აქტივისტების თქმით, გერმანიაში მცხოვრებ 100-ზე მეტ ჩეჩნურ ოჯახს დეპორტაციის საფრთხე ემუქრება

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

გერმანიაში მცხოვრები ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ქალაქ აახენში ჩეჩნების რუსეთში შესაძლო დეპორტაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტების განცხადებით, ამჟამად გერმანიაში მცხოვრებ 100-ზე მეტ ჩეჩნურ ოჯახს დეპორტაციის საფრთხე ემუქრება. გერმანიის ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აქცია 18 ნოემბერს აახენის საიმიგრაციო სამსახურის შენობასთან გაიმართა. მონაწილეებმა მიმართეს გერმანიის მთავრობას, ევროკავშირს, გაეროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოითხოვეს დეპორტაციის შეჩერება იმ შემთხვევებში, როდესაც სამშობლოში დაბრუნება ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

OC Media გერმანიის საიმიგრაციო უწყებებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად საფუძვლიანი იყო აქტივისტების განცხადებები, თუმცა მასალის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიუღია.

ადამიანის უფლებათა დამცველმა და იჩქერიის წარმომადგენელმა როზა დუნაევამ განაცხადა, რომ ისინი მოითხოვენ თითოეული საქმის ობიექტურად და ინდივიდუალურად განხილვას, ლტოლვილებისთვის იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების გათვალისწინებას.

იჩქერია ჩეჩნეთის ხანმოკლე არსებობის მქონე თვითგამოცხადებული სახელმწიფო იყო, რომელიც რუსეთმა 1990-იანი წლებისა და 2000-იანი წლების დასაწყისის განმავლობაში, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად გაანადგურა. ამჟამად მას დევნილი მთავრობა ჰყავს.

„ეს ინფორმაცია ჩვენი წყაროებიდან გვაქვს. ამის შესახებ ეუბნებიან იმ ადამიანებსაც, რომლებიც საიმიგრაციო სამსახურს მიმართავენ. პირადად ვიცნობ ხუთ ოჯახს, რომლებმაც ციხე და წამება გამოიარეს. მათ აიძულებენ, ქვეყანა დატოვონ. [ჩეჩენი მეთაური ზამიდ ჩალაევი] ამბობდა, რომ დახვრეტდა ადამიანებს, რომლებიც „ტერორისტებს ეხმარებოდნენ“. ძირითადად, ცდილობენ იმ ადამიანების დეპორტაციას, რომლებმაც ჩეჩნეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დატოვეს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აქ უკვე 10-20 წელია ცხოვრობენ“, – განუცხადა დუნაევამ OC Media-ს.

დუნაევამ ყურადღება გაამახვილა საიდ აბუევისა და მუსლიმ ალხაზოვის შემთხვევებზე. მისი თქმით, ორივე მათგანმა ნოემბერში გერმანიის დატოვების შესახებ ოფიციალური ბრძანება მიიღო. დუნაევას განცხადებით, ორივე მამაკაცი ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ „გასანადგურებელ პირთა სიაშია“ და ჩეჩნეთიდან მუქარებიც მიუღიათ. იჩქერიის წარმომადგენლებმა დეპორტაციის შეჩერების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

დუნაევას ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისიდან ევროპული ქვეყნებიდან რუსეთში ჩეჩნეთის სულ მცირე 35 მკვიდრის დეპორტაცია განხორციელდა. მისი თქმით, მათგან 15 გერმანიიდან გააძევეს. დუნაევას განცხადებით, დეპორტირებული პირები რუსეთში საქართველოს, სერბეთისა და თურქეთის გავლით გადაიყვანეს.

დამოუკიდებელი გამოცემა New Dosh Media-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლის დასაწყისიდან გერმანიამ რუსეთში რუსეთის 246 მოქალაქე გააძევა. გერმანიის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, მათგან რამდენი იყო ჩეჩენი.

სექტემბერში დუნაევამ გერმანიიდან შვიდი ჩეჩენის დეპორტაციის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ყველა მათგანს თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი და გერმანიის ხელისუფლებისთვის ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარედგინა. ისინი გერმანიაში სამიდან ხუთ წლამდე ცხოვრობდნენ, თუმცა დაცვაზე უარი მიიღეს. უარის მიზეზები საჯაროდ არ გამჟღავნებულა.

მანამდე, აგვისტოში, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა დეპორტაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს ბერნში, გერმანიის საელჩოსთან და ევროპის სხვა ქალაქებში მდებარე გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. 21 ოქტომბერს მსგავსი აქცია ვენაშიც გაიმართა. მონაწილეებმა გერმანელ დიპლომატებს მიმართვა გადასცეს, რომელშიც თავშესაფრის მოთხოვნების საფუძვლიანად განხილვას და იმ ადამიანების იმ ქვეყნებში დაბრუნებისგან თავის შეკავებას ითხოვდნენ, სადაც მათ წამება ან დევნა ემუქრებათ.

გერმანიის მიგრაციის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, რომელიც New Dosh-მა გამოაქვეყნა, 2023 წელს თავშესაფრის მაძიებელ ჩეჩნებს შორის დაცვის სტატუსი მხოლოდ 21.1%-მა მიიღო, ხოლო 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იყო, რაც ხუთჯერ შემცირებას ნიშნავს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩეჩნეთიდან ჩასული პირების განაცხადები გერმანიაში რუსეთის მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მოთხოვნების საერთო რაოდენობის ნახევრიდან თითქმის სამ მეოთხედამდე შეადგენდა. 2023 წელს გერმანიის ხელისუფლებამ ჩეჩნეთიდან ჩასული პირების თავშესაფრის 6 473 განაცხადი მიიღო.

გერმანიის პარლამენტის წევრების შეკითხვის პასუხად გერმანიის მთავრობამ აღიარა, რომ ჩეჩნეთის მკვიდრები რუსეთში განსაკუთრებული საფრთხეების წინაშე დგანან. მათ შორისაა წამება, გატაცება და ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან დევნა. ამასთან, გერმანიის ხელისუფლება ზოგიერთ ჩეჩენ განმცხადებელს რისკჯგუფს მიაკუთვნებს ისლამისტურ რადიკალიზაციაში ეჭვმიტანის გამო.

ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების უსაფრთხოების საკითხი საერთაშორისო დონეზეც განიხილება. აგვისტოში დიასპორის წარმომადგენლებმა ეს თემა ეუთოს წამების პრევენციისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე წამოჭრეს. მაშინ დუნაევამ განაცხადა, რომ ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში მისთვის ცნობილი გახდა კავკასიიდან სულ მცირე 21 ადამიანის შესახებ, რომლებიც რუსეთში დეპორტაციის შემდეგ მოკლეს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული non-refoulement-ის, ანუ გაძევებისა და იძულებითი დაბრუნების აკრძალვის პრინციპი. ეს პრინციპი კრძალავს ადამიანის იმ ქვეყანაში დაბრუნებას, სადაც მას წამების, დევნის ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების საფრთხე ემუქრება. დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კი აუცილებელია თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.