სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო.

„სახალხო დამცველი მიმართავს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რათა მიიღოს ინფორმაცია განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ.

სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, მათ შორის, სასამართლო სხდომის დახურვის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენასა და საქმის მასალებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს.” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

9 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ მოსამართლეს მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ აცნობა.

„დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.