ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო განცხადებით „ასავალ-დასავალის” მიერ 9 ნოემბრის ნომერში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც დიტო ჩუბინიძის ლექტორობის შეწყვეტაზეა საუბარი. უნივერსიტეტის თქმით, საზოგადოებას „შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები” მიეწოდა, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან „შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა”, რეალურად კი „საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე”. უნივერსიტეტის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.
უნივერსიტეტი ჩუბინიძეს აფრთხილებს, რომ მისი დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების გაგრძელების შემთხვევაში, საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს.
„დომენტი (დიტო) ჩუბინიძისთვის, როგორც აკადემიური თანამდებობის პირისთვის, ცნობილი უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სრულად იყო დაცული ეთიკის ნორმები და ეთიკის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. კერძოდ, დაცული იყო როგორც ეთიკის კომისიის სხდომის მიმდინარეობის, ისე სხდომის ოქმისა და მასთან დაკავშირებული მასალების კონფიდენციალურობა. „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდა შინაარსობრივად დამახინჯებული მონაცემები, მათ შორის, მიზანმიმართულად გავრცელდა მცდარი ცნობები, თითქოსდა უნივერსიტეტმა დიტო ჩუბინიძესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ განმარტოს საკითხის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.
უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში წარმოებული საქმის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დომენტი ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში წარდგენილი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო კონკრეტული სამართლებრივი გარემოებებითა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია შრომითი ურთიერთობის შეჩერებაზე და არა მის შეწყვეტაზე. ამდენად, პუბლიკაციებში ამ ორი განსხვავებული სამართლებრივი დეფინიციის ერთმანეთთან გაიგივება რეალობის დამახინჯებულ სურათს ქმნის და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს მის მიერ განხორციელებული მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო, თვითნებური ან კონკრეტული პირის უფლებების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. უნივერსიტეტი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და შიდა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო დადგენილი პროცედურები, ეთიკური სტანდარტები და შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს და სრულად იზიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და აცნობიერებს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან ბრალის წარდგენა ავტომატურად არ ადასტურებს მის დანაშაულს. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს უნივერსიტეტის ვალდებულებას, იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის, საკუთარი შიდა რეგულაციებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცალსახად აცხადებს, რომ დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, ისევე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, აქვს უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთების შეფასება – შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში – კომპეტენტური ორგანოების პრეროგატივაა და არა მედიის საშუალებით გავრცელებული ცალმხრივი შეფასებებისა თუ ზეწოლის საგანი.
უნივერსიტეტი მოუწოდებს სტატიის ავტორებსა და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის, ობიექტურობისა და სიზუსტის პრინციპები, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციის გავრცელებისგან და პატივი სცენ უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და თითოეული თანამშრომლის კანონიერ უფლებებსა და პროფესიულ რეპუტაციას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფრთხილებს დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, რომ უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, უნივერსიტეტისა და მისი აკადემიური პერსონალის შესახებ არაზუსტი, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული ინფორმაციის გავრცელებისა და უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების კვლავაც გამოქვეყნების შემთხვევაში, საკითხი განსახილველად გადაეცემა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიას, რომელიც იმსჯელებს აღნიშნული ქმედებების ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისა და მათზე სათანადო რეაგირების საკითხზე“, – აღნიშნულია სტუ-ს განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
9 ნოემბერს გამოცემა „ასავალ-დასავალის” მასალიდან ცნობილი გახდა, რომ დიტო ჩუბინიძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. საუბარია, ეთიკის კომისიის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 22 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ალექსანდრე სიჭინავამ, ეთიკის კომისიას მიმართა და დიმიტრი ჩუბინიძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სიჭინავა წერს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან გახდა ცნობილი, რომ პროკურატურამ ჩუბინიძე „სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა”.
მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გაასაჩივრა. მან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საჩივრით მიმართა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ „მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
ხატიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, უზრუნველყოს საჩივრის განხილვა, გამოავლინოს შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები და კანონით დადგენილი წესით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე პროკურატურამ 2026 წლის 22 ოქტომბერს სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და სახელმწიფო უწყებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ის 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.