესის გათვალისწინება.
„რუსეთი საქართველოს არავის დაუთმობს. ეს უნდა ესმოდეთ ჩვენს მეზობლებსაც, რომლებიც, შესაძლოა, საკუთარ სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობენ და საქართველოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ.
ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრე ვართ – მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში – რათა გადავჭრათ დაგროვილი პრობლემები, გავაერთიანოთ ჩვენი ხალხები და ვიცხოვროთ ერთ სახლში, ერთ მოკავშირე სახელმწიფოში.
პირველ რიგში, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ამ წლების განმავლობაში ორივე მხარეს ბევრი ცუდი რამ გაკეთდა ჩვენი ხალხების გასაყოფად. თუმცა მათი გაყოფა ვერ მოხერხდა — ადამიანები მაინც ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. და მადლობა ღმერთს ამისთვის, რადგან ჩვენ ერთი სარწმუნოების ადამიანები ვართ, ძმები ქრისტეში.
მჯერა, რომ ღმერთს საქართველო მეზობლად ასეთი უზარმაზარი რუსეთისთვის იმიტომ არ შეუქმნია, რომ ვიკამათოთ ან, მით უმეტეს, ვიომოთ. ამიტომ ვიმეგობრებთ, ვეკონტაქტებით ერთმანეთს, ერთად განვვითარდებით, შევქმნით უსაფრთხოების საერთო სივრცეს, საერთო ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეს. განვავითარებთ სპორტულ კავშირებს და ყველაფერს, რაც ხალხებს აერთიანებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აცხადებს პრორუსი პროპაგანდისტი.
21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“. მისივე თქმით, ჟენევის ფორმატთან ერთად სპეციალურ წარმომადგენელს ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების“ განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება და ამ პოზიციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა სახიფათო ტენდენციაა.
განცხადების ავტორთა შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი შექმნას, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება.